პარლამენტში ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმინეს

1 week ago 15

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 19 აპრილს ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს. ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ დასმული შეკითხვები ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის  ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებულ და პრევენციულ ღონისძიებებს, ასევე, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირდებოდა. თუმცა, ეს კითხვები „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და პოლიციის მიერ ოპოზიციონერი დეპუტატის, რომელსაც იმუნიტეტი იცავს, სავარაუდო ცემის თემებმა გადაფარა.

ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მინისტრს მიმართა და მისგან განმარტება მოითხოვა აქციების დროს დაკავებებსა და ცემის ფაქტებზე, რომელთა შორის „ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივნი ირაკლი კუპრაძეც იყო. გაფრთხილების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილის ბრძანებით სამადაშვილი პლენარულ სხდომათა დარბაზიდან გააძევეს.

სხდომა მწვავე ურთიერთბრალდებების ფონზე გაგრძელდა, რა დროსაც ოპოზიციონერ დეპუტატებს მიკროფონები გამოურთეს მას შემდეგ, რაც მათ შინაგან საქმეთა სამინისტრო საპროტესტო აქციების დროს მისი ქმედებების გამო გააკრიტიკეს.

აქციები „რუსული კანონის“ წინააღმდეგ

„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე საუბრისას მინისტრმა განაცხადა, რომ საზოგადოებამ დაინახა, როგორ გადაიზარდა მშვიდობიანი აქცია ძალადობრივ ქმედებებში. მისი თქმით, საპროტესტო აქციის მსვლელობისას, მონაწილეთა ნაწილი ძალოვანი სტრუქტურების მიმართ აგრესიული გახდა, ესროლეს სხვადასხვა ნივთები, მათ შორის ქვები, ბოთლები, შეასხეს საღებავი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებს და არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოითხოვნას.

მინისტრის თქმით, აქციის დროს ხუთი პოლიციელი დაშავდა, მათგან ორი საავადმყოფოში გადაიყვანეს „მძიმე დაზიანებების“ გამო. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ადმინისტრაციული ბრალდებით სულ 40 დემონსტრანტი დააკავეს.

გომელაურმა განაცხადა, რომ „გარკვეულმა ძალებმა“ გამოიყენეს ყველა მეთოდი სიტუაციის ესკალაციის „მიზნის“ მისაღწევად.

დეპუტატის ცემა აქციის დროს

პარლამენტის დღევანდელი სხდომის დასაწყისში ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ მინისტრს დეპუტატ ალეკო ელისაშვილის საქმეზე კომენტარი სთხოვა. მინისტრმა გომელაურმა მხოლოდ ის უპასუხა, რომ ინციდენტი „სამწუხაროა“. მოგვიანებით ინტერპელაციის დროს იგი კვლავ მიუბრუნდა ამ თემას და განაცხადა, რომ წუხს მომხდარის გამო და რომ „გამოძიება დაიწყო. შეფასებების გაკეთება არ მინდა… დაველოდოთ“.

ინტერპელაციის დროს დასმული კითხვები

ინტერპელაციის დროს მინისტრმა შვიდი ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ წერილობით წარდგენილ რვა კითხვაზე პასუხები წაიკითხა. კითხვები ეხებოდა რიგ საკითხებს, მათ შორის სამინისტროს პასუხს ოჯახში ძალადობასა და ქალთა მიმართ ძალადობაზე დაგვიანებულ რეაგირებას; უწყებათაშორის თანამშრომლობას ამ პრობლემის წინააღმდეგ; სამინისტროს პოლიტიკას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის ჩამდენი თანამშრომლების მიმართ; მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების საქმიანობას; ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის საქმიანობას; და სამინისტროს ძალისხმევას ნარკოდანაშაულთან საბრძოლველად.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა