პენალტი აიღო, MVP გახდა - მამარდაშვილის მაგარი თამაში ვილიარეალთან

2 months ago 59
  • ვილიარეალი 1:0 ვალენსია
  • მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

ესპანეთის ლა ლიგის 29-ე ტურში ვალენსიამ ვილიარეალთან დერბი წააგო, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა შესანიშნავად ითამაშა.

"ღამურებმა" 0:1 წააგეს, ანგარიშის სხვაობა გაცილებით მეტი რომ არ იყო, ეს ქართველი მეკარის დამსახურებაა, რომელმაც 6 დარტყმა მოიგერია და მხოლოდ ერთხელ ვერ გახდა ვერაფერს.

გიორგის მთავარი მომენტი 39-ე წუთზე იყო, როდესაც ვალენსიელთა კარში პენალტი დაინიშნა. ალექს ბაენას დარტყმა მამარდამ კარის ხაზზე ცალი ხელით გააქვავა! ქართველისთვის ეს მეორე პენალტია, რომელიც ლა ლიგაში მოიგერია. მან ვალენსია ამ შეხვედრის სტარტზეც იხსნა: მე-13 წუთზე ზედიზედ ორჯერ აჯობა მეტოქეებს. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მამარდაშვილი მატჩის MVP

53-ე წუთზე მამარდაშვილმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა, როდესაც ისევ ზედიზედ ორი კარგი სეივი მიითვალა. თუმცა, მომდევნო შეტევაში ვერაფერი გააწყო და ხორხე კუენკამ გაუტანა. ამ გოლმა მატჩის ბედი გადაწყვიტა. თამაშის მიწურულს ვალენსიელთა ქართველმა მეკარემ კიდევ ერთხელ აიღო მაგარი ბურთი, თუმცა, მისი გუნდი შეტევაში ძალიან ინერტული იყო და უქულოდ დარჩა.

სამაგიეროდ, ლა ლიგამ დააფასა გიორგის გარჯა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ასე რომ, საქართველოს ნაკრებში მამარდაშვილი კარგ ფორმაში მოდის. მას ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 28 მატჩში 32 გოლი აქვს გაშვებული, 9-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

ვალენსია 40 ქულით მე-8 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 30 მარტს, მალიორკას "მესტალიაზე" უმასპინძლებს.

სრულად წაკითხვა