საქართველოს პროკურატურამ ორი პირი დააკავა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით.
პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების მიხედვით ერთმა დაკავებულმა უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა დაზარალებულის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, ხოლო მეორე კი ამ ვიდეოს უკანონოდ ინახავდა.
ორივე 18 ოქტომბერს დააკავეს.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინებათ, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებას, შენახვას ან გავრცელებას გულისხმობს და 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა სასამართლოს მიმართავს დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით.