პოიეტის გუნდი - როგორ თამაშობს საბერძნეთი და როგორ უნდა ეთამაშოს ჩვენი ნაკრები

1 month ago 65
  • 📅 26 მარტი | 🏟 დინამო არენა | ⌚ 21:00 | ⚽ საქართველო V საბერძნეთი
  • ამ ფორმაციის საბერძნეთი ბევრად უფრო შემტევი გუნდია, ვიდრე ადრე იყო
  • ყველაზე სახიფათო მოთამაშეები (ციმიკასი, მასურასი) ფლანგებზე მოქმედებენ
  • განსაკუთრებით აქტიური საბერძნეთის ნაკრების მარჯვენა ფლანგია
  • საქართველოს ნაკრები სტანდარტების დროს ფრთხილად უნდა იყოს

ზეიმის პროცესში, ლუქსემბურგთან გამარჯვების საღამოსვე, ცოტა სიფრთხილის და შეშფოთების განცდა ყველას შემოგევეპარა. საბერძნეთმა პირველივე ტაიმში 4 გოლი გაიტანა და არცთუ ყველაზე ხელწამოსაკრავ ყაზახეთთან, რთული ბრძოლის ნაცვლად, იოლი გასეირნება მოიწყო.

ბერძნების გამარჯვებას კი ველოდებით, თუმცა პლეი ოფებს და მსგავსი მნიშვნელობის თამაშებს სიმძიმე და ბრძოლა ახლავს ხოლმე თან. რაც უნდა მეტოქეზე ძლიერი იყო, ბევრი გოლი და ლაღი თამაში ჭირს. საბერძნეთის გამარჯვება სერიოზული განაცხადი იყო - ამ გუნდის ფორმაში ყოფნასაც ნიშნავს, კარგი განწყობით ჩამოსვლასაც, შემტევ პოტენციალსაც და იმასაც, რომ ეს გუნდი უფრო ძლიერია, ვიდრე თავიდან, ერთი შეხედვით ჩანდა.

ახალი ეპოქა - ისტორია და რეალობა

ისტორიულად, ბერძნული ფეხბურთი დაცვასთან, კომპაქტურობასთან და უკნიდან, 1:0-ზე თამაშთან ასოცირდება. ბერძნების ამ ფორმაციის გუნდს ეს უნარი არ დაუკარგავს. თუმცა, ყაზახეთთან 5 გოლი შემთხვევითი არ არის. მანამდე, ბერძნებმა ორი გოლი საფრანგეთთანაც შეაგდეს, ორი გაიტანეს გასვლაზე ირლანდიასთან. "ევროპოპთან" ინტერვიუში ნიკოს მახლასმა - 90-იანების კარგმა ბერძენმა ფორვარდმა, სათამაშო სტილის ცვლილება, წინა მწვრთნელს, ნიდერლანდელ ჯონ ვან’ტ სხიპს დაუკავშირა.

გუსტავო პოიეტის ხელში საბერძნეთი უფრო შემტევი გუნდია

შესაძლოა, სისტემა ვან’ტ სხიპმა შექმნა, თუმცა შედეგები უკვე მოქმედი მწვრთნელის, გუსტავო პოიეტის ხელში მოვიდა. ვან’ტ სხიპის საბერძნეთი იყო ის გუნდი, რომელთანაც ბოლოს მსოფლიოს შესარჩევში ვითამაშეთ. იმ გუნდმა 8 თამაშში 8 გოლი შეაგდო, 8 გოლი გაუშვა და 4 მატჩი ფრედ დასრულა. მაშინ საბერძნეთმა საქართველოსთანაც უფრო მისთვის ტრადიციული სტილით ითამაშა. ათენში ვაჯობეთ კიდეც, ბურთიც ჩვენი იყო და სათამაშო უპირატესობაც. ბათუმში, ბოლო წუთზე გატანილი გოლებით მოგვიგეს. სტილის თვალსაზრისით, ის საბერძნეთი რევოლუციურად განახლებულად ჯერ კიდევ არ გამოიყურებოდა.

პოიეტის ხელში საბერძნეთს 21 თამაშში 35 გოლი აქვს გატანილი და ბურთების სხვაობა +20 აქვს. იდეაში, ბოლო პერიოდში ეს გუნდი მხოლოდ ნიდერლანდებთან და საფრანგეთთან დამარცხდა. ბოლო შესარჩევში ამ ორ გრანდთან ერთად ჯგუფში 8 თამაშში 13 ქულა აიღო.

'ახლანდელი გუნდი უფრო შემტევია, თანაც იმის ფონზე, რომ ტრადიციული დაცვა, ორგანიზებულობა და გუნდურობა არ დაუკარგავს.'

ყაზახეთთან საბერძნეთს ბურთი 63 პროცენტით ეჭირა, მიუხედავად იმისა, რომ ორი სწრაფი გოლი გაიტანა და მეტოქის კარისკენ 21-ჯერ დაარტყა. გუნდმა ძალიან დომინანტური შეხვედრა ჩაატარა.

ვან’ტ სხიპს საბერძნეთის ნაკრებში თამაშების 42 პროცენტი ჰქონდა მოგებული, პოიეტს, რომელიც გუნდში ორ წელიწადზე მეტია, 57%-ში აქვს გამარჯვება მოპოვებული. ახლანდელი გუნდი უფრო შემტევია, თანაც იმის ფონზე, რომ ტრადიციული დაცვა, ორგანიზებულობა და გუნდურობა არ დაუკარგავს.

სქემა და შემადგენლობა

საბერძნეთის შემადგენლობა ძალიან მატყუარაა. რომ შეხედავ, თითქოს დიდი არაფერი. თუ ფეხბურთის სისტემატიური გულშემატკივარი არ ხარ, ლივერპულის ციმიკასის გარდა, იქ შეიძლება ნაცნობი გვარი ვერც ნახო. თუმცა, პრობლემა ის არის, რომ ამ გუნდის საშუალო დონეა საკმაოდ მაღალი. ჩვენს ნაკრებთან შედარებით, ნამდვილად უფრო მაღალია.

შესაძლოა, საბერძნეთს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კალიბრითა და კლასით ახლოს იდგებოდა ხვიჩა კვარაცხელიასთან, მაგრამ საერთო ჯამში, უფრო ძლიერი შემადგენლობა ყავს.

ხვიჩას ბერძნებისთვის გოლი მუნდიალის შესარჩევში სტუმრად აქვს გატანილი

დაცვის ცენტრში ვესტ ჰემის მავროპანოსი და კალიარის ჰაძიდიაკოსი თამაშობენ, შუა და წინა ხაზში - თურქეთის სუპერლიგის და ორი ყველაზე დიდი ბერძნული გუნდის, პანათინაიკოსის და ოლიმპიაკოსის ფეხბურთელები. შესაძლოა, პანათინაიკოსი და ოლიმპიაკოსი ევროპული ფეხბურთის გრანდებად არ მიიჩნევიან, თუმცა საკმაოდ მაღალი დონის გუნდები არიან. მათი მოთამაშეები, თუნდაც მაგალითად, იოანიდისი და მასურასი, ჩვენი ნაკრების სტანდარტისთვის ხელწამოსაკრავნი ნამდვილად არ არიან. იოანიდისის წყალობით, მაგალითად, სკამზე ზის და თამაში ნაკლებად უწევს ამ სეზონში ნიდერლანდური ერედივიზიეს საუკეთესო ბომბარდირს - პავლიდისს.

ოლიმპიაკოს-პანათინაიკოსის პრაქტიკა იმასაც ნიშნავს, რომ სეზონში რამდენჯერმე უწევთ გიჟური ათენური დერბის თამაში, სავსე და ფანატიკური ტრიბუნებით, პიროტექნიკით, მოედანზე ბრძოლის და ომის გარემოთი. ლუქსემბურგთან ჩვენი ტრიბუნები მართლა მეთორმეტე მოთამაშე იყო და მეტოქეს მთელი პირველი ტაიმი დასჭირდა, თავი რომ ეპოვა. საბერძნეთის ასე შეშინება ბევრად რთული იქნება - ასეთ თამაშებში გაცილებით გამოცდილი გუნდია. ბერძნული ფეხბურთის საკმაოდ ბინძური, მოჭიდავე, დაცვითი და ბრძოლისუნარიანი ხასიათიდან გამომდინარე, ასეთი ტიპის თამაშების სისტემატური გამოცდილება აქვთ.

ჰამბურგი, დორტმუნდი და გელზენკირხენი - თუ ევროპის ჩემპიონატზე გავალთ,
ნაკრები ჯგუფური ეტაპის მატჩებს სწორედ ამ ქალაქებში გამართავს

საბერძნეთი ძირითადად 4-3-3 სქემით თამაშობს. პოიეტს სხვა ვარიანტიც აქვს - 3-5-2, რომელიც მაგალითად, საფრანგეთთან საშინაო შეხვედრაში გამოიყენა. მისთვის ეს უფრო დაცვითი ვარიანტია. გამომდინარე იქიდან, რომ ყაზახეთთან პოიეტის გუნდმა თითქმის იდეალური მატჩი ჩაატარა, ძალიან გამიკვირდება, შემადგენლობა, მით უმეტეს, სქემა რომ შეცვალოს.

'საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მეტოქეს ბევრი სტანდარტის შესრულების საშუალება არ მისცეს'

რთული მატჩი იქნება ბუდუ ზივზივაძისთვის. მის წინააღმდეგ ალბათ ძირითადად მავროპანოსი ითამაშებს - 194 სანტიმეტრის სიმაღლით და პრემიერლიგური ათლეტიზმით და გამოცდილებით. ზოგადად, ბერძნების დაჩაგვრა ჯანით, ათლეტიზმითა და მიწოლით ძნელია. პირიქით, ეს უფრო მათი ძლიერი მხარეა. განსაკუთრებით სახიფათო კი ეს გუნდი სტანდარტებზეა. ამ დროს ყველაზე მეტად ლივერპულის კონსტანტინოს ციმიკასის ცაციაა სახიფათო. ციმიკასი შეიძლება პრემიერლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოც იყოს სტანდარტების მოწოდების დროს. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მეტოქეს ბევრი სტანდარტის შესრულების საშუალება არ მისცეს - თითოეული ჯარიმა ან კუთხური საბერძნეთთან უფრო სახიფათო შეიძლება იყოს, ვიდრე სხვა მოწინააღმდეგესთან.

მავროპანოვს ამ სეზონში პრემიერლიგის 14 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი

ციმიკასი ბურთს ხშირად იჭერს, ფეხში იჩერებს, დრიბლინგით მოდის წინ. ყაზახეთთან თავის გუნდში ყველაზე მეტი, 90 შეხება ჰქონდა ბურთთან, მეორე ადგილზე იყო პასების რაოდენობით (50 გადაცემა 90 პროცენტიანი სიზუსტით). ციმიკასი თითქოს გუნდის ერთ-ერთი გამთამაშებელია, ოღონდ, ამას გამთამაშებლისთვის არასტანდარტულ პოზიციაზე განლაგებული, მარცხენა ფლანგიდან აკეთებს.

ამის მიუხედავად, ბერძნებისთვის უფრო აქტიური მარჯვენა ფლანგია. ყაზახეთთან თამაშის დროს თავისი შეტევების 47% საბერძნეთმა მარჯვენა ფლანგიდან განახორციელა, მარცხნიდან ამის მხოლოდ ნახევარი - 24% (29% ცენტრიდან). ამის მიზეზი ის არის, რომ შეტევებში კარგად ერთვება მარჯვენა მცველი, წარმოშობით ინგლისელი ბოლდოკი, შეფილდიდან. ასევე მარჯვენა ფლანგზეა განლაგებული საბერძნეთის შეტევაში ალბათ ყველაზე სახიფათო მოთამაშე, ოლიმპიაკოსის მასურასი. მასურასმა ყაზახეთთან ორი საგოლე პასი შეასრულა, მათ შორის მესამე გოლის დროს იოანიდისს ცარიელ კარში გაატანინა.

30 წლის მასურასს 40 სანაკრებო მატჩში 9 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს

ორი საგოლე პასიც ციმიკასის იყო. ბერძნების შეტევის ორგანიზების დროს, ფლანგებზე ეს ორი მოთამაშე განსაკუთრებით სახიფათოა. მასურასს ძალიან კარგი პასი აქვს და წინა თამაშში 6-ჯერ გაიყვანა თანაგუნდელები დასარტყმელ პოზიციაზე. ციმიკასმა ეს 4-ჯერ გააკეთა. ბერძნებმა პასის შემდეგ ყაზახეთთან სულ 14 დარტყმა შეასრულეს და ამ პასებიდან 10 ან მასურასის იყო, ან ციმიკასის.

საქართველოს ნაკრებისთვისაც უფრო აქტიური მარცხენა ფლანგია - შენგელიას გარდა, აქეთ იწევენ კვარაცხელია და ჩაკვეტაძე. ანუ, ამ ფლანგზე ერთმანეთს ორივე გუნდის მთავარი შემტევი აქტივები დაუპირისპირდებიან. ამ ფლანგზე ჩვენმა შეტევაზე ორიენტირებულობამ ის არ უნდა გამოიწვიოს, რომ უკან სივრცეები დაგვრჩეს. ლუქსემბურგთან გაშვებული და შემდეგ არჩათვლილი გოლის ეპიზოდი ამ ფლანგიდან დაიწყო.

'საქართველოს პრესინგის ძირითადი სამიზნე სწორედ მავროპანოსი უნდა იყოს და თუკი შეტევის დაწყება ჰაძიდიაკოსის საქმე იქნება, ეს ჩვენთვის უკვე წარმატებაა.'

შეტევების დაწყების დროს ხსენებული მავროპანოსია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. საბერძნეთს ორი განსხვავებული ცენტრალური მცველი ჰყავს - მავროპანოსი ბურთით კარგად არის და შეტევის დაწყება ძირითადად მისი საქმეა. მეორე ცენტრალური მცველი, ჰაძიდიაკოსი, პირიქით, ბურთით არცთუ საუკეთესოა. საქართველოს პრესინგის ძირითადი სამიზნე სწორედ მავროპანოსი უნდა იყოს და თუკი შეტევის დაწყება ჰაძიდიაკოსის საქმე იქნება, ეს ჩვენთვის უკვე წარმატებაა. რომ შევადაროთ ამ ორი მოთამაშის შეტევის დაწყების უნარი, მავროპანოსს ყაზახეთთან 62 გადაცემა ჰქონდა - თავის გუნდში ყველაზე მეტი, თანაც 95%-იანი სიზუსტით. ჰაძიდიაკოსს ამის დაახლოებით ნახევარი ჰქონდა - 37 გადაცემა.

ბერძენთა გუნდის ლიდერი ტასოს ბაკასეტასია

მასურასთან და ციმიკასთან ერთად, შეიძლება მათზე მეტადაც, გუნდის ლიდერი ტასოს ბაკასეტასია, პანათინაიკოსიდან. პოიეტის 4-3-3-ში ბაკასეტასი ცენტრში თამაშობს - სამ ნახევარმცველს შორის, საყრდენზე წინ, ოდნავ მარჯვნივ. პოიეტს კლასიკური 4-3-3 აქვს, საყრდენი და მის წინ ორი მოთამაშე, ოდნავ მარჯვნივ და მარცხნივ.

ბასაკესატასი მარჯვნიდან თამაშობს, მარცხნიდან აეკ-ის პეტროს მანტალოსი დგას. ამ მოთამაშეებს განსხვავებული სტილი აქვთ. მანტალოსი უფრო დაცვითი ტიპის მოთამაშეა, ამიტომ უფრო უკან რჩება და ნომინალურ საყრდენ დიმიტრიოს კურბელისთან ერთად, მეორე დაცვითი ნახევარმცველია. ბაკასეტასი პირიქით, აქტიური და შეტევაზე ორიენტირებულია. წინ მიდის და ფლანგსაც აქტიურად ეხმარება. კარგია დრიბლინგში და ეხერხება პასში თამაში (ყაზახეთთან გუნდის ლიდერი იყო შედეგიანი დრიბლინგის რაოდენობით და 50 პასით მეორე-მესამე შედეგი ჰქონდა გუნდში). ბაკასეტასის წყალობით, შეტევის დროს საბერძნეთი 4-2-4 განლაგებას იღებს.

ფუნდამენტური მნიშვნელობა ექნება ჩვენი გუნდისთვის ლევან შენგელიას ფაქტორს

ბაკასეტასის ფაქტორიც იმას ნიშნავს, რომ მეტოქის შეტევის დროს აქცენტი საბერძნეთის მარჯვენა, ანუ ჩვენი დაცვის მარცხენა ფლანგზე გაკეთდება. ფუნდამენტური მნიშვნელობა ექნება ჩვენი გუნდისთვის ლევან შენგელიას ფაქტორს. ასევე, თუ როგორ დაეხმარება შენგელიას მარცხენა ცენტრალური მცველი, სავარაუდოდ, დვალი. ბერძნების ყველაზე სახიფათო მოთამაშეები, ბაკასეტასი და მასურასი, მათ ზონაში ითამაშებენ. ციმიკასის და მისი სტანდარტების გარდა, ეს იქნება ბერძნებისთვის მთავარი იარაღი.

საბერძნეთი სწრაფი და დინამიური გუნდია და ძალიან კარგად უტევს სივრცეში. საქართველომ აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს კომპაქტურობა. საბერძნეთს ყაზახეთთან სულ 30 სახიფათო შეტევა ჰქონდა, საიდანაც 21 დარტყმით დასრულდა. პოიეტის გუნდი, როდესაც სივრცეში უტევს, ძალიან სახიფათოა და კარგად ახერხებს მომენტის შექმნას და დარტყმას.

ის, რაშიც საქართველოს უპირატესობა შეიძლება და უნდა ჰქონდეს, ეს ბურთის ფლობაა. შუა ხაზში საბერძნეთი ყველაზე ტექნიკური გუნდი ნამდვილად არ არის.

საბერძნეთი სწრაფი და დინამიური გუნდია და ძალიან კარგად უტევს სივრცეში

ჩვენ რა ვქნათ?!

ამ საბერძნეთთან თამაში არც აშკარა მეორე ნომრად გამოვა, გამომდინარე იქიდან, რომ სტანდარტებზე სახიფათო გუნდია და გოლები გააქვს. იმის იმედად ყოფნა, რომ მათი შეტევა ჩვენს დაცვას ვერაფერს მოუხერხებს, არ შეიძლება. არც ის გამოვა, რომ დიდი ძალებით შევუტიოთ, სივრცეები დავტოვოთ და მეტოქეს კონტრშეტევების საშუალება მივცეთ. ესეც კარგად გამოსდით. ეს ალბათ კიდევ უფრო სახიფათო სცენარია.

საქართველომ ალბათ ბურთი მაქსიმალურად უნდა დაიჭიროს, კომპაქტურობა არ დაკარგოს, სივრცეები არ დატოვოს და იყოს იმის იმედად, რომ არასტანდარტული მოქმედება, მოულოდნელად გოლის გატანა და ინდივიდუალიზმი უფრო ჩვენი საქმეა.

მეტი ნაკრების თემაზე

არის სხვა ფაქტორიც. ძალიან მეეჭვება, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთვის ბერძნებმა ბევრი სივრცის შექმნა მოინდომონ. შესაბამისად, აქტიურ პრესინგზე ალბათ არ წამოვლენ. ეს უკანა ხაზში, სულ მცირე, ერთი მოთამაშის უპირატესობას და ბურთის დიდხანს გათამაშების საშუალებას მოგვცემს. ჩვენი მეტოქე რთული გუნდია, თუმცა არა ისეთი, რომლის ერთ თამაშში დამარცხება არ შეგვიძლია...

სრულად წაკითხვა