ჩხუბი 7 ივნისს მოხდა თბილისში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში. შსს-ის გამოძიების ვერსიით:
- რესტორანში დაწყებული შელაპარაკება, იმავე რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა
- დაპირისპირებაში ჩართული იყო რამდენიმე ადამიანი. შსს მხოლოდ მათს ინიციალებსა და დაბადების წლებს ასახელებს.
- დაღუპულია 38 წლის კაცი, ინიციალებით ა.ყ.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ჩხუბის მონაწილე სამი ადამიანი დაკავებულია. კადრებში სულ შვიდი ადამიანი ჩანს. შსს-ის ცნობით, ჩხუბში ოთხი მათგანი მონაწილეობდა - ორი ორის წინააღმდეგ.
დაპირისპირების შესახებ გამოძიების ვერსია ასეთია:
27 წლის ს.უ. და 29 წლის დ.ს. სხვეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის თავის არეში დაზიანებები მიაყენეს აწ-გარდაცვლილ ა.ყ.-ს, მან კი ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა მათ.
დაღუპულის თანმხლებმა პირმა, - მისი ინიციალებია ი.ტ., - „ფიზიკურად იძალადა“ დანარჩენ ორზე - ს.უ-სა და დ.ს.-ზე.
ჩხუბის შემდეგ, შსს-ის თანახმად, „როგორც კონფლიქტში მონაწილე, ისე შემსწრე პირებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს“, მოგვიანებით კი ინციდენტში მონაწილე ყველა პირი გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში მიიყვანეს.
„საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს შენობაში მყოფი ა.ყ. დროის მოკლე პერიოდში გახდა შეუძლოდ და გონება დაკარგა. სამართალდამცველებმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება დაუყოვნებლივ გამოიძახეს და სტაციონარში გადაიყვანეს... სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებიდან 2 დღეში ა.ყ. გარდაიცვალა“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე 11 ივნისს.
მისი თქმით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია სპეციალური საგამოძიებო სამსახური.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა სამსახურის პრესცენტრს დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით. პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.
შსს-მ კი გამოძიება „ორი პირის სხეულის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით“ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც სხეულის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.