პრეზიდენტი ზურაბიშვილი არჩევნებისთვის „ძლიერი საქართველოსა“ და გახარიას პარტიის გაერთიანებას აანონსებს

1 month ago 32

16 სექტემბერს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორი ოპოზიციური ძალის – „ძლიერი საქართველოსა“ და ექს-პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ გაერთიანება დაანონსა.  პრეზიდენტმა ორივე ძალა 17 სექტემბერს ორბელიანების სასახლეში გაერთიანების გასაფორმებლად მიიწვია.

მისი თქმით, „პოზიტიური, მესამე ცენტრი“ უნდა შეიქმნას ოპოზიციური ამომრჩევლისთვის, რათა მათთვის არჩევანის გაკეთება უფრო გამარტივდეს. პრეზიდენტმა, ერთი მხრივ, დაასახელა „ძლიერი საქართველო“, რომელიც „ლელოს“,  ანა დოლიძის „ხალხისთვის“, „მოქალაქეებსა“ და „თავისუფლების მოედანს“ აერთიანებს, ხოლო მეორე მხრივ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მან კონსულტაცია ყველა ძალასთან გაიარა და აღნიშნა, რომ ისინი შეძლებენ გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც საზოგადოების სრული მობილიზაციისთვის იმპულსს შექმნის.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი მიესალმება ამ ორი ძალის მზადყოფნას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ იცის, რომ ისინი მზად არიან და სურვილი აქვთ, რომ გაერთიანდნენ.

„საზოგადოება, დარწმუნებული ვარ, თქვენგან სწორედ ამას ელოდება“, – დასძინა პრეზიდენტმა.

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა