პრემიერლიგური შოუ ენფილდზე - ლივერპულმა და სიტიმ ქულები გაიყვეს

2 months ago 37
  • ლივერპული 1:1 მანჩესტერ სიტი
  • კლოპის და გვარდიოლას ბოლო პრემიერლიგური მატჩი სანახაობრივი და დრამატული იყო 

ისტორიულ მატჩში, რომელიც ენფილდზე ლივერპულსა და მანჩესტერ სიტის შორის გაიმართა, გუნდებმა ქომაგებს საოცარი და სანახაობრივი მატჩი აჩუქეს, რომელიც 1:1 დასრულდა. ამ ორი გუნდის დაპირისპირების დროს არასდროს ვყოფილვართ მოკლებული ნამდვილ შოუს, მაგრამ ყველაფერთან ერთად, პრემიერლიგაში ეს იურგენ კლოპისა და პეპ გვარდიოლას დაპირისპირება იყო.

28-ე ტურის მატჩი ძალიან მაღალი ტემპით დაიწყო და პირველ ტაიმში ორივე გუნდი ახერხებდა მომენტების შექმნას. საწყის წუთებში უპირატესობა სიტის ჰქონდა, თუმცა, მერსისაიდელი მცველების წყალობით მოქმედი ჩემპიონები ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმას ვერ ახერხებდნენ და კივირ კელეჰერსაც ბურთების მოგერიება არ გაუჭირდა. შემდეგ უპირატესობას ლივერპული დაეუფლა და სახიფათოდაც უტევდა, მაგრამ კლოპის გუნდმა დაწინაურება ვერ შეძლო.

სტოუნსმა მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა

23-ე წუთზე კევინ დე ბრუინმა კუთხურის დროს უმაღლესი საფეხბურთო IQ კვლავ გამოავლინა და ახლო ძელთან ჭკვიანური პასი ჯონ სტოუნსს გაუკეთა, რომელმაც ყველას დაასწრო და ანგარიშიც გახსნა. ამის შემდეგ გოლის გატანა ორივე გუნდს შეეძლო - დომინიკ სობოსლაიმ ჰარვი ელიოტის ჩაწოდების შემდეგ ახლო მანძილიდან თავით ზუსტად კარში ვერ დაარტყა, მომენტი ჰქონდა ერლინ ჰაალანდსაც, რომელიც ვირჯილ ვან დაიკთან ერთი-ერთზე აღმოჩნდა, დასარტყმელ პოზიციაზეც გავიდა, მაგრამ ნიდერლანდელმა მცველმა მას ხელი მაინც შეუშალა და სიტის ფორვარდის დარტყმაც კელეჰერს ხელებში მიუვიდა.

მეორე ტაიმი ლივერპულისთვის შესანიშნავად დაიწყო - აკეს შეცდომით დარვინ ნუნიესმა ისარგებლა, რომელმაც ედერსონს ბურთზე თამაში დაასწრო და პენალტი გამოიმუშავა. თერთმეტმეტრიანი ზუსტად ალექსის მაკ ალისტერმა გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა. დარვინისა და ედერსონის შეჯახების შედეგად, ბრაზილიელმა მეკარემ ტრავმა მიიღო, რის გამოც მას თამაშის ნაადრევად დატოვება მოუწია და მის ნაცვლად ორტეგა ჩადგა.

დარვინის მოპოვებული პენალტი მაკ ალისტერმა გამოიყენა

გოლის შემდეგ ლივერპულის უპირატესობა გამოიკვეთა და არაერთი მომენტიც შექმნა. შეცვლაზე შემოსულმა სალაჰმა გრძელი პასით მეკარესთან პირისპირ ლუის დიასი გაიყვანა, რომელმაც 100%-იანი მომენტი ვერ გამოიყენა, რამდენიმე წუთში კვლავ მას შეეძლო გატანა, თუმცა, დარვინის პასის შემდეგ ბურთი კარგად ვერ დაამუშავა. 89-ე წუთზე დოკუმ ვერ გამოიყენა თავისი შანსი, რომელმაც ბურთი ძელს გაარტყა. ბოლო წუთზე მთავარმა მსაჯმა, მაიკლ ოლივერმა საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო - დოკუ გაშლილი ფეხით მაკ ალისტერზე წავიდა და მას მუცელში ჩაარტყა, მაგრამ პენალტი არ დაინიშნა საბოლოო ჯამში, ისევე როგორც მანჩესტერში, შეხვედრა აქაც ფრედ 1:1 დასრულდა.

ამ ფრის შემდეგ ლივერპული 64 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება, სიტი კი მესამეზეა 63 ქულით. შეგახსენებთ, რომ პირველ ადგილზე მყოფ არსენალს ასევე 64 ქულა აქვს, უბრალოდ ლონდონელები მერსისაიდელებს ბურთების უკეთესი სხვაობით სჯობნიან. შემდეგ მატჩს კლოპის გუნდი 31 მარტს სახლში ბრაიტონთან გამართავს, სიტი კი არსენალს უმასპინძლებს.

ლივერპული 1:1 სიტი

გოლები: 0:1 სტოუნსი (23), 1:1 მაკ ალისტერი (50).

სრულად წაკითხვა