ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში 5 თებერვლიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება.
შეხვედრებზე მოსახლეობამ უნდა წამოაყენოს მათთვის მნიშვნელოვანი პროექტები. პროექტების შერჩევა მოხდება ხმათა უმრავლესობით და განხორციელდება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი თანხით.
“აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებს და საპროექტო წინადადებების მიღებისა და ზედამხედველობის პროცესს, ქარელის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, განსაზღვრული თანამდებობის პირები გაუწევენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ქარელის მერია ავრცელებს.
“მოზაიკა” გთავაზობთ პროექტების ჩამონათვალს, რომელთა განსახორციელებლად თანხა უკვე გამოყოფილია.
- სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის, ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა. შ.);
- სარწყავი სისტემები;
- სანიაღვრე არხები;
- ნაპირსამაგრი სამუშაოები;
- გზები და გზისპირა მოსაცდელები, აგრეთვე ტროტუარები და გზის შემადგენელი სხვა ინფრასტრუქტურა;
- ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;
- გარე განათება;
- სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
- სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
- ამბულატორიის შენობები;
- სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა;
- სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
- სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით;
- წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
- მინი ჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა;
- გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად, შესაბამისი ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება;
- საზოგადოებრივი ტრანსპორტი.