ტრამპის ევროპელი მოწინააღმდეგეები, შემრიგებლები და თანამზრახველები

5 hours ago 1

დონალდ ტრამპი ოვალურ ოფისში უკვე რამდენიმე დღეა, რაც მოკალათდა. ევროკავშირსა და ევროპის ქვეყნებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებში ფორმალურად არაფერი შეუცვლიათ. თუმცაღა, არ დარჩენილა პოლიტიკოსი, აზრი რომ არ გამოეთქვა აშშ ახალი პრეზიდენტის შესახებ, არ ელაპარაკა იმაზე, თუ აწი როგორ უნდა მოეპყროს მისი ქვეყანა და მთლიანად ევროკავშირი მთავარ პარტნიორს. ბევრი შიშობს, აშშ-მ იმპერიალიზმის ახალ ეპოქაში ხომ არ შეაბიჯაო.

ევროპის ლიდერები სამ ბანაკად გაიყვნენ: ტრამპის მოწინააღმდეგეები ცდილობენ ძალთა ბალანსი დაამყარონ ვაშინგტონის ახალ თავკაცთან; ტრამპთან შემრიგებლები მზად არიან ბევრი რამ დათმონ, ოღონდაც აშშ პრეზიდენტმა წყალობით გადმოხედოს; ტრამპის თანამზრახველებს კი მისი დახმარებით ევროკავშირის დამცრობისა და გაქრობის იმედი აქვთ.

მოწინააღმდეგეები

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოწინააღმდეგეების ბანაკის ყველაზე წონადი წარმომადგენელია. ტრამპის თაობაზე საუბრისას მის ხმაში სიმტკიცე ისმის. როცა ტრამპმა გრენლანდიის ანექსიის შესახებ დაძრა სიტყვა, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა მსწრაფლ განაცხადა, რომ საფრანგეთი მზადაა ევროპის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. მაკრონმა ამ დღეებში კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ევროპას “სტრატეგიული გამოღვიძება” სჭირდება, კერძოდ, უკრაინის შემთხვევაში ევროპა ამერიკის ნებას მორჩილად კი არ უნდა დაჰყვესო, თქვა მაკრონმა, არამედ განაგრძოს უკრაინისათვის “ყველა იმ საშუალების მიწოდება, რომელიც საშუალებას მისცემს მათ ნებისმიერი მოლაპარაკება სიძლიერის პოზიციიდან აწარმოონო.” საფრანგეთის პრეზიდენტი ასევე პირველი იყო, ვინც მკვახედ შეეპასუხა ილონ მასკს, აწ უკვე ოფიციალურად ტრამპის მრჩეველს: “ათი წლის წინათ ვინ იფიქრებდა, რომ მსოფლიოს უდიდესი სოციალური ქსელის მეპატრონე ახალ რეაქციონერულ ინტერნაციონალს დაუჭერდა მხარს და პირდაპირ ჩაერეოდა არჩევნებში, მათ შორის ევროპის არჩევნებში?”

მაკრონს ზურგს მისი მეზობელი, ესპანეთის პრემიერი პედრო სანჩესი უმაგრებს, რომლის ტონი ტრამპისა და მასკის მიმართ კიდევ უფრო მკაცრია. გერმანიაში არჩევნებს ისეთი პირი უჩანს, რომ ამა წლის მარტი-აპრილიდან მოყოლებული, სანჩესი ევროპის დიდი ქვეყნებში ერთადერთი სოციალისტი ლიდერი იქნება. ორშაბათს სანჩესმა “სილიკონის ველის ტექნოკრატებს” შეუტია, რომელებიცო “ცდილობენ სოციალურ ქსელებში თავისი ყოვლისშემძლეობა საჯარო დებატების და, შედეგად, მთავრობის მოქმედებების გასაკონტროლებლად გამოიყენონ.” ესპანეთის ლიდერმა დაწერილი და, შესაბამისად, წინაწარგანზრახული სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა, რომ “ევროპა წინ უნდა აღუდგეს ამ საფრთხეს და დაიცვას დემოკრატია.”

ტრამპის წინააღმდეგაა ევროპელი დონალდი – პოლონეთის პრემიერი დონალდ ტუსკი. მიუხედავად იმისა, რომ ტუსკი ტრადიციული გაგებით ატლანტიკური ალიანსის დიდი მომხრეა, თეთრ სახლში ტრამპის ჩასახლების შემდეგ მისი ტონი საკმაოდ მკაცრი გახდა. “თავი აწიეთ ევროპელებო,” მოუწოდა მან გუშინ ევროპარლამენტარებს, სადაც ევროპული საბჭოს თავმჯდომარის როლში გამოდიოდა. “ევროპას არ უნდა ეშინოდეს შეუცნობელში გადაშვებისა. ევროპა ყოველთვის დიადი იყო და დიადადვე დარჩება, ჩვენ არ გვჭირდება “დავიბრუნოთ” ევროპის სიდიადე. ჩვენ მხოლოდ პოლიტიკური ნების არარსებობა გვიდგას წინო,” დასძინა ტუსკმა.

შემრიგებლები

შემრიგებლების ბანაკის მოწინავე წარმომადგენელი ფრიდრიხ მერცი გახლავთ, რომელიც გერმანელი ქრისტიან-დემოკრატების საარჩევნო სიას უდგას სათავეში და 23 თებერვალს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების სერიოზული შანსი აქვს. თუკი ბერლინის კანცელარიაში შესვლაში მას ხელი მოულოდნელად არ შეეშალა, სწორედ მერცი იქნება ტრამპთან ურთიერთობების დალაგების მომხრე წამყვანი ევროპელი ლიდერი.

მან აშშ პრეზიდენტს გამარჯვება იმხელა არზით მიულოცა, ბოროტი ენები ქილიკობდნენ, ცოტაც და კურიკულუმ ვიტე გაგზავნიდა ოკეანეს გაღმაო. მილოცვაში მერცი წერდა: ” ჩემი პროფესიული და პოლიტიკური მოღვაწეობის უდიდესი ნაწილი მივუძღვენი ჩვენს ორ ქვეყანას შორის კავშირების განმტკიცებასო.” წერილში მერცს არც ევროპა უხსენებია, არც ილონ მასკის უცერემონიო ჩარევა გერმანულ არჩევნებში ულტრა-მემარჯვენე AfD-ს სასარგებლოდ.

ყველაზე უფრო “შემრიგებელი შემრიგებელთა შორის” კიდევ ერთი გერმანელი, ევროკომისიის თავი ქალი, ურსულა ფონ დერ ლაიენი გახლავთ. დავოსში მისი გამოსვლა პრაგმატიზმზე საუბრით იყო გაჯერებული და იმას უკაკუნებდა, რომ ფონ დერ ლაიენს ტრამპთან კონფლიქტი კიარა, მორეიგება სურს. შესაბამისად არც გრინლანდიის თემას გამოხმაურებია, არც მასკის ხელების ფათური უხსენებია ევროპული ქვეყნების არჩევნებში. იმავე გზას ადგას ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების შეფი, კაია კალასიც. ჯერჯერობით, ევროკომისია ტრამპს ისევე ეპყრობა, როგორც ნებისმიერ სხვა ამერიკელ პრეზიდენტს მოეპყრობოდა. იმისდა მიუხედავად, რომ ტრამპის ადმინისტრაცია განსაკუთრებით ახლოსაა იმ ევროპელ ლიდერებთან, ვისაც ევროკავშირს ძირს გულდასმით უთხრიან.

კომისია თვალს არიდებს ფაქტს, რომ ტრამპმა მხარი მისცა, მაგალთად, ერიკ ზემურს, რომელიც ევროკავშირის გაუქმებას მოითხოვს, ანდა ულტრამემარჯვენე ექსცენტრიკოსებს, რომელთაც შეიძლება ნეონაცისტების იარლიყიც მოუხდეთ – მაგალითად ინგლისელ ტომი რობინსონს ანდა ირლანდიელ კონორ მაკგრეგორს. ფონ დერ ლაიენის ინსტრუქცია მისი ქვეშემვრდომებისათვის ნათელია: არ გასცეთ პასუხი პროვოკაციებს, “ნუ კვებავთ ტროლს.”

არადა, მერცსა და ფონ დერ ლაიენს წაკითხული ექნებათ ბერლინში გერმანელი ელჩის მიერ გამოგზავნილი დიპლომატიური ტელეგრამა, რომელმაც საინფორმაციო საშუალებებში გაჟონა. ანდრეას მიხაელისი, გერმანიის ელჩი ვაშინგტონში, უფროსობას წერს, რომ ტრამპი დემოკრატიული სისტემის ჩამოშლას, ხმოსანთა და მოსამართლეების დამოუკიდებლობის შეზღუდვას ლამობს. სამაგიეროდ კი, იმ ხალხს, ვისაც სანჩესი “ტექნოკრატიას” უწოდებს, ხელისუფლების ბერკეტებით აღიჭურვავსო. მიხაელისის აზრით, ტრამპი შეეცდება “ძალაუფლება მაქსიმალურად საკუთარ ხელში მოაქციოს, კონგრესისა და შტატების უფლებების შეზღუდვის ხარჯზე.”

ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ევროკომისიის შემრიგებლური მიდგომა ტრამპისადმი 2017 წელს კი იყო გამოსადეგი, მაგრამ 2025 წელს თავის სილაში ჩარგვა ვეღარ გამოვა.

თანამზრახველები

და ბოლოს, მოვინახულოთ ევროპელი ტრამპისტებიც. ეს ლიდერები, ზოგი მომავლის შიშით, ზოგიც კი ღირებულებათა ერთობით შთაგონებულნი, საკუთარ თავს ერთგულ მოკავშირეებად სთავაზობენ დონალდ ტრამპს. მათი რიცხვი თანდათანობით იზრდება: პრემიერ მინისტრებს ჯორჯა მელონის (იტალია), ვიქტორ ორბანს (უნგრეთი) და რობერტ ფიცოს (სლოვაკეთი) იმედი აქვთ, რომ ტრამპისტულ ბანაკში მალე იხილავენ ჩეხ ანდრეი ბაბიშსა და ავსტრიელ ჰერბერტ კიკლს. ამასობაში, სამთავრობო კოალიციაშია ხერტ ვილდერსი (ნიდერლანდები), ოპოზიციაში ალის ვეიდელი (AfD), წარმატების იმედი აქვთ საფრანგეთში მარინე ლე პენს და – ბრიტანეთში – ნაიჯელ ფარაჯს.

ერთი შეხედვით, ზოგიერთი ევროპელი ფანისთვის ტრამპის პოლიტიკური პოზიციები დამამცირებელიც კი უნდა იყოს. მაგალითად, ტრამპმა თავის კუმირად პრეზიდენტი მაკკინლი დაასახელა, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში მართავდა ქვეყანას, ესპანეთს ომი გამოუცხადა და კუბა, ფილიპინები და პუერტო რიკო დაათმობინა. ამასთან ტრამპისტია ესპანელი სანტიაგო აბასკალი, VOX-ის ლიდერი და ევროპარლამენტში ორბანის “ევროპელი პატრიოტების” დაჯგუფების თავკაცი. ვაშინგტონში ინაუგურაციაზე ჩასული, ის კაპიტოლიუმს გარეთ დატოვეს. VOX-ი წლებია იმას უჩიჩინებს ესპანელებს, ჩვენი ქვეყანა დიადი მაშინ იყო, როცა ამერიკაში კოლონიებს ფლობდაო. ამისდა მიუხედავად აბასკალს თავგადაკლულ ტრამპისტად მოაქვს თავი. მოდი და გაიგე…

ერთიანობა: მიზანი თუ ქიმერა

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ენრიკო ლეტა ამბობდა, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ორად განიყოფებიან: არის პატარა ქვეყნები და ქვეყნები, რომელსაც ჯერ ვერ გაუცნობიერებიათ, რომ პატარები არიანო.

იმისთვის, რომ ევროპა მსოფლიოში ერთ-ერთ ანგარიშგასაწევ ძალად იქცეს, ერთობაა საჭირო – თუნდაც ოდინდელი პარტნიორების წინააღმდეგ ხმის ამოღებაც გახდეს საჭირო. ერთობაზე ბევრი კი საუბრობს, მაგრამ ჯერჯერობით საქმე არ ჩანს.

მერცმა ამასწინათ კი განაცხადა, რომ “სანამ ევროპის წევრი ქვეყნები ერთიანნი იქნებიან, მსოფლიოში მათ პატივისცემით მოეპყრობიან, მათ შორის აშშ-ც-ო,” თუმცა, ტრამპისადმი თავის მისალოც წერილში ევროკავშირი ერთხელაც არ უხსენებია.

ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ, ანტონიო კოშტამ გუშინ პირველად მიმართა ევროპარლამენტს და გამოსვლა ასე დაასრულა “ერთობა ჩვენი კავშირის საკვანძო კომპონენტია. სანამ ერთად ვართ, ძლიერები ვართ. როცა ძლიერები ვართ, უფრო დიდები ვართო.” ოღონდაც ტრამპის წინაშე ერთობა ჩანს, ჯერ არ გამოდის. რა უნდა მოიმოქმედოს ტრამპმა, რომ ეს შეიცვალოს? ამას, ალბათ, სულ მალე ვნახავთ.

სრულად წაკითხვა