სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო) წარმომადგენლებმა დაგმეს „არაპროპორციულად მაღალი ჯარიმების“ სახით სანქციების გაუმართლებელი გამოყენება და მას რეპრესიების იარაღი უწოდეს. მათ განაცხადეს, რომ ეს ზომები არადემოკრატიულია და განსხვავებული აზრის ჩახშობას ისახავს მიზნად, რადგან არ არსებობს ბრალდების დამადასტურებელი ვიდეო ან ფოტომასალა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ასევე მოუწოდეს მოსამართლეებს, რომლებიც ადმინისტრაციულ საქმეებს განიხილავენ, არ მიიღონ მონაწილეობა „ამ ოლიგარქიულ სადამსჯელო ოპერაციაში“.
„აღნიშნული პრაქტიკა წარმოადგენს რეპრესიის იარაღს გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ და თავისი სიმძიმით უტოლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას“, – განაცხადა 23 იანვარს გამართულ ბრიფინგზე სამოქალაქო პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ. „ეს არის არადემოკრატიული. არ შეესაბამება საერთაშორისო ადამიანის უფლებების სტანდარტებს და წარმოადგენს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდბის უკანონო პოლიტიკის გაგრძელებას“.
ლომჯარიამ ხაზი გაუსვა საქართველოს ვალდებულებას, დაიცვას საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტები და ამის დასტურად ვენეციის კომისია და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაასახელა. მან აღნიშნა, რომ არაპროპორციულმა სანქციებმა, მათ შორის მძიმე ჯარიმებმა, „შესაძლოა დაარღვიოს შეკრების და გამოხატვის თავისუფლება და ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი სამომავლოდ ამ უფლების რეალიზაციისთვის“.
ჯარიმები დაწესდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების მიღების შემდეგ, რომლებიც „ქართული ოცნების“ პარლამენტმა გასული წლის დეკემბერში სულ რაღაც ხუთ დღეში განიხილა და მიიღო. ეს ცვლილებები, რომელსაც ხელი „ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა 29 დეკემბერს მოაწერა, კრძალავს სახის დაფარვას, პიროტექნიკის გამოყენებას, გზების გადაკეტვას და პრევენციული პატიმრობის თვითნებური გამოყენების საშუალებას იძლევა. სსო-ებმა განაცხადეს, რომ ეს ზომები მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგაა გამიზნული, კერძოდ მათ წინააღმდეგ, ვინც 2024 წლის 28 ნოემბრიდან პროევროპულ აქციებში მონაწილეობს.
„ჯარიმების გამოყენების ინტენსიურობა და დაუსაბუთებელი ხასიათი მიუთითებს, რომ მათი მიზანი პროტესტის მონაწილე მოქალაქეების დაშინებაა, პროტესტის მუხტის შესუსტებაა და აქციის მონაწილეებისთვის ფინანსური პრობლემების შექმნაა“, – განაცხადა ლომჯარიამ.
ახალი ცვლილებებით ფინანსური ჯარიმები მკვეთრად გაიზარდა. გზის გადაკეტვისთვის ჯარიმა 500-დან 5 000 ლარამდე გაიზარდა, ხოლო ორგანიზატორებისთვის 5 000-დან 15 000 ლარამდე. ანალოგიურად, 2 000 ლარამდე გაიზარდა ჯარიმა ნიღბის ტარებისთვის, ხოლო საპროტესტო პლაკატების გაკვრისთვის 50-დან 1 000 ლარამდე. ლომჯარიამ სასამართლოები გააკრიტიკა ადეკვატური მტკიცებულებების გარეშე ამ მკაცრი სასჯელის დაწესებისთვის, რაც ხშირად ბრალდების მხარის სასარგებლოდ ხდება.
საერთაშორისო სანქციები უკვე დაუწესდა რამდენიმე მოსამართლეს ამ რეპრესიულ პრაქტიკაში მათი როლის გამო. ესტონეთმა, მაგალითად, სანქციები დაუწესა თბილისის საქალაქო სასამართლოს ექვს მოსამართლეს, მათ შორის ლელა მილდენბერგერს, ლელა ცაგარეიშვილს, მანუჩარ ცაცუას, ზვიად ცეკვავას, კობა ჩაგუნავას და ნინო ენუქიძეს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორმა ეკა გიგაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯარიმების დაწესებაში ასევე მონაწილეობენ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები, მათ შორის მანანა ნიკაჭაძე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები ირმა ტოგონიძე, გულიკო ქაჯაშვილი და ზუგდიდის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები ფატი ფურცხვანიძე, ირაკლი აბშილავა და გვანცა ვარდანიძე.
ასევე წაიკითხეთ:
- 13/01/2025 – სსო-ები სასამართლოში უფლებების დარღვევასა და საჯარო მოხელეების გათავისუფლებაზე შეშფოთებას გამოხატავენ
- 23/12/2024 – სსო-ები საქართველოს სისხლის სამართლის სისტემაში არასათანადო მოპყრობას გმობენ და პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებენ
This post is also available in: English (ინგლისური)