პროკურატურა ამბობს, რომ „პოსტივისთვის“ მუშაობის „ხელშეშლის გამო“ გამოძიება დაიწყეს

1 month ago 9

„ქართული ოცნების“ განაყოფის, „ხალხის ძალის“ ლიდერის კუთვნილი ტელეკომპანია „პოსტივის“ (POSTV) მიმართვის შემდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ჟურნალისტურ საქმიანობაში „ხელშეშლის“ მუხლით.

განცხადება გაავრცელა საქართველოს პროკურატურამ და მიუთითა, რომ გამოძიება დაიწყო „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა“.

  • ამ უწყების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა ევროკომისიის განსაზღვრული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი იყო; სწორედ ეს უწყება აგებს პასუხს სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე.
  • 2025 წლის 19 მაისს „ქართულმა ოცნებამ“ მისი გაუქმება და პროკურატურისათვის შეერთება გადაწყვიტა.

პროკურატურის 12 ივნისით დათარიღებულ განცხადებაში წერია, რომ გამოძიება „ტელეკომპანიის ჟურნალისტის მარიმ ნებიერიძისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე“ დაიწყო.

3 საათით ადრე „პოსტივიმ“ გაავრცელა ვიდეო და დაწერა, რომ „რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ“ და რომ „ტელეკომპანია დაუყონებლივ მიმართავს პროკურატურას“.

სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილი, - რომლითაც გამოძიება დაიწყო, - ითვალისწინებს ოთხი შესაძლო სასჯელიდან ერთ-ერთს:

  • ჯარიმას
  • საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - ვადით 120-დან 140 საათამდე;
  • „გამასწორებელ სამუშაოს“ ორ წლამდე ვადით;
  • შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.

28 ნოემბრიდან პროევროპული აქციების დარბევისას და შემდეგ პერიოდში არათუ პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის, არამედ ჟურნალისტებზე - „ქართული ოცნებისადმი“ კრიტიკული მედიის თანამშრომლებზე - ძალადობის არაერთი შემთხვევა აღირიცხა, თუმცა, გამოძიების დაწყების მიუხედავად, პასუხისგებაში არავინ მიუციათ.

როგორც „კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის“ წერს 3 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში:

„პროევროპული აქციების დაწყებიდან დღემდე დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე თავდასხმისა თუ პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ჩარევის ასობით შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ინციდენტებიდან არცერთი საქმე არ არის გამოძიებული და არცერთი მოძალადე პასუხისგებაში მიცემული, რაც ამყარებს დაუსჯელობის განცდას და ხელს უწყობს ძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბებას“.

სრულად წაკითხვა