პროკურატურამ ქოლ-ცენტრების საქმეზე მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

1 month ago 36

საქართველოს პროკურატურამ 6 სექტემბერს განაცხადა, რომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულია და ბრალი წარედგინა ქოლ-ცენტრების საქმიანობაში ჩართულ 4 პირს. „ასევე დაუსწრებლად წარედგინა ბრალი ორ ფიზიკურ პირს და ერთ იურიდიულ პირს“, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. მართალია პროკურატურა ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის ჩართულობაზეც საუბრობს, ეს უკანასკნელი ბრალდებას უარყოფს.

„ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ უკრაინის მოქალაქის მიერ საქართველოში დაფუძნებული კომპანიის – შპს ,,მორგან ლიმიტედი“-ს ბაზაზე, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ, ჩამოყალიბდა და 2019-2021 წლებში ფუნქციონირებდა შეთანხმებულად მოქმედი სტრუქტურული ფორმის მქონე დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანს მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება და შემდგომში ფულის გათეთრება წარმოადგენდა“, – განაცხადა პროკურატურამ და დასძინა, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, სლოვენიისა და სლოვაკეთის რესპუბლიკების მოქალაქეების კუთვნილ დაახლოებით 3 170 000 ევროს.

საქართველოს პროკურატურამ საქმეში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ტელეკომპანია „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტის ყოფილი მფლობელის, დავით კეზერაშვილისა და მისი ახლო ნათესავების სავარაუდო ჩართულობას გაუსვა ხაზი. პროკურატურა ამ პირებს დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ უკანონოდ მოპოვებული ფულის გათეთრების მცდელობის კონტექსტში ახსენებს.

„გამოძიების მიერ საბანკო სექტორიდან ამოღებული ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ შპს ,,მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომელიც გატარებული ღონისძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე“, – განაცხადა პროკურატურამ. „ამ მიმართულებით აქტიურად გრძელდება გამოძიება, მათ შორის უცხოელი კოლეგების ჩართულობით და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისთანავე, საზოგადოებას ეცნობება დამატებით“.

პროკურატურის თქმით, ერთ-ერთი დაკავებულის ხელმძღვანელობით თბილისში დღეის მდგომარეობითაც მოქმედებდა მსხვილი თაღლითური ქოლ-ცენტრი.

ბრალდებულთა კუთვნილი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ჯამში 800 000 აშშ დოლარზე მეტი ფულადი თანხა. უკანონოდ შეძენილი ქონება სახელმწიფოს სასარგებლოდ იქნება ჩამორთმეული.

პროკურატურამ აღნიშნა, რომ მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული მან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავებთან თანამშრომლობით გახსნა იმ საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც ასევე ჩართული არიან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბრალდებებს უარყოფს

6 სექტემბერს, ტელეკომპანია „ფორმულამ“ დავით კეზერაშვილის განცხადება გაავრცელა, სადაც ყოფილი თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ პროკურატურის ბრალდებები მისი დისკრედიტაციის მორიგი მცდელობაა. „საქართველოს ხელისუფლება, სახელმწიფო ორგანოების და ინსტიტუტების გამოყენებით, განაგრძობს  ჩემს წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას“, – წერს კეზერაშვილი.

„მნიშვნელოვანია, რომ ამ  მორიგ თავდასხმას წინ უძღოდა აშშ-ის ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის (ჰელსინკის კომისიის) განცხადება, რომელიც ნათელს ჰფენს საქართველოს ხელისუფლების დანაშაულებრივ მოქმედებებს და მოტივებს. ჰელსინკის კომისიამ პირდაპირ თქვა, რომ ქართული ოცნება მსოფლიოს გარშემო ქოლცენტრების ქსელებიდან მიღებულ შავ ფულს იყენებს, რათა დააფინანსოს საკუთარი ოპერაციები და შეავიწროვოს ოპოზიცია. ოლიგარქ ივანიშვილის მხილებული ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს შედეგები, რასაც მას უქადის ამ მძიმე დანაშაულში სახელმწიფოს ზურგით მონაწილეობა, ამიტომ ცდილობს, ისრები პოლიტიკური ოპონენტებისკენ მიმართოს“, – წერს კეზერაშვილი.

იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც მის სახელს ქოლცენტრების ქსელთან აკავშირებს, გასაჩივრებულია ბრიტანულ სასამართლოში. ამავდროულად, ტელეკომპანია „ფორმულას“ წილები  თანამშრომლებს გადაეცათ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა