“ზაქრო ალბუთაშვილთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე. მას მომართული აქვს ჩვენთვის”, – განაცხადა დღევანდელ, 12 ივნისის სხდომაზე პროკურორმა როინ ხინთიბიძემ.
თუ მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, ზაქრო ალბუთაშვილი იქნება 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 23-ე ბრალდებული, რომელიც საპროცესოს გააფორმებს. სწორედ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა ამავე საქმეზე დაკავებული 22 ბრალდებული.
9 მაისს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ:
- ლექსანდრე გოგოლაძე;
- გოჩა ყატაშვილი;
- სულხან აბრალავა;
- დათო ღურწკაია;
- გენადი კელიხაშვილი;
- რამაზ ჯორბენაძე;
- ჯანდრი თირქია
- ევა შაშიაშვილი.
ევა შაშიაშვილმა ყველაზე ადრე აღიარა მისთვის წარდგენილი ბრალი და 2025 წლის 31 დეკემბერს, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, დანარჩენებმა კი ციხე 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ დატოვეს.
10 მაისს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, სხდომათა დაბაზიდან გათავისუფლდნენ:
- გურიელ ქარდავა;
- ალექსანდრე ხაბეიშვილი;
- ბექა ქელეხსაშვილი;
- მამუკა ლაბუჩიძე;
- გიორგი მულაძე;
- ავთანდილ სურმანიძე;
- თემურ ქურციკიძე;
- ბახტანგ ფიცხელაური;
- ხვიჩა გოგოხია;
- გიორგი ქორქია;
- ლევან ჯიქია;
- გიორგი რურუა;
- ლაშა ივანაძე;
- სერგო მეგრელიშვილი.
ყველა მათგანმა 3-წლიანი პირობითი მსჯავრით დატოვა ციხე, სანაცვლოდ კი აღიარეს მათთვის წარდგენილი ბრალი. სახელმწიფო ბრალდება მათ უმეტესობას სისხლის სამართლის ორი მუხლის დარღვევას ედავება, რამდენიმეს კი მათგან მხოლოდ ერთს. ეს მუხლებია:
- ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა (225-ე მუხლის მე-2 ნაწილი);
- სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად (19-222 მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით).
სავარაუდია, რომ იგივე პირობებით გაფორმდება საპროცესო შეთანხმება ზაქრო ალბუთაშვილთანაც.
რაც შეეხება 4 ოქტომბრის საქმის იმ ბრადებულებს, ვინც საპროცესოზე უარს ამბობს, ან მათთან ჯერჯერობით, შეთანხმება ვერ მოხერხდა. ასეთი ჯამში 31 ადამიანია, რომლებიც 4 სხვადასხვა ჯგუფში არიან განაწილებულები.
დღეს, 12 ივნისს, მოსამართლე გიორგი გელაშვილი 7 მათგანის საბოლოო სიტყვის მოსმენას გეგმავდა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მათგან ერთ-ერთმა, ზაქრო ალბუთაშვილმა საპროცესო შეთანხმების მზაობა გამოთქვა, სხდომა 19 ივნისამდე გადაიდო. სავარაუდოა, რომ მომდევნო პარასკევს მოსამართლე გიორგი გელაშვილი ზაქრო ალბუთაშვილს დარბაზიდან გაათავისუფლებს და ამავე დღეს გამოაცხადებს დანარჩენი 6 ბრალდებულის განაჩენს.
ესენი არიან: კონსტანტინე კოკაია, გიორგი ჩახუნაშვილი, დავით ჟღენტი, დავით სტურუა, კახაბერ მჟავანაძე და ია დარახველიძე. ამ უკანასკნელს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება, დანარჩენებს კი ამ მუხლთან ერთად სტრატეგიული ობიექტის – პრეზიდენტის სასახლის – ბლოკირების მცდელობასაც ედებათ ბრალად. თითოეულ მათგანს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მოსამართლე გელაშვილმა წინა სხდომებზე მოისმინა პროკურორ ხინთიბიძის და ბრალდებულთა ადვოკატების გასკვნითი სიტყვები. დარჩენილი იყო მხოლოდ ია დარახველიძის ადვოკატი, რევაზ აჭარაძე, რომელმაც დასკვნითი სიტყვა სწორედ დღევანდელ სხდომაზე წარმოთქვა.
აჭარაძემ თქვა, რომ პროკურატურას საქმეში ათეულობით გვერდიანი მასალა აქვს წარმოდგენილი, თუმცა ია დარახველიძის ბრალეულობას ვერაფერი ადასტურებს. უფრო მეტიც, მან თქვა, რომ ამ რაოდენობის მასალაში მხოლოდ ზოგადი განხილვაა მოცემული, ცალკეულ ბრალდებულებზე კი მხოლოდ თითო აბზაცი წერია. მაგალითად, აჭარაძის თქმით, ია დარახველიძის შესახებ წერია, რომ ის მონაწილეობდა ძალადობრივ ქმედებებში, თუმცა არ არის განმარტებული, რაში გამოიხატა ეს.
ადვოკატი ამბობს, რომ დარახველიძის ეპიზოდზე საქმეში დევს სულ 2 ვიდეო-მტკიცებულება, რომელთაგან არცერთი დასტურდება ბრალდებულის ვინაობა. ერთ ვიდეოში გამოსახულ პირს ხელში “გაურკვეველი საგანი” უჭირავს, მეორეში პირი ნაგვის ურნას აგორებს. ადვოკატმა მოსამართლეს მიუთითა დარახველიძის გარეგნობაზე – ის გამხდარი და სუსტი აღნაგობის ქალია – და უთხრა, რომ “ისეთი ეფექტი არის შექმნილი ბრალდების მიერ, თითქოს თბილსერვის ჯგუფის დიდი ურნა მოისროლა პოლიციელების მიმართულებით”. გარდა ამისა, ადვოკატმა მოსამართლეს შეახსენა, რომ გამოკითხული მოწმეებიდან, რომლებიც პროკურატურამ, როგორც დაზარალებული სპეცრაზმელები და პოლიციელები ისე მოიყვანა სხდომაზე, არცერთი მიუთითებდა კონკრეტულად ია დარახველიძეზე.
“არავის ევალება საკუთარი უდანაშაულობის მტკიცება” – ასე მიმართა ადვოკატმა მოსამართლეს და განმარტა, რომ მათ ბრალდების მხარის მოტანილი მტკიცებულებები უნდა შევამოწმოთ. რევაზ აჭარაძემ თქვა, რომ გავეცნო ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულებას, თუმცა არსად დასტურდება, რომ:
- პროკურატურის წარმოდგენილ კადრებში ნამდვილად ია დარახველიძეა;
- ია დარახველიძემ ვინმე, ან რამე დააზიანა.
ადვოკატის შემდეგ, მოსამართლემ მიმართა პროკურორს და შესთავაზა გამოხმაურებოდა დაცვის მხარის პოზიციას. თუმცა, როინ ხინთიბიძემ გარი თქვა რეპლიკის უფლებით სარგებლობაზე – მისი შეფასებით, ყველა დასმულ საკითხზე პასუხი უკვე გაცემული აქვს სასამართლო განხილვების განმავლობაში.
“ძალიან მაგარი გოგოა ია დარახველიძე. ჩემ თავზე ვიღებ მაგას. დარწმუნებული ვარ, რომ არაფერში არ არის დამნაშავე. მაგარი ვაჟკაცი გოგოა” – პროკურორის უარის შემდეგ, საკუთარი ინიციატივით, რეპლიკით გამოეხმაურა მსჯელობას ერთ-ერთი ბრალდებული, კონსტანტინე კოკაია.
“ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც საკმარისი იქებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, ძალიან მარტივად ვუხსნიდით სასამართლოს, რომ მსგავსი სტანდარტით არ შეიძლება იყოს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი. ვითხოვთ გამამართლებელ განაჩენს. ელემენტარული, სახეც კი არ არის ამოცნობილი. დადგენილიც კი არ არის პიროვნება, რომელიც ვიდეოზეა ასახული და მიუხედავად ამისა, ბრალდების მხარე მაინც განმარტავს, რომ ეს არის ია დარახველიძე. ასევე, ბრალდების მხარე ვერაფერს ამბობს იმაზე, თუ რა ძალადობრივ ქმედებაში იღებდა მონაწილეობას, რამე ზიანი მიაყენა ვინმეს თუ არა და ვინმესთან იყო თუ არა შეკავშირებული. შესაბამისად, ძალიან მარტივია სასამართლოსთვის სწორი გადაწყვეტილების გამოტანა და ია დარახველიძის გამართლება”, – განაცხადა რევაზ აჭარაძემ ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდეგ.
ია დარახველიძე 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს დაკავებიდან რამდენიმე დღეში, 2025 წლის 11 ოქტომბერს. ამის საფუძველი გახდა დარახველიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ქრონიკული დაავადება აქვს.

7 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·