პუტინი კრემლში შეხვდა გაგლოევს - "განაგრძეს 9 მაისს ხელმოწერილი შეთანხმების განხილვა"

2 hours ago 2

22 ივნისს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კრემლში შეხვდა საქართველოს ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევს.

კრემლის ვებსაიტის თანახმად, „ლიდერებმა, ცოტა ხნის წინანდელი საუბრის კონტექსტში, განაგრძეს რუსეთი-სამხრეთ ოსეთის ურთიერთობის მიმდინარე დღის წესრიგის, საკითხთა ფართო წრეზე თანამშრომლობის, ორმხრივი დიალოგის გაფართოების პერსპექტივის, მათ შორის 9 მაისს მოსკოვში ხელმოწერილი ორმხრივი შეთანხმების განხილვა“.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ფაქტობრივად იმეორებს კრემლის ინფორმაციას მოსკოვში გამართული „სამუშაო შეხვედრის“ შესახებ.

მიმდინარე წლის 13 მაისს რუსეთის დუმამ მიიღო ვლადიმირ პუტინის მიერ 9 მაისს წარდგენილი კანონპროექტი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთთან „სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების“ შესახებ. 9 მაისს მოსკოვში იმყოფებოდა ალან გაგლოევი, რომელმაც ვლადიმირ პუტინთან ერთად ხელი მოაწერა „ხელშეკრულებას სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავებაზე“, რომელიც გულისხმობს „კოორდინირებული საგარეო, თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის გატარებას, ასევე ინფრასტრუქტურისა და ადამიანური პოტენციალის განვითარებას“.

ალან გაგლოევმა 9 მაისს პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ისინი „კიდევ ერთ ნაბიჯს დგამენ ქვეყნებისა და ხალხების დაახლოებისკენ“ და „ეს ნაბიჯი ოსი ხალხის გაერთიანების პროცესის დასაწყისი იქნება“.

16 ივნისს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტმა „მთავრობის მეთაურის“ პოსტზე დაამტკიცა 61 წლის მარატ კამბოლოვი, რომლის მთელი ბიოგრაფია რუსეთის ფედერალურ სახელმწიფო სამსახურს უკავშირდება და მინიჭებული აქვს რუსეთის სახელმწიფო სამსახურის უმაღლესი ჩინი - პირველი კლასის მოქმედი სახელმწიფო მრჩეველი. კრემლი მარატ კამბოლოვს, რუსეთის მედიის თანახმად, ალან გაგლოევის შემცვლელად მოიაზრებს.

22 ივნისს რუსეთის ფედერაციაში "დიდი სამამულო ომის" დაწყებიდან 85-ე წლისთავი აღინიშნა.

სრულად წაკითხვა