რა თანხით დაჯარიმდებით თურქეთში, თუ თვითმფრინავის გაჩერებამდე წამოდგებით

18 hours ago 3

თურქეთში ჩაფრენილ მგზავრებს, რომლებიც საკუთარ ადგილებს უსაფრთხოების ღვედის ნიშნულის გამორთვამდე დატოვებენ, დააჯარიმებენ. ამის შესახებ თურქეთის სამოქალაქო ავიაციის ორგანოს მიერ გავრცელებულ ცირკულარშია ნათქვამი.

მარეგულირებელში აცხადებენ, რომ ასეთი ზომა მგზავრების საჩივრების გამო მიიღეს. მათი თქმით, მსგავსი ინციდენტების რაოდენობის სერიოზული ზრდა შეინიშნება, ბევრი მგზავრი კი თვითმფრინავის სრულ გაჩერებამდე ადგომასთან ერთად საკუთარ ბარგსაც იღებს, რაც სხვებს დისკომფორტს უქმნის.

ეს პრაქტიკა არა მხოლოდ სხვა მგზავრებს უშლის ხელს, არამედ უსაფრთხოებასაც დიდ საფრთხეს უქმნის.

თურქეთის სამოქალაქო ავიაციის ორგანოს განცხადებით, ახალი რეგულაცია უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად და თვითმფრინავიდან მგზავრების გადმოსვლის პროცესში არეულობის შესამცირებლად შემოიტანეს.

ახალი წესის მიხედვით, მგზავრებმა უნდა დაიკავონ თავიანთი ადგილი და შეკრული ჰქონდეთ ღვედი მანამ, სანამ თვითმფრინავი სრულად არ გაჩერდება მის დანიშნულ საპარკინგე ადგილას და უსაფრთხოების ნიშნული არ ჩაქრება.

ეს რეგულაცია ეხება ყველა გადამზიდს, რომელიც თურქეთში ახორციელებს ფრენას.

ახალი გაიდლაინის მიხედვით, თურქეთში ჩაფრენილ ყველა კომერციულ რეისზე განცხადება უნდა კეთდებოდეს წესების ცვლილების შესახებ, იმ მგზავრების ვინაობა კი, რომლებიც წესებს არ დაემორჩილებიან, შესაბამის ორგანოებს გადაეცემა.

ახალი წესების დარღვევის შემთხვევაში მგზავრს 70 დოლარის (€62) ოდენობის ადმინისტრაციული ჯარიმა ემუქრება.

მანანა ბანძელაძე

სრულად წაკითხვა