“რა მაიმედებდა და რა მიმტკიცებდა რწმენას? ადამიანები, რომლებიც არ ნებდებოდნენ” – გოჩა მირცხულავა

6 days ago 7

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ისტორიულ პარალელებს ავლებს:

განვლილი პერიოდის განმავლობაში უამრავი რამ მოხდა – ბევრ რამეს ვეთანხმებოდი, ბევრს არა – ვიწუნებდი სტრატეგიას და ტაქტიკას. ვყვიროდი, ვმსჯელობდი, ვბუზღუნებდი, თუმცა ყოველი ახალი დღე თენდებოდა და თენდება იმის იმედითა და რწმენით, რომ “ჩვენ გავიმარჯვებთ!”.

რა მაიმედებდა და რა მიმტკიცებდა რწმენას? ადამიანები, რომლებიც არ ნებდებოდნენ.

ახლა არ ვაპირებ რაიმე ვთქვა “ოცნებაზე”, რომელიც ჩვენ ვშვით, უკლებლივ ყველამ – იმის მიუხედავად, ვინ უჭერდა მას მხარს და ვინ არა.

ახლა მე ვსაუბრობ თავგანწირვაზე, იმედზე, შემართებაზე… დაფიქრებულხართ რატომ 9 ძმა ან 300 არაგველი? იმ მხრივ დაფიქრებულხართ – სად იყო სხვა, ვინც მეათედ შეეხიდებოდა 9-ს, ან სხვა 300? ალბათ იყვნენ, მაგრამ რა აზრი აქვს მათ არსებობას, თუ იმ ცხრასთან და სამასთან ერთად არა და არავის ახსოვს, არავინ იცის მათ შესახებ?

დღესაც ეგრეა – დღეს საქართველო “რუსთაველზე” მებრძოლნი, პოლიტპატიმრები და მათი თანამოაზრეები არიან… სხვები? სად არიან? არიან კი? ვის ეცოდინება წლების შემდეგ მათი არსებობა? და მაინც ის სხვებიც რას ასწავლიან საკუთარ შვილებს – იმავეს ხომ არა “9”, “300” და ბოლოს ყველაფრის გვირგვინად დიდგორი!…

მადლობა რომ დღესაც გვყავს ეს “300”, რომელთა შესახებ თაობები მოუყვებიან შვილებს, თან იმის მიუხედავად ვის მოგვწონს და ვის არა ისინი… და ეს ადამიანები – “რუსთაველია” ჩემი იმედი და რწმენა. “რუსთაველია” ჩემი და ჩემი თაობის მიერ ჯერაც მოსაგები ომის ყიჟინა.

მადლობა! მიყვარხართ!

თავისუფლებას სჭირდება სიყვარული და სიყვარულს სჭირდება თავისუფლება!
ჩვენ გავიმარჯვებთ!” – წერს გოჩა მირცხულავა ფეისბუქის პირად გვერდზე.

სრულად წაკითხვა