დიდი ბრიტანეთი ითხოვს, რომ გაიზარდოს დიპლომატიური ზეწოლა პატიმრობაში მყოფი ქართველი ჟურნალისტის, ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გასათავისუფლებლად, ხოლო ბრიტანეთის პარლამენტის წევრები თავის მთავრობას სანქციების განხილვისკენ მოუწოდებენ.
მოწოდება მას შემდეგ გაჟღერდა, რაც ჟურნალისტებმა, იურისტებმა და უფლებადამცველებმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ისაუბრეს იმის შესახებ, თუ, რა სწრაფად მიექანება საქართველო ავტორიტარიზმისკენ.
უესტმინსტერში გამართულ შეხვედრაზე ნეტგაზეთისა და ბათუმელების ჟურნალისტმა და კომუნიკაციების მენეჯერმა, ირმა დიმიტრაძემ განაცხადა, რომ საქართველოში დამოუკიდებელი ჟურნალისტები დღეს ძალადობის, თვითნებური დაკავებების, ფინანსური ზეწოლისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის წინაშე დგანან მხოლოდ იმიტომ, რომ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ.
მისი თქმით, მისი კოლეგისა და მენტორის, მზია ამაღლობელის დაპატიმრება მიზნად ისახავდა ქვეყნის ყველა დამოუკიდებელი ჟურნალისტის დაშინებას.
„დამოუკიდებელი მედია ხელისუფლების პროპაგანდასა და სრულ ავტორიტარულ მმართველობას შორის ბოლო ბარიერად იქცა“, — განაცხადა ირმა დიმიტრაძემ ბრიტანელ პარლამენტარებთან შეხვედრისას.
„ის, რაც მზიას დაემართა, ყველა ჟურნალისტის დასაშინებლად იყო გამიზნული. ამის ნაცვლად, ამან გაგვაერთიანა. თუმცა დამოუკიდებელი მედიისთვის ყოველდღიურად სულ უფრო რთულად შესასრულებელი ხდება ამოცანა, რომ უბრალოდ გადარჩეს“, — თქვა ირმა დიმიტრაძემ.
ქართველმა ჟურნალისტმა აღწერა, როგორ სცემდნენ ჟურნალისტებს საპროტესტო აქციების გაშუქებისას, როგორ ექცეოდნენ მედიაორგანიზაციები სადამსჯელო ფინანსური წნეხის ქვეშ და როგორ მიიღეს ახალი კანონები დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის პარალიზებისთვის.
მისი თქმით, დღეს ჟურნალისტების წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას იწყებენ მხოლოდ საპროტესტო აქციების გაშუქების გამო, ხოლო მედიაორგანიზაციებს დაფინანსებისა და სარეკლამო შემოსავლების შეზღუდვით ახრჩობენ.
მან ასევე ისაუბრა იმ პირად საფრთხეებზე, რომელთა წინაშეც დღეს ჟურნალისტები დგანან და აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ გამგზავრებაც კი, რათა საერთაშორისო საზოგადოებისთვის საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრონ, შესაძლოა გახდეს საფუძველი მათ წინააღმდეგ გამოძიების დასაწყებად საქართველოში მოქმედი „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონების საფუძველზე.
დამოუკიდებელი გამოცემების, ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 2025 წლის იანვრიდან პატიმრობაში იმყოფება. საერთაშორისო იურისტების, ექსპერტებისა და უფლებადამცველების შეფასებით, მის წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია.
შეხვედრაზე პარლამენტის წევრებს ასევე წარუდგინეს მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს, რომ მზია ამაღლობელი პატიმრობაში დამამცირებელ მოპყრობას დაექვემდებარა და ციხეში ყოფნის პერიოდში მისი მხედველობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.
დღევანდელი შეხვედრის მასპინძელმა, მედიის თავისუფლების საკითხებზე ყველა პარტიის საპარლამენტო ჯგუფის (APPG on Media Freedom) თავმჯდომარემ, პარლამენტის წევრმა ჯონ ვიტინგდეილმა განაცხადა:
„დღეს წარმოდგენილმა მტკიცებულებებმა ნათლად აჩვენა, რომ საქართველოში მედიის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებზე თავდასხმა სულ უფრო ძლიერდება. გაერთიანებულ სამეფოს ამ საკითხში აქვს როგორც გავლენა, ისე პასუხისმგებლობა. ჩვენ საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი ვართ, მედიის თავისუფლების კოალიციის თანათავმჯდომარე ქვეყანა ვართ და უკვე ვაჩვენეთ, რომ მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, სანქციებიც დავაწესოთ.
მინისტრებს მოვუწოდებ, გამოიყენონ ყველა არსებული ბერკეტი საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის, რათა გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი, მოიხსნას მის წინააღმდეგ წაყენებული პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები და პასუხისგებაში მიეცნენ ჟურნალისტებზე თავდასხმებზე პასუხისმგებელი პირები. ბრიტანეთი მტკიცედ უნდა დაუდგეს გვერდით იმ ადამიანებს საქართველოში, რომლებიც ყველაფერს რისკავენ დემოკრატიისა და თავისუფალი მედიის დასაცავად.“
დღევანდელ მოსმენაზე სერ ჯონ უიტინგდეილსა და მედიის თავისუფლების საკითხებზე ყველა პარტიის საპარლამენტო ჯგუფს შეუერთდა საერთაშორისო სამართლის, მართლმსაჯულებისა და ანგარიშვალდებულების საკითხებზე ყველა პარტიის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი ბრენდან ო’ჰარა, რომელმაც განაცხადა:
„მე ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია, და ჩემს საპარლამენტო კოლეგებსაც მოვუწოდებ, იგივე გააკეთონ, რომ ზეწოლა მოვახდინოთ გაერთიანებული სამეფოს მთავრობაზე და დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ არანაირი ფორმით არ ვიქნებით თანამონაწილენი იმ სახიფათო პროცესში, რომელსაც დღეს საქართველოში დემოკრატიის სწრაფი უკუსვლა ჰქვია.“
ადამიანის უფლებების სფეროში ერთ-ერთმა წამყვანმა ადვოკატმა, კილან გალაჰერმა, რომელიც მზია ამაღლობელის ინტერესებს საერთაშორისო დონეზე იცავს, აღნიშნა, რომ საქართველოსთან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობების გამო, გაერთიანებულ სამეფოს განსაკუთრებული ბერკეტები აქვს გავლენის მოსახდენად.
„გაერთიანებული სამეფო დღეს საქართველოსთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უმსხვილესი წყაროა. ფულს დიდი ძალა აქვს“, — განაცხადა მან.
„იმ ადამიანთაგან ბევრს, ვინც ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნაზეა პასუხისმგებელი, გაერთიანებულ სამეფოში მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს — მათ შორის უძრავი ქონება, ინვესტიციები და ოჯახური კავშირები. ეს ბრიტანეთს ანიჭებს როგორც გავლენას, ისე პასუხისმგებლობას.
მზია ციხეში არ ზის იმიტომ, რომ პოლიციელს თავს დაესხა. ის, ფაქტობრივად, ჟურნალისტობისთვის არის დაპატიმრებული. მისი საქმე მიზნად ისახავს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციის გაჩუმებას და დანარჩენი ჟურნალისტებისთვის მუქარის გაგზავნას“, — ამბობს ადვოკატი გალაჰერი.
გალაჰერმა გაერთიანებული სამეფოს მთავრობას მოუწოდა, განიხილოს მიზნობრივი სანქციების დაწესება იმ პირების მიმართ, რომლებიც მზია ამაღლობელის საქმეში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე არიან პასუხისმგებელნი. მისი თქმით, საერთაშორისო რეაგირება ვერ დაელოდება იმ დროს, სანამ საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამართლებრივი განხილვის პროცესს გაივლის.
„მზიას უკვე თვრამეტი თვე აქვს გატარებული ციხეში, ხოლო მისი მხედველობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად უარესდება“, — განაცხადა გალაჰერმა, — „პატიმრობაში ის დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას, რომელიც უდავოდ წარმოადგენს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, საერთაშორისო სამართლის დარღვევით. საერთაშორისო საზოგადოებამ სწრაფად და გადამწყვეტად უნდა იმოქმედოს, რათა საქართველოს ხელისუფლება პასუხისგებაში მიეცეს და მზია ამაღლობელის გათავისუფლება უზრუნველყოს. ჟურნალისტიკა დანაშაული არ არის.“
მისი თქმით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობას, როგორც მედიის თავისუფლების კოალიციის თანათავმჯდომარეს და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ერთ-ერთ გავლენიან ხმას, შეუძლია საქართველოში მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს.
ფიონა ო’ბრაიენმა, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულმა დირექტორმა, აღნიშნა, რომ საქართველო კრიტიკულ მომენტს მიუახლოვდა.
„მიმდინარეობს დამოუკიდებელი მედიის მიზანმიმართული და სტრატეგიულად დაგეგმილი დახშობის მცდელობა“, — განაცხადა მან.
„ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა, შემზღუდავი კანონმდებლობა და ფინანსური ზეწოლა ერთობლივად გამოიყენება იმისთვის, რომ დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის კეთება შეუძლებელი გახდეს. ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები უხვად არსებობს. რაც საქმეს აკლია, ძლიერი საერთაშორისო რეაგირებაა.
ჯერ კიდევ არის დრო, რომ საქართველო არ დაადგეს მისი ავტორიტარული მეზობლების გზას, თუმცა შესაძლებლობების ეს ფანჯარა სულ უფრო ვიწროვდება“, — აღნიშნა CPJ-ის წარმომადგენელმა.
მზია ამაღლობელი 2025 წლის იანვრიდან პატიმრობაში იმყოფება, ხოლო 2025 წლის აგვისტოში მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
2026 წლის იანვარში „კლუნების ფონდმა სამართლიანობისთვის“, სასამართლოს მონიტორინგის ანგარიშის ფარგლებში დაადგინა, რომ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი და მისი მსჯავრი არღვევდა მის უფლებას სამართლიან სასამართლოზე.

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·