"რა შეუძლია ხმაურს და ინფორმაციის სწრაფ გავრცელებას" - მარიამ სიჭინავას ანგარიშებს ყადაღა მოხსნეს

1 week ago 8

ზუგდიდელი აქტივისტი მარიამ სიჭინავა, რომელსაც ანგარიშები მას შემდეგ დაუყადაღეს, რაც მას და კიდევ ერთ აქტივისტს, კერენ ესებუას ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ უჩივლა, ფეისბუკზე წერს რომ ამბის გასაჯაროების შემდეგ მალევე დაუკავშირდნენ აღსრულების ბიუროდან, მომხდარი ტექნიკური ხარვეზით ახსნეს და ანგარიშებზე წვდომაზე შეზღუდვა მოუხსნეს.

შეტყობინება იმის შესახებ, რომ მისი ბარათები განბლოკილია და მისი გამოყენება კვლავ შეუძლია, მარიამმა 13:41 წუთზე მიიღო აღსრულების ბიუროსგან.

მარიამ სიჭინავა ასე წერს, რომ მნიშვნელოვანია მედიის ყურადღება არა მხოლოდ მასზე, კარენ ესებუაზეც სამართლიანად გადანაწილდეს, რადგან მართალია ის მცირეწლოვანი ბავშვის მარტოხელა დედაა, მაგრამ კარენი პირველი ხარისხის ინვალიდის სტატუსის მქონე დედის ერთადერთი მეურვეა და არც მისთვის არ იქნება ზარქუას სარჩელის პასუხად ადმინისტრაციული პატიმრობა მარტივი.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ მარიამ სიჭინავას მას შემდეგ უჩივლა, რაც ის და კიდევ ერთი აქტივისტი, კერენ ესებუა, ირაკლი ზარქუას ზუგდიდის ერთ-ერთ სასტუმროში დახვდნენ და იქიდან შეურაცხმყოფელი შეძახილებით გააცილეს.

„სამარცხვინო, ზუგდიდში შენი ადგილი არ არის“, – მიმართავდნენ აქტივისტები ირაკლი ზარქუას.

თავის მხრივ, ზუგდიდელმა აქტივისტებმაც უჩივლეს ირაკლი ზარქუას და მის თანმხლებ პირს, რომელმაც ესებუას ტელეფონი გააგდებინა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე აქტივისტების წინააღმდეგ 173-ე მუხლის 16 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით არის დაწყებული, რაც ითვალისწინებს 4 ათას ლარამდე ჯარიმას ან 45 დღემდე ვადით პატიმრობას. გამომდინარე იქიდან, რომ მარიამ სიჭინავა მისთვის დაკისრებულ ჯარიმებს არ იხდის და საქმის მასალებს თან გადაუხდელი ჯარიმების შესახებ ინფორმაცია აქვს დართული, აქტივისტი ფიქრობს, რომ სასამართლო მას პატიმრობას შეუფარდებს.

ირაკლი ზარქუა ერთადერთი დეპუტატი არ არის, რომელმაც აქტივისტს უჩივლა - მარიამ ლაშხმა ასევე შეიტანა სარჩელი აქტივისტ თათია აფრიამაშვილის წინააღმდეგ.

სრულად წაკითხვა