რა წერია რუსეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემულ შეთავაზებების მემორანდუმში?

1 day ago 3

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო "ტასი" ავრცელებს ინფორმაციას 2 ივნისის სტამბოლის შეხვედრაზე რუსეთის დელეგაციის მიერ უკრაინის მხარისთვის გადაცემული მემორანდუმის ზოგიერთ მუხლზე.

რა წერია რუსეთის ფედერაციის მიერ “უკრაინის კრიზისის დარეგულირების” შესახებ შეთავაზებულ მემორანდუმში:

  • მემორანდუმით მოთხოვნილია უკრაინის ნეიტრალიტეტი, მის მიერ სამხედრო კავშირებსა და კოალიციებში შესვლაზე უარის თქმა, აგრეთვე უკრაინის ტერიტორიაზე მესამე სახელმწიფოების ნებისმიერი სამხედრო მოქმედებისა და უცხოური სამხედრო ფორმირების, სამხედრო ბაზებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსების აკრძალვა;
  • ცეცხლის შეწყვეტის პირველ ოფციად განიხილება უკრაინის შეიარაღებული ძალების სრულად გაყვანა დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან “მხარეების მიერ შეთანხმებულ მანძილზე რუსეთის ფედერაციის საზღვრებიდან, დამყარებული მდგომარეობის შესაბამისად”;
  • რუსეთის წინადადებები გულისხმობს უკრაინაში არჩევნების ჩატარებას და ამის შემდეგ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას. დოკუმენტის მესამე ნაწილში მოცემულია გადასადგმელი ნაბიჯების თანმიმდევრობა და მათი შესრულების ვადები. მეექვსე პუნქტში წერია - “არჩევნების ჩატარება, უკრაინის ტერიტორიაზე ხელისუფლების ორგანოების ფორმირება”, რასაც მოჰყვება “შეთანხმების ხელმოწერა”;
  • რუსეთის მემორანდუმი ცეცხლის შეწყვეტის ერთ-ერთ პირობად ასახელებს “უკრაინის მიერ რუსეთის ფედერაციისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ დივერსიულ და ძირგამომთხრელ საქმიანობაზე უარის თქმას";
  • ცეცხლის შეწყვეტის პირობად განიხილება აგრეთვე “ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგისა და რეჟიმის კონტროლის ორმხრივი ცენტრის შექმნა”;
  • რუსეთის მემორანდუმი ითვალისწინებს უკრაინაში “ნაციონალისტური ფორმირებების დაშლას”;
  • დოკუმენტში პირობად სახელდება ყირიმის, დონბასისა და ნოვოროსიის რუსეთის შემადგენელ ნაწილებად საერთაშორისო აღიარება.

2 ივნისს სტამბოლში გაიმართა უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების მეორე რაუნდი, რომელზეც რუსეთის მხარემ უკრაინის დელეგაციას გადასცა კრემლის შეთავაზებების დოკუმენტი. უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა რუსტემ უმეროვმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ კიევისგან განსხვავებით მოსკოვმა უშუალოდ შეხვედრაზე წარმოადგინა თავისი შეთავაზებების დოკუმენტი. ორშაბათის შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ გარკვეული კატეგორიის სამხედრო ტყვეებისა და ცხედრების გაცვლაზე. უკრაინამ რუსეთს წარუდგინა უკრაინელი ბავშვების სია, რომელთა დაბრუნებასად კიევი უპირობოდ ითხოვს.

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი მიმდინარე წლის 16 მაისს გაიმართა.

სრულად წაკითხვა