რაგბი | ბორჯღალოსნების შემადგენლობა პორტუგალიასთან ფინალისთვის ცნობილია

2 months ago 37

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩისთვის, რომელშიც ბორჯღალოსნების მეტოქე პორტუგალია იქნება. ორი კვირის წინ რუმინეთთან გამარჯვების შემდეგ შემადგენლობაში სამი ცვლილებაა – ერთი ხაზში და ორი მარქაფაში.

ტრავმირებული მირიან მოდებაძის ნაცვლად ფულბეკად დავით ნინიაშვილი გადაინაცვლებს, რომელიც "მუხებთან" გარემარბი იყო და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ფლანგზე გამოცდილი ალექსანდრე თოდუა ბრუნდება, რომელსაც აქამდე რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტული ყველაზე მეტჯერ, 13-ჯერ აქვს მოგებული.

გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს, რომელსაც თასი 11-ჯერ აქვს შემართული, ცენტრში გიორგი კვესელაძე შეუწყვილდება. მეორე გარემარბი ბორჯღალოსნების საუკეთესო მელელოვე აკაკი ტაბუცაძეა, ღერძზე კი ვასილ ლობჟანიძისა და ლუკა მატკავას დუეტს ვიხილავთ.

დავით ნინიაშვილი ამჯერად ფულბეკის როლში მოგვევლინება

უცვლელია შერკინება. პირველ ხაზში თამაშს გიორგი ახალაძე, ვანო კარკაძე და ირაკლი აფციაური დაიწყებენ. მეორე ხაზში მიხეილ ბაბუნაშვილს გიორგი ჯავახია შეუწყვილდება, მესამეში კი თამაშს ილია სპანდერაშვილი, ბექა გორგაძე და თორნიკე ჯალაღონია იწყებენ.

მარქაფაში გამოჩნდა ფრანგული ნევერის მეორეხაზელი ლადო ჩაჩანიძე, რომელსაც ბორჯღალოსნების კვართით 15-ჯერ უთამაშია, კოკერილის რაზმში კი პირველადაა. ესპანეთთან მატჩის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა და შეცვლაზე ითამაშებს ბურჯი ბექა გიგაშვილი.

წინა თამაშის შემდეგ თადარიგში ადგილი შეინარჩუნეს კვაჭმა ლუკა ნიორაძემ, ბურჯმა გიორგი მამაიაშვილმა, მესამეხაზელმა ლუკა ივანიშვილმა, 9 ნომერმა მიხეილ ალანიამ, მგეზავმა თედო აბჟანდაძემ და ცენტრმა დემურ თაფლაძემ.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის გადამწყვეტი მატჩი 17 მარტს (თბილისის დროით 23:55 საათიდან) პარიზულ სტად ჟან ბუინზე შედგება და ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-16 ტიტულს შეუტევენ. საქართველოს ნაკრები ტურნირის გადამწყვეტ მატჩში პორტუგალიას ზედიზედ მეორედ დაუპირისპირდება. შარშან ესპანურ ბადახოსში გამართულ ფინალში ბორჯღალოსნებმა მეტოქეს 38:11 სძლიეს.

საქართველო პორტუგალიასთან

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ტულონი);
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (ბეზიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 6. ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), 7. ბექა გორგაძე (პო), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი).
სათადარიგოები: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი); 21. მიხეილ ალანია (ორიაკი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

სრულად წაკითხვა