რატომ არ დაუჭირა მხარი “ვეტინგზე” უზენაესის განცხადებას ორმა მოსამართლემ – არგუმენტები

4 weeks ago 16

ნეტგაზეთმა გამოითხოვა უზენაესი სასამართლოს 11 მარტის პლენუმის სხდომის ოქმი და აუდიო ჩანაწერი, სადაც მოსამართლეებმა მიიღეს განცხადება კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის წინააღმდეგ, რაც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების გზაზე ბრიუსელის ერთ-ერთი რეკომენდაციაა.

საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ უზენაესი სასამართლოს ნეგატიურ პოზიციას მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის შესახებ, არ დაეთანხმა ამავე სასამართლოს ორი მოსამართლე, ნინო ბაქაქური და ეკატერინე გასიტაშვილი.

ნეტგაზეთის მიერ სასამართლოდან გამოთხოვილი სხდომის ჩანაწერით ცნობილი ხდება ის არგუმენტები, რომლითაც ამ ორმა მოსამართლემ იხელმძღვანელა:

ნინო ბაქაქური

“ჩემთვის ნათელი არ არის რასთან დაკავშირებით ვაკეთებთ დღევანდელ განცხადებას… ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოხატულ პოზიციასთან დაკავშირებით თუ ეს განცხადება ეხება ევროკავშირის რეკომენდაციას საქართველოსადმი, სადაც ერთ-ერთ პუნქტად წერია, რომ მართლმსაჯულებაში უნდა განხორციელდეს გარკვეული ღონისძიებები, უფრო დეტალურად, უნდა მოხდეს იუსტიციის საბჭოს წევრების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და კანდიდატების და სხვადასხვა სასამართლოს თავმჯდომარეების კეთილსინდისიერების შემოწმების პროცედურის შემოღება.

ეს ევროკავშირის რეკომენდაციაა, რომლის შესრულების გზებისა და მეთოდების შერჩევა და ზოგადად ამ რეკომენდაციის შესრულების ფორმის მონახვა პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხზე და დარწმუნებული ვარ, თუკი ხელისუფლება ჩათვლის, რომ ამ რეკომენდაციის შესრულება მიზანშეწონილია, საქართველოს პარლამენტი აუცილებლად გამონახავს პროცედურის ისეთ ფორმას, რომელიც იქნება კონსტიტუციასთან შესაბამისი.

ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ დღესდღეობით ჩვენი მხრიდან ასეთი განცხადების გაკეთება  გარკვეულწილად პოლიტიკურ პროცესში ჩარევაა და არ მიმაჩნია მიზანშეწონილად.

რაც შეეხება ჩემს პერსონალურ მოსაზრებას ამ საკითხზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის კავშირის მოსაზრება ჩვენს მიმართ არანაირად არ ემსახურება მართლმსაჯულების ავტორიტეტის დაკნინებას. მე ვფიქრობ, რომ ეს რეკომენდაცია მიმართულია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო არენაზე ქართული მართლმსაჯულების ავტორიტეტის ამაღლებისაკენ და ყველა მოსამართლის მიმართა ნდობის კიდევ უფრო განმტკიცებისაკენ.

მე ვერ წარმომიდგენია, ჩვენ, კეთილსინდისიერი მოსამართლეები რატომ უნდა ვიყოთ წინააღმდეგი, ჩვენი კეთილსინდისიერების კიდევ ერთხელ, კონსტიტუციურ ფორმებში დადასტურებისა… და თუნდაც ასჯერ და ათასჯერ თუ ეს აუცილებელია მართლმსაჯულების განმტკიცებისათვის და თუ ეს გაუადვილებს საქართველოს იმ პროცედურების გავლას, რაც ასე მნიშვნელოვანია ევროპის კავშირში გაწევრიანებისთვის, რაც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის საუკუნოვანი სურვილია. მითუმეტეს, ყველა ვთანხმდებით, რომ საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური ინტერესი იცოდეს ყველაფერი მისი მოსამართლის პროფესიული საქმიანობის და ქონების შესახებ.

განცხადების ტექსტთან დაკავშირებით ძალიან დეტალებში არ შევალ, სამწუხაროა, რომ წინასწარ არ გვქონდა ეს ტექსტი და პლენუმის დაწყებამდე მხოლოდ რამდენიმე წუთით ადრე გავეცანი მის შინაარსს. ბევრი აბზაცის ფორმულირება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ამიტომ თქვენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად მე ვერ დავუჭერ მხარს ამ განცხადებას”.

ეკატერინე გასიტაშვილი

ამ დარბაზში სხედან მოსამართლეები, რომელთაც უამრავი წელი აქვთ გატარებული სამოსამართლო ხელისუფლებაში… დარგის შემქმნელები არიან…

ნამდვილად გვყავს უამრავი მოსამართლე, რომელთა თავზეც 30-წლიანი მარვალტალღოვანი რეფორმის მანძილზე შეიძლება ითქვას წისქვილის ქვაც კი დატრიალებულა და ბევრი გამოწვევისთვის გაუძლიათ.

მართლმსაჯულება რთული პროცესია. ჩვენ რაც არ უნდა გვსურდეს და კეთილსინდისიერად ვემსახურებოდეთ ჩვენს საქმეს, კითხვები ყოველთვის იქნება, თუმცა, რა თქმა უნდა, გვაქვს ისეთი განსაკუთრებული თმენის ვალდებულება, როგორიც სხვას არავის აქვს და აქედან გამომიდინარე ნამდვილად ვართ შებოჭილები გარკვეულ განცხადებებში.

მე ასევე ვიტყოდი, “ვეტინგის” სისტემაზე, რომლის მოდელებზეც ქეთიმაც (ცინცაძე) ისაუბრა და აღნიშნა წარუმატებელი მოდელები, თუნდაც ისტორიული კონტექსტი, რა ვითარებაში ჩატარდა ეს სხვადასხვა ქვეყანაში, რაზეც ბატონმა გოჩამ (აბუსერიძე) ბრძანა, ჩვენ საკანონმდებლო გზით არ გვაქვს არაფერი ამის თაობაზე და ცოტა მიჭირს მხარი დავუჭირო იმ ტექსტს, რომელიც თუნდაც რამდენიმე ჯგუფის განცხადებას შეადგენს. მე მაგალითად “ვეტინგს” საერთოდ არ ვახსენებდი (განცხადებაში) თუმცა ნამდვილად ვეთანხმები იმას, რაც მე-3 აბზაცში გვაქვს, რომ მუდმივი დაძაბულობის კლიმატის შექმნა რთულია სასამართლოების სისტემისთვის.

თუ განცხადებას გააკეთებდა [სასამართლო] ნამდვილად გავაკეთებდი იმ პოზიტიურ ჭრილში, რაც ბატონმა შალვამ [თადუმაძე] აღნიშნა. ცალსახად, თვითონ გადაწყვეტილებები და საქმეები თავის თავზე მეტყველებენ. სოცქსელებში დღე არ გავა მინიმუმ 10-მა ადვოკატმა არ აღნიშნოს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიაღწიეს ძალიან დიდ წარმატებას, როდესაც ისინი მადლობას უხდიან უზენაეს სასამართლოს გვარებს ახსენებენ ხოლმე და მადლიერები არიან იმ სამართლიანობისთვის, რაც აქ იპოვეს.

მე სიტყვა “ვეტინგს” მოვერიდებოდი [სასამართლოს განცხადებაში], განა იმიტომ, რომ ვინმეს რამე შიში აქვს, ადამიანებს რომლებსაც გვაქვს მანდატი, რომ გადაწყვეტილებები საქართველოს სახელით მივიღოთ და ამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, აქ შიშზე არაა საუბარი… აქ ლაპარაკია იმაზე რომ ჯერ არ გვაქვს არანაირი პროცედურა და თუკი ევროკავშირის რეკომენდაციიდან გამომდინარე მიიღო საკანონმდებლო ხელისუფლებამ გარკვეული [საკანონმდებლო] მოწესრიგება, მე მაგალითად თავს უხერხულად ვიგრძნობდი, რომ გავაკეთეთ განცხადება რაღაც მოწესრიგებაზე და შესაძლოა ის აბსოლუტურად მისაღები ფორმით იქნას მიღებული.

მთელ სასამართლო სისტემას მინდა დავუდასტურო პატივისცემა.

უხერხულობას ქმნის არარსებულ სისტემასთან დაკავშირებით ამაზე რეაგირება მაშინ, როცა მე არ ვიცი ხვალ საკანონმდებლო ხელისუფლება რა გადაწყვეტილებას მიიღოს და მე როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, პლენუმის წევრს განცხადება მაქვს გაკეთებული წინასწარ, რომ რაღაცას არ დავექვემდებარები და არ დავემორჩილები.

მე კანონმორჩილი ადამიანი ვარ. თვითონ ვემსახურები მართლმსაჯულებას და მოქალაქეც ასეთი ვარ: კანონმორჩილი . ვფიქრობ, შეიძლება ზოგადად გაკეთდეს განცხადება, თუმცა “ვეტინგს” ამ სიტყვას მხოლოდ ამიტომ არ ვეთანხმები, რომ არ გვაქვს მოწესრიგება და მავანთა მიერ წამოწეული თემა რა მოწესრიგებას პოვებს, ეს საკანონმდებლო ხელისუფლების გადასაწყვეტია.


სხდომას 22 მოსამართლე ესწრებოდა, საიდანაც განცხადების ტექსტს მხარი მხოლოდ სწორედ ზემოხსენებულმა ორმა მოსამართლემ არ დაუჭირა. მოსამართლეთა ნაწილი ტექსტის გამკაცრებას და უფრო მკვეთრი განცხადების გაკეთებასაც ითხოვდა.

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს ეხება, სასამართლო სისტემაზე ახალი რეკომენდაცია გაჩნდა.

ევროკომისია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ერთი წლის ვადაში მართლმსაჯულების სისტემაში დანერგოს საკვანძო თანამდებობებზე დანიშნული პირების ხელახალი შეფასების ექსტრაორდინალური მექანიზმი, რომელშიც გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულ კომისიას ექნება.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისია ტერმინ „ვეტინგს“ არ იყენებს, იურისტების შეფასებით, ეს ჩანაწერი, ფაქტობრივად, ხელისუფლებას სწორედ ამისაკენ მოუწოდებს, რაც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გადამოწმებას და ხელახლა შეფასებას გულისხმობს, მათ შორის მათი ფინანსების გამოაშკარავებით, შესაძლო ნეპოტისტური კავშირების შემოწმებით და სხვა.

„ქართული ოცნება“ უარს ამბობს, დანერგოს მექანიზმი, რომელიც სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვანი თანამდებობის მქონე მოსამართლეების კეთილსინდისიერების ხელახლა შეფასებას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე გირჩევთ

უზენაესის ორი მოსამართლე ე.წ. ვეტინგზე სასამართლოს განცხადებას არ ეთანხმება

უზენაესი სასამართლო „ვეტინგზე“: ლახავს სასამართლოსა და მოსამართლის დამოუკიდებლობას

ათამდე მოსამართლე კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს ემხრობა

სრულად წაკითხვა