რატომ არაბიძე - ტორპედოს ლიდერი ეროვნულ ლიგაში საუკეთესოა

1 month ago 22

ეროვნული ლიგა 2024 ხურდება - ჩემპიონატის დაწყებიდან 6 ტურია გასული და ტურნირს 15 ქულით ჩემპიონი დინამო ბათუმი ლიდერობს. უკრაინელი სპეციალისტის, ანდრიი დემჩენკოს გუნდი ბოლო ტურამდე უდანაკარგოდ მიდიოდა, იმის მიუხედავად, რომ ლიდერის თამაში მაინცდამაინც, დამაჯერებელი ვერ იყო, თუმცა ბოლოს იბერია 1999-თან (ყოფილი საბურთალო) 0:3 განადგურდა. სწორედ გიორგი მიქაძის გუნდია 13 ქულით მესამე პოზიციაზე. ამდენივე ქულით მეორეა გორის დილა, რომელიც დინამო თბილისს 2:2 დაუზავდა. 

ტურნირის კიდევ ორ ფავორიტს (ჩემპიონთან ერთად) მთლად იდეალური სტარტი ვერ გამოუვიდა - ტორპედო ქუთაისი 9 ქულით მე-4 პოზიციაზეა, ხოლო დინამო თბილისი 10-გუნდიან ეროვნულ ლიგაში მხოლოდ მეექვსეა (8 ქულა). დინამოს ზუსტად იმდენი ქულა აქვს, რამდენიც ელიტაში დაბრუნებულ ფოთის კოლხეთს. მიუხედავად ამისა, 12 გოლით საუკეთესო შეტევა ტორპედოს აქვს, რაც გიორგი არაბიძისა და ბიორნ იონსენის ტანდემის დამსახურებაა. 

საერთაშორისო ანალიტიკური (და სტატისტიკური) საიტებიდან ყველაზე უკეთ ეროვნულ ლიგას Sofascore აშუქებს, ჩვენც მის სტატისტიკას დავეყრდნობით. ვინ არის ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი პირველი 6 ტურის შემდეგ?

ტორპედოს ლიდერ გიორგი არაბიძეს საუკეთესო საშუალო შეფასება აქვს - 8.32. მეტიც, ლიგაში სხვა ფეხბურთელი არ არის, რომლის საშუალო შეფასება 8 ქულაზე მეტია. გიორგიმ სუპერგოლებით (4 გოლით იონსენთან და ორ სხვა ფეხბურთელთან ერთად თანაბომბარდირია) ეროვნული ლიგის სეზონს განსხვავებული ხიბლი შესძინა. სულ უფრო მეტი გულშემატკივარი ითხოვს, რომ მას ეროვნულ ნაკრებშიც მიეცეს შანსი. ყოველ შემთხვევაში, თამაშით ის ამას (შანსის მიცემას) აშკარად ყველაზე მეტად იმსახურებს. 

26 წლის ფეხბურთელს 4 გოლი აქვს გატანილი (0.7 გოლი მატჩში), ის საშუალოდ 4.0-ჯერ ურტყამს მეტოქის კარისკენ (2.0 - ზუსტად), მისი დარტყმების 17% გოლებად იქცა - ყველა ეს მონაცემი საუკეთესოა ჩემპიონატში. გიორგის ანგარიშზე 1 საგოლე პასიცაა. ის საშუალოდ 1.7 მნიშვნელოვან პასს აკეთებს, მისი პასების სიზუსტე კი 82%-ია. გიორგი დრიბლინგითაც საუკეთესოა 7.0 წარმატებული დრიბლინგი მატჩში (70% დრიბლინგების წარმატებული აქვს).  

არაბიძეს ხშირად დაცვაში თამაშს უწუნებენ (და ინტენსივობას), თუმცა ეროვნული ლიგის სტატისტიკა სხვა სურათს გვაძლევს. ფაქტია, ტორპედოში ის ამ მხრივაც ნორმალურად თამაშობს: 1.5 ჩაჭრა თამაშში და 3.7-ჯერ დაბრუნებული ბურთის ფლობა. ის მატჩში 11.7 ორთაბრძოლას იგებს (ორთაბრძოლების 49%). თან, არ მიუღია თუნდაც ყვითელი ბარათი. 

გიორგი არაბიძის სუპერგოლი კოლხეთთან

ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელები. Sofascore

1. გიორგი არაბიძე (ტორპედო) – 8.32
2. გიორგი კოხრეიძე (იბერია) – 7.73
3. გიზო მამაგეიშვილი (იბერია) – 7.58
4. მამუკა კობახიძე (ბათუმი) – 7.52
5. ნიკა გაგნიძე (დილა) – 7.43
6. საბა მამაცაშვილი (იბერია) – 7.40
7. დემეტრე გვასალია (კოლხეთი) – 7.40
8. ფილიპ კლიაიჩი (ტორპედო) – 7.40
9. აბუბაქარ კონტე (დილა) – 7.28
10. ბიორნ იონსენი (ტორპედო) – 7.27

საინტერესო ფაქტები

გიორგი კოხრეიძემ სეზონი ძალიან კარგად დაიწყო

🟠 ყველაზე მეტი საგოლე პასი ნიკა გაგნიძის (დილა) და დემეტრე გვასალიას (კოლხეთი) ანგარიშზეა - 3-3.  

🟠 გოლი+პასი - 5: გიორგი არაბიძე, შოთა ნონიკაშვილი, საბა მამაცაშვილი.

🟠 დარტყმებში ლიდერი გიორგი არაბიძეა - 4.0, შემდეგ მოდის გიორგი კოხრეიძე - 3.8 და საბა მამაცაშვილი - 3.0. ზუსტი დარტყმებითაც პირველი ტორპედოს ლიდერია - 2.0. 

🟠 პასების სიზუსტით დინამო ბათუმის კაპიტანი მამუკა კობახიძე ლიდერობს - 94%. ის საშუალოდ 69.5 პასს აკეთებს თამაშში. 

🟠 მნიშვნელოვანი პასებით ლიდერობს შოთა ნონიკაშვილი - 3.0 თამაშში. 

🟠 წარმატებული დრიბლინგები - არაბიძე - 7.0, გიორგი წიტაიშვილი 5.5. 

🟠 დაცვით უნარებში ლიდერობს ლეო ასუნსაო. სამტრედიის მცველი ჩაჭრებით (9.0) და სახიფათო ზონიდან გამოტანებით (8.0) ლიდერია. 

სრულად წაკითხვა