რეკავენ და კითხულობენ, როგორ შეიძლება სანქციების სიიდან ამოვშალოთ თავიო - ევროპარლამენტარი სანჩეს ამორი „ოცნების“ წარმომადგენლებზე

1 day ago 6

ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი, ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის წევრი აცხადებს, რომ ერთადერთი, რაზეც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები რეაგირებენ, პერსონალური სანქციებია.

ნაჩო სანჩეს ამორმა დღეს, 5 ივნისს, ევროპარლამენტში „ევრონესტის“ სხდომაზე ისაუბრა „ქართული ოცნების“ ქმედებებსა და ლიდერების განცხადებებზე, მათ შორის წაიკითხა ირაკლი კობახიძის მიერ ევროპარლამენტის შედარება საბჭოთა ინსტიტუტებთან, შემდეგ კი თქვა:

„საგარეო სამსახურსა და ევროკომისიაში კოლეგებისგან მივიღეთ უნივერსალური გზავნილი. ყველანი ამბობენ, რომ ერთადერთი, რასაც ამის [„ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებების] შეჩერება შეუძლია, არის პერსონალური სანქციები“, - თქვა ამორმა და განმარტა:

„ერთადერთი რამ, რაზეც რეაგირება ჰქონდათ, - ხალხს ურეკავდნენ, ცდილობდნენ, გაერკვიათ, ჩემს ქონებას, ესპანეთში ჩემს სახლს, ჩემს შვილს, რომელიც ბელგიაში სწავლობს, რა ბედი ეწევაო. ეს პერსონალური სანქციებია“.

„ეს ხალხი, ვისი სახელებიც გამოცხადდა, რეკავენ ევროკავშირში, არასამთავრობო ორგანიზაციებში და კითხულობენ, როგორ შეიძლება ამ სიიდან ამოვშალო თავიო“, - თქვა სანჩეს ამორმა.

სანჩეს ამორი გასულ კვირას თბილისში სამდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის (DROI) სხვა წევრებთან ერთად.

ესპანელი ევროპარლამენტარის ხელმძღვანელობით საქართველოში ჩამოსული დელეგაცია შეხვდა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრებს, საქართველოს სახალხო დამცველს, პროევროპულ აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრებს.

სრულად წაკითხვა