პარტია აცხადებს, რომ ტელეკომპანიის გამოყენებული ტერმინები „პირადი შეფასებები/ბრალდებებია“, ამ შემთხვევებში არ არის გამიჯნული ფაქტი და შეფასება, რაც არღვევს კანონმდებლობას, რის გამოც „ფორმულას“ უნდა დაუდგინდეს მოთხოვნათა დარღვევა და „შესაბამისი სანქცია“ დაეკისროს.
„ფორმულაში“ პასუხად აცხადებენ: „ქართულ ოცნებას“ სურს, ჩვენ გავჩუმდეთ“, ივანიშვილმა წამოიწყო მედიის დახურვის ფინალური სტადია“.
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, - კანონის თანახმად, დამოუკიდებელ უწყებას, რომელსაც წლებია, ბიძინა ივანიშვილის ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ყოფილი ხელმძღვანელი კახა ბექაური ხელმძღვანელობს, - „ქართულმა ოცნებამ“ 27 მაისს მიმართა.
ირაკლი კობახიძემ ამ საჩივრის კომისიაში წარსადგენად და პარტიის ინტერესების დასაცავად მინდობილობა გაუფორმა ადვოკატ ნათია ბოკუჩავას, - რომელმაც შეიტანა საჩივარი კომისიაში.
„ქართულ ონცება“, ჩანს, ყველაზე მეტად აღელვებს ლეგიტიმაციის საკითხი“, - თქვა ტელეწამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა დღეს საღამოს, 2 ივნისს, როდესაც მაყურებელს საჩივრის შესახებ შეატყობინა.
„ქართულ ოცნებას“ სურს, ჩვენ გავჩუმდეთ. მათი სურვილია, არ ვთქვათ, მაგალითად, „რეჟიმის პატიმრები“... „ქართული ოცნება“ მიმართავს თავისივე კონტროლირებულ მარეგულირებელ კომისიას, რომ ამ ფრაზის გამო ტელევიზია დაისაჯოს“, - თქვა ტელეწამყვანმა ვახო სანაიამ.
საჩივარი ეხება “ფორმულას“ ეთერში 22 და 24 მაისს გასულ საინფორმაციო გადაცემებში ჟურნალისტების საავტორო ტექსტში გამოყენებულ სხვადასხვა ტერმინებს. მაგალითად, ტერმინები, რასთან დაკავშირებითაც საჩივარია წარდგენილი, არის:
- „რეჟიმის პატიმრები“
- „ეგრეთ წოდებული პარლამენტის ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი“
- „ოლიგარქის ბიზნესპარტნიორი“
- „ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტრო“
- „პროპაგანდისტული საყრდენის ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი“
- „ოლიგარქის დეპუტატი“
- „პრორუსული პოლიტიკური რეჟიმი“ და სხვა.
„ქართული ოცნების“ იურისტის თანახმად, ეს ტერმინები არის „პირადი შეფასებები/ბრალდებები, რომლებიც ფაქტებისგან გამიჯნული არ არის“, რის შემდეგაც იგი საჩივარში წერს:
„ფაქტისა და შეფასების გამიჯვნა ჟურნალისტიკის მნიშვნელოვანი სტანდარტია. გამიჯვნის პრინციპი გულისხმობს ინფორმაციის ისეთი სახით მიწოდებას, რომ მაყურებელმა დაინახოს განსხვავება გაქტებსა და მოსაზრებას შორის. ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე და რომელიმე პოლიტიკური პარტიის საწინააღდეგო პოზიციის გამოხატვა“.
საჩივარში ასევე წარდგენილია „ფორმულას“ ფეისბუკზე გამოქვეყნებული ფოტო, სადაც გამოყენებულია ტერმინები: „რეჟიმის პრემიერი ირაკლი კობაზიძე“.
პარტიის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ მაუწყებლობის კანონის თანახმად, მაუწყებელს პასუხისმგებლობა ეკისრება სოციალურ ქსელში ინფორმაციის განთავსების გამოც.
„მათ სურთ, აგვიკრაძლონ ვთქვათ, რომ ეს რეჟიმის სასამართლოა. ანუ გავჩუმდეთ და არ გითხრათ, ვის ემორჩილება სასამართლო. მათ სურთ, რომ შალვა პაპუაშვილს არ ვუწოდოთ არალეგიტიმური თავმჯდომარე; მათ სურთ, რომ რომელიმე წულუკიანს ან სუბარს არ ვუწოდოთ ოლიგარქის დეპუტატი“, - თქვეს „ფორმულას“ ჟურნალისტებმა 2 ივნისს.
„ცხადია, ეს მხოლოდ დასაწყისია... ეს არის ცენზურა, რომელიც მიზნად ისახავს ისედაც ფინანსურად უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მედიის საბოლოო განადგურებას. რეჟიმს სურს, ჩვენ დაგვიწესოს ცენზურა... ერთი სიტყვით, ივანიშვილმა წამოიწყო მედიის დახურვის ფინალური სტადია“, - განაცხადა ვახო სანაიამ.