რინერი თბილისში? ლეგენდარული ფრანგი გრანდ სლემზე დარეგისტრირდა

2 months ago 44

ლეგენდარული ფრანგი ძიუდოისტი ტედი რინერი თბილისის გრანდ სლემზე დარეგისტრირდა და დიდი ალბათობით, მას მარტის მე-2 ნახევარში საქართველოს დედაქალაქში დაგეგმილ ტურნირზე ვიხილავთ.

რინერს სჩვევია შეჯიბრზე განაცხადის შეტანა და ბოლო წამს უარის თქმა, თუმცა, ის, რომ მისი გვარი განაცხადში ტურნირის სტარტამდე ათიოდ დღით ადრე გამოჩნდა, იმედს გვაძლევს, რომ 34 წლის ფრანგ სპორტმენს თბილისში ნამდვილად ვიხილავთ.

საფრანგეთის ნაკრები ჩვენთან ჩამოსვლას მრავალრიცხოვანი დელეგაციით აპირებს. წინასწარი ვერსიით, მათ კაცთა ტურნირზე 12 ძიუდოისტი ეყოლებათ, ქალებში კი – 13. ცხადია, რომ რინერის მსგავსად ტიტულოვანი სხვა არავინაა.

2022 წელს გურამ თუშიშვილმა ტედი რინერი ვაზარიზე დასცა, თუმცა, მოგვიანებით, ეს გამარჯვება გაუუქმეს

შეგახსენებთ, რომ ტედის მსოფლიოს ჩემპიონატი 10-ჯერ აქვს მოგებული, ევროპის - 4-ჯერ, ოლიმპიურ თამაშებზე კი ოქროს მედალი 2-ჯერ აუღია. მის აქტივში გრანდ სლემების 9 ოქროცაა, თუმცა, თბილისში მედალი არასდროს აუღია, ამდენად, თუკი რინერი მართლაც ჩამოვიდა და კვარცხლბეკზე ასვლაც მოახერხა, გარკვეულწილად ისტორიული მოვლენაც იქნება.

ქართულ გრანდ სლემზე ფრანგი ლეგენდის ასპარეზობის შემთხვევაში, არსებობს შანსი, კიდევ ერთხელ ვიხილოთ მისი და გურამ თუშიშვილის შერკინება, რომელიც ბოლოს ჩვენებურის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა, იმ ორთაბრძოლას სკანდალური გაგრძელება ჰქონდა. 

შეგახსენებთ, რომ თუშიშვილი და რინერი ერთმანეთს 2022 წლის ნოემბერში გორში გამართული ჩემპიონთა ლიგის ეგიდით დაუპირისპირდნენ და მაშინ გურამმა მრისხანე მეტოქე ვაზარიზე დასცა, თუმცა, მოგვიანებით ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ დაადგინა, რომ ქართველმა სპორტსმენმა აკრძალული ილეთი გამოიყენა და ის ჰანსოკუ-მაკეთი დასაჯა, თუმცა, გუნდურ ჩათვლაში შერკინების შედეგი უცვლელი დატოვა.

შეგახსენებთ, რომ  თბილისის გრანდ სლემი 22-24 მარტს არის დაგეგმილი, საქართველოს ნაკრების შემადგენლობა კი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

სრულად წაკითხვა