როგორ უყურებს ზვიად კირტავა (სოლომონ თერნალელი) მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს

1 week ago 4

ნეტგაზეთი გთავაზობთ ინტერვიუს ზვიად კირტავასთან, მედიცინის აკადემიურ დოქტორთან. კირტავა 2008-2013 წლებში სოლომონ თერნალელის ფსევდონიმით მიმდინარე საზოგადობერივ-პოლიტიკური პროცესების ცნობილი და აქტიური კომენტატორი იყო სოციალურ ქსელებში. იგი იმ პერიოდში გამოირჩეოდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მკვეთრი კრიტიკით.

  • Netgazeti: თქვენი აზრით, რატომ არის საფრთხის შემცველი მთავრობის მიერ წარმოდგენილი ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის“ კანონი, რომელსაც ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი რუსულ კანონად განიხილავს?

ჩემი აზრით, აღნიშნული კანონი და არა მარტო მისი ტექსტი, არამედ მისი რეალიზაციის ან შემდგომი განვრცობის შესაძლებლობები შეიცავს რამდენიმე სერიოზულ პრობლემას:

პირველ რიგში, მიუხედავად იმისა, რომ კანონის შარშანდელი ვერსიის ტექსტიდან ამოღებულია ტერმინი „აგენტი“, ის ტერმინიც, რომლითაც ზემოთდასახელებული სიტყვა ჩანაცვლდა – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ – აზრობრივად განსხვავებული არაა და სტიგმატიზაციის სერიოზულ რისკს შეიცავს.

ფაქტობრივად, ხელისუფლება გვეუბნება, რომ ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ნაწილი მოქმედებს არა საქართველოს ინტერესებში, არამედ უცხო ქვეყნის ინტერესებში. და ამის დადგენა ხდება იმ ფაქტით, რომ მათი დაფინანსების 20% ან მეტი უცხოეთიდან არის მიღებული. უნდა გითხრათ, რომ ამაში რაღაც ელემენტარული ლოგიკა არის, როდესაც ჩვენ დაფინანსებას ვიღებთ, გარკვეულწილად დამოკიდებული ვართ ამ დაფინანსების მომცემი პირის, ინსტიტუტის, ან სახელმწიფოს პოლიტიკაზე, მაგრამ ავტომატურად იმის გაცხადება, რომ ამ ფაქტით კონკრეტული პირი უნდა შეირაცხოს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად, არასწორია. თუ თანხა მოცემული იყო შშმპ პირების უფლებების დასაცავად, ან მაგალითად, ნიადაგის გამოფიტვის პრევენციის ღონისძიებების გასატარებლად, უცნაურია ვამტკიცოთ, რომ ან ერთი ან მეორე საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებში არაა. მე პირადად, და/ან ჩვენს ორგანიზაციას, წლების განმავლობაში მიღებული გვქონდა USAID-ის, შვედეთის SIDA-ს, შიდსის, ტუბერკულოზის და მალარიის საწინააღმდეგო გლობალური ფონდის; სამოქალაქო კვლევისა და განვითარების ფონდის (CRDF-Global)  და სხვა ორგანიზაციების დაფინანსება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საქმიანობა, რომელიც ნამდვილად თანხმობაში იყო აღნიშნული ორგანიზაციების პოლიტიკასთან და ამოცანებთან (სხვანაირად გრანტს არავინ იძლევა), რამენაირად წინააღმდეგობაში ყოფილიყო საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებთან და ამისათვის ჩვენთვის „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლების“ იარლიყის მოკერება არ იქნებოდა სწორი.

მეორე სერიოზული პრობლემა – თუ კანონის მიზანი მართლაც არის ფინანსური გამჭვირვალობის გაზრდა, რაც ვაღიაროთ – სრულიად ლეგიტიმური სურვილია სახელმწიფოს მხრიდან, მაშინ უცნაურია, რატომ არ ხდება მკვეთრი აქცენტირება იმაზე, რომ საქართველოში არის ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილი და აგრესორი ქვეყნის – რუსეთის მიერ დასპონსორებული ორგანიზაციები, რომელთა დაფინანსება, განსხვავებით – დასავლური ორგანიზაციებისგან მიღებული გრანტების უდიდესი ნაწილისა, საერთოდ გაუმჭვირვალეა და ლეგალური არხებით არც ხორციელდება.

არ გამოვრიცხავ, რომ დასავლური ორგანიზაციების მხრიდანაც 100%-ში არ იყო  გამჭვირვალობის პრინციპები იდეალურად დაცული, მაგრამ ასეთი კონკრეტული შემთხვევების გამოძიება პასუხისმგებლობის დადგენა, მგონი, არსებული კანონმდებლობის პირობებშიც შეიძლება და ვერ ვხედავ, რა აუცილებელი იყო გამონაკლისების გამო ახალი კანონის და რეესტრის შემოღება, იმის მაგიერ, რომ შავი ფულის და ნაღდი ფულის ნაკადების გამჭვირვალობაზე გვეფიქრა. სხვათაშორის, ეს არ ეხება მხოლოდ რუსულ ფულს. ლეგიტიმური ეჭვი მაქვს, რომ საქართველოში სხვა ავტორიტარული რეჟიმების წარმომადგენლობების საქმიანობაც და მათ მიერ სავარაუდოდ, დაფინანსებული ორგანიზაციების და პირების გამჭვირვალობა სერიოზული პრობლემაა და არ ვიცი, ამას ჩვენი ფინანსური და ძალოვანი უწყებები რამდენად სწავლობენ და ახდენენ პრევენციას.

ამავდროულად, ჩემი აზრით, პირველ – სტიგმატიზაციის – პრობლემის მიმართ,  არსებობს გარკვეული გამოსავალი, რომელიც იურიდიული კომიტეტის განხილვაზე იყო ნახსენები ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან და, ვფიქრობ, მისაღები უნდა იყოს არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებისათვის: თუ კანონში მეორე მოსმენისას ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ ჩანაცვლდება ტერმინით – „უცხოური დაფინანსების მიმღები“ ალბათ, ფორმა არ იქნება სტიგმის მატარებელი, რადგან ანალოგიური ფორმით ფაქტის დაფიქსირება ნებისმიერი დაფინანსების მიღებისას ისედაც სავალადებულოა არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის. სამწუხაროდ, არ ვიცი, ამ პირველ შეთავაზებას რაიმე კონკრეტული ნაბიჯები თუ მოჰყვა, კერძოდ, არასამთავრობო სექტორის მხრიდან.

  • Netgazeti: თქვენი დაკვირვებით, რა მეთოდოლოგიას იყენებს ხელისუფლება იმისათვის, რომ არსით რუსული კანონი წარმოაჩინოს როგორც დასავლური კანონი [არ იმჩნევს ათობით დასავლელი პოლიტიკოსის ღიად ნათქვამს, რომ ეს კანონი არ არის ევროპული]?

მე მგონი, ხელისუფლება ჯერაც იმ ხიბლშია, რომ შარშან მსგავსი კანონის ინიცირების შემდეგ საქართველომ მაინც მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, და აქვს ცდუნება, რომ წელსაც თავისი გაიტანოს და ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებასაც მიაღწიოს. აქ ერთი სერიოზული ცდომილებაა – შარშან ხელისუფლებამ კანონი თავად ჩააგდო და ევროკავშირის ლიდერებმა დაუფასეს ეს უკანდახევა, განსაკუთრებით კი ქართველი ხალხის შეუპოვარი მონდომების წყალობით.

წელს თუ „ქართული ოცნება“ ბოლომდე მიაწვება და გაიტანს კანონს იმ სახით, როგორც ის არის, ამით, ვშიშობ, არა მარტო ევროინტეგრაციის პროგრესი აღარ მოხდება, არამედ პირიქით, შეიძლება ურთიერთობებში სერიოზული გამყინვარება დაიწყოს. რაც, არა მგონი, ხელისუფლებას აწყობდეს – რადგან პირდაპირ ვთქვათ – უცხოური ხელისუფლებლების მხრიდან გადმორიცხული დიდი ტრანშების მთავარი ბენეფიციარი სწორედ ხელისუფლება არის და თუ ეს ტრანშები დროულად არ შემოვიდა, ბიუჯეტს და ლარს, მგონი, სერიოზული საფრთხე ელის.

მართლაც უცნაურია, ფაქტობრივად დასავლეთში არ დარჩენილა არცერთი მეტნაკლებად ცნობადი ლიდერი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება არ გაეფრთხილებინოს დასახლებული კანონის მიღების მკვეთრად უარყოფით შედეგებზე. საინტერესოა, რომ ქართული ოცნება სიტყვით ევროკავშირში ინტეგრაციის ერთგულად რჩება, მაგრამ გაუგებარია, თუ ის ადამიანები და ოფიციალური პირები, ვისზეც ჩვენი ქვეყნების ინტეგრაციაა დამოკიდებული, გვაფრთხილებენ, – ეს ნაბიჯი არ გადადგათ, თორემ ჩვენთან ინტეგრაცია დაივიწყეთო, მაშინ ამ გაფრთხილებების იგნორირება რას ემსახურება?

რაც შეეხება იმ დასავლურ კანონებს, რომლებზეც აპელირება ხდება – კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ფინანსური გამჭირვალობის სურვილი, ისევე როგორც უცხო ქვეყნების გავლენის შემცირების სურვილები ნამდვილად ბევრგან ლეგიტიმურად არსებობს და იარსებებს. მთავარი კონტექსტია. ამერიკული FARA ნაციზმისგან თავის დასაცავად იყო ინიციირებული და სხვათა შორის არ ეხება მედიას და არასამთავრობო სექტორს. ფრანგული და კანადური ანალოგების ძირითადი მიზეზი – ჩინური გავლენებისაგან თავისდაცვაა. ჩვენთვის შემოთავაზებული კანონის  განმარტებით ბარათში რა წერია? ის, რომ ხელისუფლება მტრული სახელმწიფოების ფინანსური ნაკადების გაუმჭვირვალობით არის შეშფოთებული? თუ ის, რომ სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ფერადი რევოლუციის მოწყობის საფრთხეა მმართველი ძალისთვის მთავარი? თუ შეშფოთების მიზეზები არსებობს (არ დაგვავიწყდეს, ამერიკის სპეცსამსახურები გერმანიის კანცლერსაც კი უთვალთვალებდნენ და ეს არ იყო ამ ორ მეგობრულ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნათელი წერტილი), სტრატეგიულ პარტნიორებს შორის მისაღებია სამთავრობო და დიპლომატიური არხებით აღნიშნული პრობლემების გადაწყვეტა,  და არა – ტელევიზორით დამუნათებითი მიმართვები. ეს ხომ მხოლოდ პუტინის, ლავროვის და დუგინის გულს ახარებს… სხვათა შორის, იმაში, რომ დუგინი და პესკოვი ქართულ ხელისუფლებას აქებენ, ახალი არაფერია – ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ქართული ხელისუფლება და ხალხი ერთმანეთს მაქსიმალურად გადაჰკიდონ, სწორედ მაშინ იჭერენ მღვრიე წყალში თევზს. დასანანი, ისაა, რომ ქართულ ხელისუფლებას არ ჰყოფნის გონიერება აგრესორების მსგავსი „შექებები“ სათანადოდ და ხმამაღლა შეაფასოს.

სხვათა შორის, თუ არ ჩავთვლით. ე.წ. დასმენის მე-8 პუნქტს, ქართული კანონი არც ისეთი ხისტია. მსოფლიო დემოკრატიული შეშფოთების მთავარი მიზეზი არის ის, რომ მსგავსი დასახელების კანონების მიღებამ რუსეთში, ბელარუსში და აზერბაიჯანში თანდათანობით მედიის და პოლიტიკურ/ადამიანს უფლებების დაცვის არასამთავრობო სექტორში ისეთი დრაკონული განვითარება ჰპოვა, რომ ეს ორივე სექტორი ფაქტობრივად, კანონგარეშედ გამოცხადდა. ეს უარყოფითი ანალოგია ძალიან ამძიმებს ქართული კანონის აღქმას.

ცალკე პრობლემაა ის, რომ როცა შარშან ამ კანონის უკან წაღების შემდეგ ევროკავშირმა სტატუსი მოგვანიჭა, ახლა ფიქრობენ, რომ ოცნების მხრიდან ეს იმთავითვე ჩაფიქრებული ტაქტიკური ხრიკი იყო და ეს აღშფოთებასაც აძლიერებს და სერიოზული რეპუტაციული ზარალიც ახლავს თან…

  • Netgazeti: როგორ ფიქრობთ – „გამჭვირვალობის უზრუნველყოფის“ კანონის მიღება არის “ქართული ოცნების” სურვილი თუ უჩინარი ხელის დავალების შესრულება?

არ მგონია, რომ ეს უჩინარი ხელის დავალების შესრულება იყოს. ხელისუფლებამ სამწუხაროდ, მიჩვევა იცის და ჯორჯ ვაშინგტონის და მაჰათმა განდის მსგავსი გენიოსი ლიდერების გენიალურობა სწორედ ის იყო, რომ ხელისუფლებაში საკუთარი დარჩენის ბუნებრივ სურვილს თავად მკაცრად დაუპირისპირდნენ. „ქართულმა ოცნებამ“, სამწუხაროდ, ჩათვალა, რომ მზად არის მარადიული მმართველობისათვის. ასეთი მისწრაფებები კი დემოკრატიისათვის შეუსაბამოა. ვფიქრობ, აღნიშნული კანონის ძირითადი მიზანი, უკვე საკმაოდ კონსოლიდირებული ძალაუფლების კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაციაა. მაგრამ ეს რომ ევროკავშირში ინტეგრაციის წინაპირობა იყოს, მაშინ, თურქეთს და აზერბაიჯანს ჩვენზე გაცილებით მეტი საფუძველი ექნებოდათ ამისთვის. ძალის უფლებას ჭკუის უფლება სჯობს ყოველთვის.

არ მგონია, რომ „ქართული ოცნება“ პრორუსული ხელისუფლებაა. მე მგონი, –  „პროოცნებურია“… მისი პროდასავლურობა კი შეიძლება საბოლოოდ დამარხულ იქნას, თუ დასახელებული კანონის შეუცვლელი ფორმით მიღებას დაუჭერენ მხარს. შეიძლება ვინმე ფიქრობს, რომ ამით „ქართული ოცნება“ თავის „პროქართველობას“ და „სუვერენულ დემოკრატიას“ დაამტკიცებს. მე მგონი, პროქართველობა იმით დამტკიცდება, თუ ქართველი ხალხის უკეთესი  მომავალი იქნება გარანტირებული. დღეს ამის გარანტია აშკარად დასავლური დემოკრატიის წიაღში არსებობს.  რუსეთი ჩვენი წარსულია, დღეს რუსეთს თავისთვისაც კი არ აქვს ნათელი მომავალი და პერსპექტივა. ჩვენ კი ძალიან ახლოს ვართ მისული დიდი ხნის ოცნების ასრულებასთან და ამის დამსხვრევის მოსურნეს მძიმე პასუხისმგებლობა ექნება სამუდამოდ მოკიდებული…

  • Netgazeti: საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეთ როგორც ბლოგერმა „სოლომონ თერნალელმა“. ახლა როგორ უყურებს „სოლომონ თერნალელი“ ამ პროცესებს და რა გზავნილი ექნებოდა მას საზოგადოებისადმი და ხელისუფლებისადმი?

სევდიანად და იმედით. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებების, სასამართლოს და მედიის თავისუფლების და არჩევნების ხარისხის მხრივ, მდგომარეობა გაუმჯობესდა, გაცილებით უკეთეს მომავალს და სწრაფ განვითარებას ველოდი. უფრო მეტად კი იმას, რომ ნაციონალური მოძრაობის სავალალო მემკვიდრეობაზე (მაგალითად, იუსტიციის საბჭოს პერსონალურ „ვარსკვლავებზე“, ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენების სიმბიოზურ გაფურჩქნაზე, პოლიტიკურად ანგაჟირებულ მედიაზე) თამამად და საბოლოოდ ვიტყოდით უარს.

კაცი იმედით ცოცხლობს. ის, რომ ამდენი წელია მშვიდობიანი ცხოვრება გვაქვს, ნამდვილად კარგია. მაგრამ მასობრივი მიგრაციის და დემოგრაფიული კრიზისის ფონზე, მოსახლეობის დიდ ნაწილში სიდუხჭირის ჯერაც ძალიან მაღალი დონით, – საკმარისიც არაა, როგორც ვატყობთ.

ამავდროულად, მე პირადად არ ვაპირებ დავარღვიო  ჰერაკლიტეს ის ძველი სიბრძნე, რომელიც ჩვენმა საყვარელმა ლექტორმა, ფილოსოფიის პროფესორმა დავით გეგეშიძემ გვასწავლა – ერთ მდინარეში ორჯერ შესვლას არ ვაპირებ, მიუხედავად იმისა, რომ ამისკენ ზოგი ნაცნობი და მეგობარი მომიწოდებს. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი განათლების ერთ-ერთ ყველაზე დაუღალავ ნოვატორთან – კახა შენგელიასთან ერთად ვმუშაობ როგორც კავკასიის უნივერსიტეტის, ასევე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მედიცინის პროგრამების განვითარებაზე. ვფიქრობ, რომ აქ მეტის გაკეთება შემიძლია საქართველოს მომავალი ევროპული მომავლისათვის, რომელიც ნამდვილად დადგება, მჯერა, (იმის მიუხედავად, როგორ კანონს მივიღებთ), რადგან ეს საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას სურს.

მე მგონი, ჩვენი საზოგადოება არ უნდა გაჩერდეს უკეთესი მომავლის ძიების გზაზე, და აქტიურად დააფიქსიროს თავისი შეხედულებები. მაგრამ, ამავდროულად, არ მგონია, რომ მომავალი იმ პოლიტიკოსებს ეკუთვნით, ძველი ჩონჩხები რომ კარადაში მიმალეს და კარგი მაკიაჟით ახლებად მოაქვთ თავი. ოცნების ხელისუფლებას ბოლო დრომდე ჰქონდა ერთი არცთუ ცუდი ჩვევა – შეიძლება საკმაოდ გვიან, მაგრამ მაინც ესმოდა ხალხის პროტესტი. ის ნაბიჯები, რაც ხელისუფლებამ ბოლო თვეში გადადგა, ძალიან უცნაური იყო – სხვას რომ თავი დავანებოთ, მკვეთრი კონტრპროდუქტიულობით. ფაქტობრივად მოახერხეს ის, რაც ოპოზიციამ ვერ ითავა – სტაბილური ანტისახელისუფლებო მუხტის შექმნა, თანაც – ახალგაზრდებში. არ ვიცი, როგორ შეძლებენ ამის გამოსწორებას, იმედია, ძალის გამოყენებით, – არა.

მიხეილ ქვლივიძეს ჰქონდა კარგი ლექსი, არ ვიცი, რამდენად ზუსტად მოვახდენ ციტირებას:

„…როცა გგონია, რომ გაიმარჯვე

და ზნე იჩინე დიდად ქებული,

სწორედ მაშინ ხარ უფსკრულთან ახლოს,

სწორედ მაშინ ხარ დამარცხებული. „

რეალობა ისაა, რომ უაღრესად სახიფათო დროში ვცხოვრობთ – ჩვენს ირგვლივ არა უბრალოდ კონფლიქტების, არამედ ყველაზე სისხლიანი, სასტიკი  და დამანგრეველი ომების კასკადია – უკრაინაში, ისრაელში. ძალიან მყიფეა მდგომარეობა ირანში, სირიაში, ერაყში და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. ასეთი კვაზიტექტონიკური რყევების ფონზე ძალიან ბევრ გლობალურ მოთამაშეს შეიძლება გაუჩნდეს სურვილი, რომ სწორედ აქ, ჩვენს პატარა ქვეყანაში მკვეთრი ნაბიჯების წყალობით დაიმკვიდროს თავი და აღიდგინოს შელახული რეპუტაცია. უაღრესად სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს ხელისუფლების მცდელობა, დღევანდელ სიტუაციაში ამ საყოველთაო დაძაბულობის მომტან კანონში არაფერი შეცვალოს, და „რკინის კაცის“ მანტია მოირგოს, და ბოლომდე გატანა სცადოს… და კიდევ უფრო შლეგური ოპოზიციის მცდელობა, რომ სადაც ვიწროა იქ გაწყდეს… ნებისმიერი პოლიტიკური მხარე შეიძლება დამარცხდეს, ამაში ტრაგედია არ იქნება… ტრაგედია მხოლოდ საქართველოს განადგურება იქნებოდა… სამოქალაქო დაპირისპირება და ახალი რუსული ინტერვენცია…

რაც ვთქვი, ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა, თუმცა ეს მოსაზრება ჩამომიყალიბდა როგორც საკუთარი ცხოვრებისა და ცოდნის, ასევე დიდწილად – ჩემი მეგობრების და კოლეგების გავლენით – „ჯეოქეისში“ – ვიქტორ ყიფიანთან და ბრწყინვალე პროფესიონალურ  გუნდთან ურთიერთობის საფუძველზე. მჯერა, რომ „ჯეოქეისი“ თავის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს პოლიტიკური განვითარების კუთხით.

საქართველოს ადგილი და ბედნიერება ევროპაშია! ამის უზრუნველყოფა ხელისუფლების კონსტიტუციური მოვალეობაცაა!

სრულად წაკითხვა