როგორია შენგელიას მდგომარეობა? ვირტუსმა განცხადება გაავრცელა

2 months ago 39
  • საქართველოს ნაკრების კაპიტანი მძიმე ტრავმას გადაურჩა
  • მან ვალენსიასთან კოჭი იტკინა და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა

საქართველოს ნაკრებისა და ვირტუს ბოლონიას კალათბურთელი თორნიკე შენგელია სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. ასეთია პირველადი დაკვირვების შედეგი, რომელიც იტალიური კლუბის პრეს-სამსახურმა გაახმაურა.

"შენგელიას მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარდა, რომელმაც სერიოზული დაზიანებები ვერ აღმოაჩინა. ის ყოველდღიური დაკვირვების ქვეშ იქნება და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, როდის შესძლებს მოედანზე დაბრუნებას", - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის ქართველმა მძიმე ფორვარდმა ტრავმა ესპანურ ვალენსიასთან ევროლიგის მატჩში მიიღო. პირველი მეოთხედი მიმდინარეობდა, როდესაც თოკომ თითქოს უწყინარ მარჯვენა კოჭი იტკინა, მოედანი კოჭლობით დატოვა და თამაშში აღარ დაბრუნებულა.

როგორც იტალიურ მედიაში იწერება, შენგელია ნამდვილად გამოტოვებს სერია A-ს მომდევნო ტურის მატჩს, 3 მარტს, სტუმრად სასარისთან. ასევე საეჭვოა მისი გამოჩენა 7 მარტს პირეოსში, როდესაც ვირტუსი ევროლიგის ეგიდით ოლიმპიაკოსთან სათამაშოდ ჩავა.

არადა, მიმდინარე სეზონში ბოლონიური კლუბის წარმატებულ თამაშში შენგელიას წვლილი ძალიან დიდია. ევროლიგაში მისი საშუალო მონაგარი 13.9 ქულა, 5.4 მოხსნა და 3.4 პასია, იტალიის ჩემპიონატში კი ის საშუალოდ 14.9 ქულას, 5.4 მოხსნასა და 3.7 პასს აგროვებს.

სრულად წაკითხვა