იტალიური მედიის ცნობით, 22 მაისს რომის „ჩამპინოს“ აეროპორტში დააკავეს 43 წლის მინდია გორაძე – ბათუმში დაბადებული საქართველოს მოქალაქე, რომელიც კრიმინალურ წრეებში ცნობილია, როგორც „ლავასოღლი ბათუმელი“.
„ლავასოღლი“ იტალიის სპეცრაზმმა, საჰაერო პოლიციამ და სასაზღვრო სამსახურმა, საერთაშორისო პოლიციურ თანამშრომლობასთან კოორდინაციით, გერმანული სანომრე ნიშნის მქონე მანქანაში ჩაჯდომისას დააკავა. ე. წ. კანონიერი ქურდი რეჯინა კოელის ციხეში გადაიყვანეს.
„ლავასოღლი“ კრიმინალური გაერთიანების ლიდერობისა და გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით 2023 წლის სექტემბრიდან საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა.
მინდია გორაძე ბოლოს 2023 წელს დააკავეს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში. მაშინ, გამოძიების მტკიცებით, საერთაშორისოდ ძებნილი „ლავასოღლი“ ტირანაში ყალბი პასპორტითა და უკრაინის მოქალაქის გვარით იმალებოდა და მას წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა.
„ლავასოღლის“ საქართველოში სხვადასხვა საქმეზე, დაუსწრებლად, ჯამში 22-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
მინდია გორაძის კრიმინალური ბიოგრაფია მოიცავს სხვადასხვა დანაშაულს, მათ შორის ორგანიზებულ დანაშაულებს – ქურდობას, რეკეტსა და ფინანსურ მაქინაციებს.
„ლავასოღლი“ გავლენიანი ფიგურაა ქართულ კრიმინალურ სამყაროში და მისი ავტორიტეტი ქვეყნის გარეთაც ვრცელდებოდა.
მანანა ბანძელაძე
ადრე ვწერდით, რომ ალბანეთში ყველაზე გავლენიანი ქართველი „კანონიერი ქურდი“ [ლავასოღლი] დააკავეს
ალბანეთში ყველაზე გავლენიანი ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს
მანამდე, 2018 წელს „ლავასოღლი“ (მინდია გორაძე) თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში (ტრაბზონი) დააკავეს და თურქეთი მის საქართველოში ექსტრადირებას ცდილობდა