საგამოძიებო და საპატიმრო დაწესებულებებში უცხო ქვეყნის 25 ათასი მოქალაქე იმყოფება; მათგან 18.5 ათასი - დსთ-ს [СНГ] ქვეყნებიდან არის. ამის შესახებ რუსეთის მედია იტყობინება, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის (ФСИН) ინფორმაციაზე დაყრდნობით.
11 სექტემბერს, ყაზანში, დსთ-ის მონაწილე სახელმწიფოების სასჯელაღსრულების სამსახურების ხელმძღვანელების შეკრებაზე - დაკავებულ პირებთან დაკავშირებულ გეგმებს განიხილავდნენ. რუსეთში, კერძოდ - თათრეთში, იგეგმება “ჰიბრიდული სუპერკოლონიის” აშენება, სადაც მსჯავრდებულებთან ერთად, ბრალდებულებიც განთავსდებიან. “სუპერკოლონიებში” განთავსებული პირები ადგილზე იმუშავებენ.
“რეალნოე ვრემიას” თანახმად, არსებობს გეგმა, რომ დსთ-ის ქვეყნების 18.5 ათასი მსჯავრდებული შეძლებს სასჯელის მოხდას სამშობლოში და ეს პირველებს - უზბეკ ქალებს შეეხებათ.
გოსტევის ინფორმაციით, აშშ-ის მოქალაქეების უმრავლესობა სასჯელს იხდის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის, სქესობრივი ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების, კონტრაბანდის, რუსეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და ძალადობრივი სახის დანაშაულების მუხლებით.
გოსტევის თანახმად, აშშ-ის 16 მოქალაქე იმყოფება რუსეთის საგამოძიებო იზოლატორებსა და კოლონიებში.
სხვადასხვა დროს, რუსეთში აშშ-ის მოქალაქეების გასამართლების არაერთი ფაქტი გასაჯაროვდა. 2026 წლის იანვარში ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ამერიკელ სამხედრო ვეტერანს, ჩარლზ უეინ ზიმერმანს, რომელიც საკუთარი იახტით, ატლანტის ოკეანის, ხმელთაშუა და შავი ზღვების გავლით, სოჭის პორტს მიადგა. შემოწმებისას, იახტაზე ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს, რაც რუსეთის სასაზღვრო სამსახურმა კონტრაბანდად ჩათვალა. ზიმერმანი ამტკიცებდა, რომ ეს მისი პირადი იარაღი იყო, თავდაცვისთვის.
2020 წელს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ვორონეჟში დაკავებულ ყოფილ ამერიკელ სამხედროს, რობერტ გილმანს. მას ბრალად ედებოდა ის, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პოლიციელთან იჩხუბა. შემდგომში, მეორე სასამართლომ გილმანს კიდევ რვა წელი დაუმატა იმის გამო, რომ მან უკვე კოლონიაში ყოფნისას თანამშრომლებთან იჩხუბა. 2026 წლის აგვისტოში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გილმანი „ჰუმანიტარული მოსაზრებებით“ შეიწყალა, რის შემდეგაც სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცეს.
როგორც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, 8 სექტემბერს, კონფერენციაზე დისტანციურად ჩართვისას, პუტინმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სხვა საკითხებთან ერთად, ტელეფონით ისაუბრეს ჰუმანიტარული გაცვლის გაგრძელების შესაძლებლობაზე და მათ შორის - საპატიმროებში მყოფთა ბედზე.
radiotavisupleba ახალი ამბები