რუსეთი ტერორისტულ თავდასხმაში "დასავლეთის ჩართულობის" გამოძიებას გეგმავს

1 month ago 12

რუსეთის სახელმწიფო გამომძიებლები ამბობენ, რომ შეისწავლიან ქვეყნის პარლამენტის მთხოვნას თავდასხმაში დასავლეთის ქვეყნების როლის შესახებ.

რუსეთის "უსაფრთხოების ფედერალური ბიუროს", იგივე "ეფ-ეს-ბე"-ს დირექტორი ამბობს, რომ მას სჯერა, უკრაინა ამერიკისა და ბრიტანეთის ჩართულობით მოსკოვის გარეუბანში, საკონცერტო დარბაზში მომხდარ თავდასხმაში იყო ჩართული. გამომძიებლები განიხილავენ პარლამენტის მოთხოვნას "ტერორისტული ქმედებების ორგანიზების, დაფინანსებისა და განხორციელების" საქმეში, დასავლეთის ქვეყნების როლის შესახებ. თავდასხმას რუსეთის საკონცერტო დარბაზში 139 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა "X"-ზე დაწერა: "რუსეთის მტკიცება თავდასხმაში დასავლეთისა და უკრაინის მონაწილეობის შესახებ აბსოლუტური ნონსენსია".

ვაშინგტონში, 26 მარტს გამართულ ბრიფინგზე, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ამასთან დაკავშირებით თქვა, რომ მოსკოვის განცხადება სიცრუეს წარმოადგენს. უკრაინის კავშირის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რადგან უკრაინას მომხდართან არანაირი კავშირი არ აქვს, ამბობს მილერი და აღნიშნულ განცხადებებს პროპაგანდის და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამართლების ნაწილად აფასებს.

ე.წ. "ისლამურმა სახელმწიფომ" მოსკოვში მასობრივ მკვლელობაზე პასუხისმგებლობა აიღო. ვაშინგტონსა და პარიზშიც დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ თავდასხმის უკან დაჯგუფების ისლამისტი მებრძოლები იდგნენ. თუმცა, კრემლი კვლავ უკრაინისა და დასავლეთის ქვეყნების ჩართულობაზე საუბრობს. პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ უკრაინამ თავდამსხმელებს "გასასვლელი ფანჯარა" მოუმზადა კიდეც.

რუსეთში, ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მსხვერპლიანი თავდასხმისას, ოთხი მამაკაცი კრასნოდარში, "კროკუს სითი ჰოლში" პარასკევს ღამით, საბჭოთა როკ ჯგუფის "პიკნიკის" კონცერტის დროს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად მოკლულია 139 და დაჭრილია 182 ადამიანი.

თავდასხმაში მონაწილეობისთვის ოთხი პირი დააკავეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებული ეჭვმიტანილებიდან ოთხივე პირი ტაჯიკეთის მოქალაქეა და ისინი დანაშაულს აღიარებენ. არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა ეს აღიარებითი ჩვენებები იძულების გზით იყოს მიღებული. ვარაუდის საფუძველს იძლევა კადრები, რომლებიც სასამართლო დარბაზშია გადაღებული, სადაც ჩანს, რომ დაკავებულებს მძიმე დაზიანებები აქვთ მიყენებული.

სრულად წაკითხვა