ტამბოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ევგენი პერვიშოვმა დილის 8 საათისთვის განაცხადა, რომ „მოგერიებულია“ კოტოვსკზე უპილოტო საფრენი აპარატების „მასირებული შეტევა“.
პერვიშოვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობით, ერთ-ერთი დრონის ჩამოგდებამ გამოიწვია ხანძარი, რომელიც ლიკვიდირებულია და არავინ დაშავებულა. სად იყო ხანძარი და რა მასშტაბის, დაკონკრეტებული არ არის.
კოტოვსკი ტამბოვის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრიდან, ქალაქ ტამბოვიდან 15 კილომეტრში მდებარეობს და მის „სამრეწველო თანამგზავრ“ ქალაქს უწოდებენ.
ერთი წლის წინ, 2024 წლის ივნისში უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ტამბოვის ოლქში მდებარე ნავთობის საცავზეც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადაუმოწმებელია, გასული ღამიდან დილის შვიდ საათამდე „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს” 32 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი და მათგან 5 - ტამბოვის ოლქში. თავდაცვის სამინისტრო არაფერს ამბობს ხმელეთზე შედეგების შესახებ.
უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსეთის არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.