უკრაინის თავდაცვის ძალებმა 19-დან 20 აგვისტოს ღამით და 20 აგვისტოს დილით შეტევა მიიტანეს რუსეთის სხვადასხვა რეგიონსა და ანექსირებულ ყირიმზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს" 726 უპილოტო საფრენი აპარატი. ეს სამინისტრო, როგორც წესი არ აკონკრეტებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ საწარმოებზე შეტევა დაადასტურა, თუმცა კონკრეტული ობიექტები არ დაუსახელებია. დრონებით და რაკეტებით შეტევის საფრთხე გამოცხადებული იყო რუსეთის ოცამდე რეგიონში და ანექსირებულ ყირიმში. დროებით დახურეს აეროპორტები.
თათრეთის რესპუბლიკა
რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის მეთაურმა რუსტამ მინიხანოვმა 20 აგვისტოს დილით სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ დრონებით მასირებული შეტევა იყო ქალაქ ნიჟნეკამსკზე, სადაც არიან დაშავებულები. მათი რიცხვი მინიხანოვს არ დაუსახელებია. მისი პრესსამსახურის თანახმად, დრონებით შეტევის შედეგად „არის დარღვევები სამრეწველო კლასტერის მუშაობაში“ და დაზიანებულია სახლები.
მინოტორინგის უკრაინული არხების, Exilenova+-ის და Supernova+-ის ინფორმაციით ნიჟნეკამსკში შეტევა იყო კომპანია „ტატნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „ტანეკოზე“.
- ამ ქარხანას უკრაინის თავდაცვის ძალებმა 10 აგვისტოსაც დაარტყეს.
- ნიჟნეკამსკის სამრეწველო ზონას, სადაც სხვა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებიცაა, უკრაინის ძალებმა ივნისშიც შეუტიეს.
კრასნოდარის მხარე
რუსეთის კრასნდოარის მხარის ოპერატიული შტაბის ცნობით, ტემრიუკის რაიონის დაბა ვოლნაში ხანძარი გაჩნდა საწარმოს ტერიტორიაზე. კონკრეტული საწარმო არ დაუსახელებიათ. ამ შტაბის თანახმად, პრიმორსკო-ახტარსკში დაზიანებულია ორი სახლი.
მონიტორინგის უკრაინული არხების ინფორმაციით, დრონებით შეტევა იყო ქვესადგურ „ტამანზე" და ვოლნაში მდებარე ტერმინალ „ტამანგაზნეფტზე".
ტელეგრამ-არხი „კრიმსკი ვეტერ" სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით წერს, რომ ხანძარი დაფიქსირებულია პრიმორსკო-ახტარსკის სამხედრო აეროდრომის რაიონშიც, რომელსაც რუსეთის არმია დრონების გასაშვებად იყენებს.
სხვა რეგიონები
უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად სახლების და ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების შესახებ განაცხადა ბელგოროდის, ულიანოვსკის, ვორონეჟის და კალუგის ოლქების ადგილობრივმა ხელისუფლებამ.
ოფიციალური ცნობებით, ულიანოვსკში ერთი ადამიანი დაშავდა, ბელგოროდში - ორი.
ანექსირებული ყირიმი
რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, უკრაინული დრონებით შეტევა იყო ენერგოობიექტებზე.
ყირიმის ქალაქებს და რაიონებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
radiotavisupleba ახალი ამბები