რუსეთის კრასნოდარის მხარის საკურორტო ქლაქ გელენჯიკზე უკრაინული დრონებით შეტევისას ოთხი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა. ეს „დაზუსტებული ინფორმაცია" 3 აგვისტოს დღისით ტელეგრამ-არხით გაავრცელა კრასნოდარის მხარის ოპერატიულმა შტაბმა.
მანამდე ცნობილი იყო, რომ დაიღუპა სამი ადამიანი და დაშავდა 13.
შტაბის თანახმად, დრონების „ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად“ დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია, ხოლო დაშავებულებს შორის ორი ბავშვი.
დრონი ჩამოვარდა არხიპო-ოსიპოვკის პლაჟზე. ეს სოფელი ადმინისტრაციულად ქალაქ გელენჯიკის შემადგენლობაშია. კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ცნობით, შეტევა იყო სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, თუმცა კონკრეტულად რომელ ობიექტზე, არ უთქვამს. არხიპო-ოსიპოვკიდან 27 კილომეტრშია „პუტინის სასახლედ“ წოდებული რეზიდენცია.
დამოუკიდებელი რუსული გამოცემა ASTRA წერს, რომ დრონი პლაჟზე ჩამოვარდა სავარაუდოდ, რუსეთის საჰაერო თავდცვის სისტემის ზემოქმედების შედეგად. ASTRA-მ ანალიზის შედეგად დაადასტურა, რომ უკრაინული ტელეგრამ-არხის Supernova+-ის მიერ გავრცელებული ვიდეო არხიპო-ოსიპოვკაშია გადაღებული. ვიდეოში ისმის ჯერ სროლის ხმა და შემდეგ ჩანს, რომ დრონი ნაპირზე ეცემა და ფეთქდება.
Supernova+-ის ინფორმაციით, პლაჟზე, სადაც დრონი ჩამოვარდა, რუსეთის მობილური საცეცხლე ჯგუფია განთავსებული. უკრაინული ტელეგრამ-არხის ცნობითვე, გელენჯიკში დასასვენებელი ბაზა აქვს მოსკოვის ოლქის ქალაქ რეუტოვში მდებარე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმო „მაშინოსტროენიეს“, რომელიც ფრთოსანი რაკეტებისა და სხვა სამხედრო ტექნიკის შემუშავებითაა დაკავებული. უკრაინული არხის თანახმად, დრონს ამ დასასვენებელ ბაზამდე 300 მეტრი დააკლდა.
უკრაინას კრასნოდარის მხარეში რომელიმე ობიექტზე შეტევის შესახებ ოფიციალურად არაფერი უთქვამს.
რუსული გამოცემა ASTRA გელენჯიკის მცხოვრებლებზე დაყრდნობით წერს, რომ მოსალოდნელი შეტევის გამო განგაში გამოცხადებული არ ყოფილა.

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·