რუსეთში აფეთქება მოხდა რკინიგზის კიდევ ერთ მონაკვეთზე

14 hours ago 2

რუსეთის ბრიანსკის, კურსკის და ვორონეჟის ოლქების შემდეგ რკინიგზაზე აფეთქება მოხდა ბელგოროდის ოლქშიც.

პირველი ცნობა, რომ ბელგოროდის ოლქის პროხოროვკის რაიონში, დაახლოებით ღამის ორ საათზე რელსებიდან ლოკომოტივი გადავარდა, თუმცა არავინ დაშავებულა, რუსეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რკინიგზის პრესსამსახურმა გაავრცელა. მას მიზეზი არ დაუსახელებია.

მოგვიანებით, დილის 8 საათისთვის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ რკინიგზაზე აფეთქება მოხდა.

გლადკოვის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა რელსის ქვეშ იყო ჩადებული. მატარებლების მიმოსვლა შეჩერდა.

5 ივნისს რკინიგზაზე აფეთქება მოხდა რუსეთის ვორონეჟის ოლქში. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, არავინ დაშავებულა.

1 ივნისს კურსკის ოლქში, სარკინიგზო ხიდზე მოხდა აფეთქება, რომლის შედეგად დაშავდნენ სატვირთო მატარებლის მემანქანე და ორი თანაშემწე.

31 მაისს, გვიან საღამოს ბრიანსკის ოლქში მომხდარმა აფეთქებამ რკინიგზის თავზე არსებული საავტომობილო ხიდი ჩამოანგრია, რის შედეგადაც ლიანდაგებიდან გადავარდა მოსკოვისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებლის რამდენიმე ვაგონი. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 7 და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა რკინიგზაზე მომხდარი აფეთქებების გამო სისხლის სამართლის საქმე ტერაქტის მუხლით აღძრა. პრეზიდენტმა პუტინმა „ტერაქტებში“ უკრაინა დაადანაშაულა.

უკრაინას რუსეთის რკინიგზაზე აფეთქებების შესახებ არაფერი უთქვამს.

სრულად წაკითხვა