WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

თბილისის მერია ამბობს, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი დაზიანებული ხე მოიჭრება.

ამ თემაზე დღეს ვიდეოჩართვისას ისაუბრა კახა კალაძემაც და აღნიშნა, რომ ხეს ფესვები აქვს დაზიანებული. მერთან ერთად ადგილზე იყო მისი მოადგილე ანდრია ბასილაია, რომელმაც აღნიშნა, რომ ხის მოჭრა შესაბამისი დასკვნის საფუძველზე გადაწყდა.

„მიწის მასის მოჭრის შემდეგ გამოჩნდა ფუღურო. დავიწყეთ სიტუაციის შესწავლა. მომზადდა დასკვნა. ეროვნული ბოტანიკური ბაღის წარმომადგენლებმა შესაბამისი მოწყობილობის საშუალებით, შეისწავლეს და გამოჩნდა, რომ ხე შიგნიდან არის დაზიანებული და არსებობს საშიშროება, შემდეგი დიდი ქარის დროს წაიქცეს. ამიტომ გვიწევს ამ ხის მოჭრა. გვაქვს შესაბამისი დასკვნები“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

მერიის ცნობით, კონსულტაციები მიმდინარეობს კაფე „სტამბის“ მიმდებარედ მდგარ ჭადრის ხეზე, რომელიც ხელს უშლის მიწისქვეშა გადასასვლელის ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოებს.

„ხის ფესვები გადის მიწისქვეშა გადასასვლელზე. ახლა ტარდება
ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები და ვდგავართ იმ რისკის ქვეშ, რომ ან ხე დაზიანდეს, ან ჩაიჭრას ფესვი ისე, რომ შემდგომ პრობლემები შეიქმნას უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ჩვენ ახლა ვმუშაობთ როგორც გარემოს, ისე ჰიდროსაიზოლაციო ექსპერტებთან, რათა თავიდან ავირიდოთ ხის მოჭრა, თუმცა ამის ალბათობა არსებობს“, – აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.


რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები 23 ივლისს დაიწყო. პროექტის პირველ ეტაპზე, მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები შეიცვლება – რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ცენტრალურ ქსელებს. ასევე, საჰაერო სადენები განთავსდება მიწისქვეშა საკაბელო არხებში და დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები.

ამასთანავე, პროექტის ფარგლებში, უნდა მოეწყოს ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა, განახლდეს გზის სავალი ნაწილი და ტროტუარი, დაიგოს ასფალტის საფარი.

პროექტის სრული ღირებულება 50 მილიონამდე ლარს შეადგენს.