საბერძნეთი: ახალი კანონი იმიგრაციის შესახებ – „ეს ფანჯარა სამუდამოდ იკეტება, არცერთი არალეგალის ლეგალიზაცია აღარ მოხდება“ (ვიდეო)

1 day ago 5

საბერძნეთის იმიგრაციისა და თავშესაფრის მინისტრმა მაკის ვორიდისმა ANT1-ის  ეთერში იმიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ ისაუბრა: „სექტემბერში განვიხილავ თავშესაფრის მიცემის საკითხებს, რომელიც ყველაზე უფრო რთული და ძნელია“, – თქვა მან.

„პრობლემა არალეგალების პოვნა არ არის. ΕΛΑΣ-მა 75 000 არალეგალი დააკავა. დაკავებულთა ამ რაოდენობიდან საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდა 5500 არალეგალი, მაგთან 2500 – ნებაყოფლობით, ძირითადად, ხანდაზმული ქალები და, სავარაუდოდ, მეტი ნაწილი – საქართველოდან. დანარჩენი 2500-3000-იდან უმეტესობა ალბანელი იყო. პრობლემა ის  კი არ არის, რომ მათ არ აკავებენ, რომ მათ არავინ იცნობს, არამედ ის, რომ ისინი არ ბრუნდებიან [საკუთარ ქვეყნებში]“, – განაცხადა მინისტრმა არალეგალურ იმიგრაციაზე საუბრისას.

ამ არდაბრუნების მიზეზებთან დაკავშირებით მაკის ვორიდისმა განმარტა, რომ გაძევების პროცესი რთულია, რამდენადაც ქვეყანამ, სადაც არალეგალს აბრუნებენ, უნდა აღიაროს, რომ დეპორტაციას დაქვემდებარებული პირი მისი მოქალაქეა.

იგი დოკუმენტების საკითხსაც შეეხო.

newsbeast.gr-ს მოჰყავს ციტატა მინისტრის საუბრიდან:

„პრემიერ-მინისტრის მანდატში უპირატესობა ეძლევა დაბრუნებას და ეს მანდატი მთლიანად არის შესაბამისობაში ევროპის დღევანდელ მანდატთან. ევროპას ესმის პრობლემა, ამიტომაც განიხილავს ის [არალეგალების საკუთარ ქვეყნებში] დაბრუნების შესახებ ახალ დებულებას“.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მომავალი საიმიგრაციო კანონი შექმნის ინსტრუმენტებს ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც ადმინისტრაციული გაძევება არ არის შესაძლებელი, ხოლო ადმინისტრაციული დაკავების შემდეგ, თუ დაბრუნების პროცესის დასრულება შეუძლებელია, იწყება სისხლისსამართლებრივი დევნა. საბერძნეთში 550 000 ლეგალური იმიგრანტი გვყავს. მათგან 200 000 – მესამე [ევროკავშირის არაწევრი] ქვეყნებიდანაა. ლეგალიზაციის პროცესი ჩატარდა“, – აღნიშნა მაკის ვორიდისმა.

მინისტრის თქმით, ისინი, ვისაც სურდა ლეგალიზაცია, ლეგალიზებულები არიან. ვორიდისმა გამოაცხადა, რომ საბერძნეთში არალეგალური იმიგრანტების ლეგალიზაციის პროცესი შეწყდა.

„არალეგალურმა იმიგრანტებმა აქამდე იცოდნენ, რომ თუ ისინი შეძლებდნენ ქვეყანაში [საბერძნეთში] 7 წლის განმავლობაში დარჩენას, მათ ლეგალიზაციის შესაძლებლობა ექნებოდათ. უფრო მეტიც, ცოტა ხნის წინ ჩატარდა იმ 40 000 ადამიანის ლეგალიზაციის პროცესი, რომელთაც საბერძნეთში, სულ ცოტა, 3 წელი იცხოვრეს. პროცესი 2025 წლის მარტში დამთავრდა. ამრიგად, ყველაფერი, რაც მათ უნდა გაეკეთებინათ, იყო სისტემის გაცურება 3 ან 7 წლის განმავლობაში. ახლა ეს ფანჯარა სამუდამოდ იკეტება: ახლა არცერთ არალეგალს არ შეუძლია ლეგალიზაცია“.

შემდეგ მაკის ვორიდისმა გაიხსენა ინციდენტი, როდესაც თურქებმა სროლა აუტეხეს ΕΥΠ-ის (ეროვნული სადაზვერვო სამსახური – რედ.) აგენტებს თესალონიკში. მისი თქმით, სერიოზული სამართალდარღვევის ჩადენის დროს არსებობს გაწვევის უფლება. მთავარია, იქამდე არ მივიდეს საქმე, რომ ვიღაც გავიდეს ქუჩაში და სროლა ატეხოს.

„მე დავპირდი პრემიერ-მინისტრს, რომ შემდეგი კანონპროექტი მინისტრთა საბჭოს მომდევნო სხდომაზე იქნება ლეგალური იმიგრაციის შესახებ, ადამიანური რესურსების უკმარისობის პრობლემის გადაჭრის მიზნით. სექტემბერში განვიხილავ თავშესაფრის მიცემის საკითხებს, რომელიც ყველაზე უფრო რთული და ძნელია“.

მან დასკვნის სახით აღნიშნა, რომ ეკონომიკური პრობლემები არ შეიძლება ლეგალური იმიგრაციის მიზეზად ჩაითვალოს, რადგან ასეთ შემთხვევაში საბერძნეთს მოუწევს, მილიონობით ადამიანის მისაღებად მოემზადოს.

ნინო ხოშტარია

სრულად წაკითხვა