საბერძნეთის ტყეებში გაჩენილი ხანძრის ქრობისას ერთმანეთს შეეჯახა ორი ვერტმფრენი. დაიღუპა ორი ადამიანი. კატასტროფა 2 აგვისტოს მოხდა ათენიდან დასავლეთით, დაახლოებით 65 კილომეტრში.
დაიღუპნენ ერთ-ერთ ვერტმფრენში მყოფი დანიელი პილოტი და საბერძნეთის სახანძრო სამსახურის ოფიცერი. მეორე ვერტმფრენში მყოფი ბრიტანელი პილოტი და ბერძენი კოორდინატორი გადარჩნენ. შეჯახებისას ერთ ვერტმფრენს ცეცხლი გაუჩნდა და ჩამოვარდა, მეორემ კი ავარიულად დაშვება შეძლო.
დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა.
საბერძნეთის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ორივე ვერტმფრენი Bell-ი ავსტრალიური კომპანია McDermott Aviation-ისგან დაიქირავეს ტყის ხანძრების ქრობის ოპერაციაში მონაწილეობისთვის. კომპანიამ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ ინციდენტის გამოსაძიებლად თანამშრომლობს საბერძნეთის შესაბამის სამსახურებთან.
საბერძნეთის არაერთი რაიონის ტყის მასივები მასშტაბურმა ხანძრებმა გასული კვირიდან მოიცვა. საჭირო გახდა ადგილობრივ მცხოვრებთა მასობრივი ევაკუაცია.
წყარომ საბერძნეთის მთავრობაში BBC-ს აცნობა, რომ კატასტროფის გამო შეჩერდა Bell-ის ტიპის ვერტმფრენების გამოყენება. ხანძრების ქრობის ოპერაციაში ისევ მონაწილეობენ სხვა ვერტმფრენები, მათ შორის Erickson Air Crane და Chinook.
ივლისში მასშტაბურ ხანძრებს ებრძოდნენ საფრანგეთი და ესპანეთიც. ხანძრები ამჟამად ლოკალიზებულია.

9 hours ago
8







English (US) ·
Georgian (GE) ·