საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო-უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე, შეტყობინების მიღებისთანავე, გამოძიება მყისიერად დაიწყო.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით, ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნება. მათ სამედიცინო დახმარებისთვის თბილისში მდებარე 6 სამედიცინო დაწესებულებას მიმართეს.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხულია 50-ზე მეტი აღსაზრდელის კანონიერი წარმომადგენელი და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები. საქმის გარემოებების დროულად დადგენის მიზნით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, ჩხრეკა, მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა 4 ბაგა-ბაღსა და ბაგა-ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიმწოდებელ 3 კომპანიაში.
საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით. ჩხრეკის ღონისძიებებში მონაწილეობენ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია. კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება.
გამოძიება გრძელდება. ყველა ბაგა-ბაღიდან, სადაც ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა, ამოღებული იქნება საქმისთვის მნიშვნელოვანი ნივთები, დოკუმენტები და საკვები პროდუქტები. გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება” | ნათქვამია განცხადებაში
მოგვიანებით განცხადება გაავრცელა სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც: “ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად დაიწყო მოკვლევა თბილისში ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე. ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტოს ინსპექტორებმა ბაგა-ბაღებიდან და სურსათის მიმწოდებელი კომპანიებიდან სურსათის ნიმუშები აიღეს და გამოსაკვლევად ლაბორატორიაში გადააგზავნეს. სააგენტო ლაბორატორიული კვლევის შედეგებს მიღებისთანავე გაასაჯაროებს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაგა-ბაღებში, სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე მონიტორინგი განახორციელა და ინფრასტრუქტურის კანონმდებლობასთან შესაბამისობა შეაფასა.
ამასთან, ბაგა-ბაღების კვების ბლოკებში, როგორც პრიორიტეტული მიმართულების ფარგლებში, აქტიურად გრძელდება სურსათის წარმოების სრული ჯაჭვის კონტროლი -სურსათის მიღების, შენახვისა და დამუშავების ეტაპებიდან მზა პროდუქტის გაცემამდე”
ცოტა ხნის წინ მთავარს თბილისის რამდენიმე საჯარო საბავშვო ბაღის მშობლებმა ბავშვების მასობრივი ინტოქსიკაციის შესახებ აცნობეს. როგორც ისინი გვიყვებოდნენ, ღამით საავადმყოფოებში მოზარდები პირღებინებითა და მუცლის ტკივილით შეიყვანეს. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე ბაღი დღეს დილიდან დაიკეტა. მშობლებს არ აქვთ პასუხი, რას შეიძლება გამოეწვია ბავშვების სავარაუდო მოწამვლა. მათივე ინფორმაციით, მოწამლულია 20-ზე მეტი ბავშვი. რაც შეეხება ბაღებს, საიდანაც ბავშვები სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს, როგორც მშობლები ამბობენ, მათ შორისაა, თბილისის 109-ე, 124 -ე, 46 -ე, 121-ე, 79-ე, 22-ე, 59-ე საბავშვო ბაღები
საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
odishinews საერთაშორისო