ისრაელის გადაუდებელი დახმარების სამსახურის ცნობით, 13-14 ივნისის ღამეს, ირანის იერიშების შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა.
განახლებული ინფორმაციით, რიშონ ლეციონში, თელ-ავივის სამხრეთით მდებარე დასახლებასთან, ირანის რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა.
მესამე ადამიანი დაიღუპა ირანის მიერ მანამდე განხორციელებული სარაკეტო იერიშის დროს, პარასკევს, გვიან ღამით. პოლიციის ცნობით, ქალი ქალაქ რამათ განში, თელ-ავივის აღმოსავლეთით, მაშინ დაიღუპა, როდესაც მას დაეცა იარაღის ფრაგმენტი.
13 ივნისს, გამთენიისას, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გამოაცხადა, რომ ირანში დაარტყეს „ბირთვული პროგრამის გულს“ - ურანის გამდიდრების მთავარ ობიექტს ქალაქ ნათანზში, ასევე ირანელ მეცნიერებს, რომლებიც ბირთვული ბომბის შესაქმნელად მუშაობდნენ და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის ცენტრს.
ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ ისრაელის ავიადარტყმების შედეგად დაიღუპნენ გენშტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ბაღერი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი სალამი და საჰაერო თავდაცვის ჯარების შტაბის ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი რაშიდი.
ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და შეიარაღებული ძალების სარდლობა ისრაელს მკაცრი პასუხით და შურისძიებით დაემუქრნენ.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, პარასკევ საღამოს ირანმა ისრაელზე საპასუხო დარტყმები განახორციელა და „ასობით სხვადასხვა ბალისტიკური რაკეტა“ გაისროლა. თეირანი აცხადებს, რომ ეს ისრაელის მიერ მანამდე ირანზე განხორციელებულ დარტყმებზე „გამანადგურებელი პასუხის“ დასაწყისია.
ავიადარტყმების ქვეშ მოხვდა 13-14 ივნისის ღამეს თელ-ავივი, სადაც დაშავდა სულ ცოტა 35 ადამიანი. 14 ივნისს, დილით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ირანის მიერ განხორციელებულ ავიაშეტევას სამი ადამიანი ემსხვერპლა.