„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვახტანგ გომელაურს, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაზე ამჯერად "სამშობლოსა და ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის" ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი გადასცეს.
მას ეს ჯილდო „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა გადასცა.
რამდენიმე თვით ადრე, იანვარში, "კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის" ყაველაშვილმა დასავლეთის მიერ სანქცირებული ვახტანგ გომელაური და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენითაც დააჯილდოვა.
ვახტანგ გომელაური აშშ-მ “მაგნიტსკის სიაში” ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის 2024 წლის 19 დეკემბერს შეიყვანა - პოლიციის ძალადობის გამო 2024 წლის ნოემბერში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ.
ადამიანის უფლებების ხელყოფა, მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე პოლიციის ძალადობა კი გომელაურისთვის ბრიტანეთის, ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის ფინანსური და მოგზაურობის შემზღუდავი სანქციების დაწესების საფუძველი გახდა.
ვახტანგ გომელაური თანამდებობიდან 28 მაისს გადადგა და განაცხადა, რომ „გადაწყვიტა ოჯახს მეტი დრო დაუთმოს“. ის თანამდებობაზე გელა გელაძემ შეცვალა.
“ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი ხელმძღვანელი მნიშვნელოვან სახელმწიფო თანამდებობებს ბოლო 10 წლის განმავლობაში იკავებდა - 2015 წელს 8 თვე იყო შს მინისტრი, 2015-2019 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა, 2019 წლის 8 დეკემბერს კვლავ შსს-ში დააბრუნეს - სადაც მაშინ პრემიერად დაწინაურებული და აწ უკვე ოპოზიციაში წასული გიორგი გახარია ჩაანაცვლა, მინისტრის პოზიციაზე.
ვახტანგ გომელაურის გარდა, პოლიციელის დღისადმი მიძღვნი ღონისძიებაზე მედლები გადაეცათ 8 და 11-პირიან სისხლის სამართლის საქმეებში დაზარალებულის სტატუსის მქონე პოლიციელებს - გიორგი ზაბახიძესა და გრიგოლ ჭანტურიძეს.
ჯილდო მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარიამ კერესელიძემ, რომელიც შსს-ს წარმოადგენდა, ანი ქავთარაძისა და თორნიკე სხვიტარიძის საქმეში.
დაჯილდოებულთა შორის ასევე არიან:
- დავით კიკნაძე – კრიმპოლის ცენტრალური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
- ხატია კეშელავა – შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვის სამმართველო
- ალუდა ლაგაზაური – გდდ სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველო
- თეონა ბალაბანიშვილი – დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს მართლწესრიგის ოფიცერი
- გიორგი ზაბახიძე – დეტექტივი, დაზარალებულის სტატუსის მქონე 8- და 11-პირიან საქმეებში
- კახაბერ მურადაშვილი – თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
- ანზორ ხმიადაშვილი – გდდ-ის სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე
- ეკა ზაალიშვილი – ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორი
- თემურ მღებრიშვილი – საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
- ვახტანგ გომელაური – ყოფილი შს მინისტრი
„ოცნების“ ახალმა მინისტრმა გელა გელაძემ მედლები გადასცა:
- ლაშა თავაძე – კრიმპოლის ნარკოტიკების უკანონოდ ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი
- მარიამ კერესელიძე – იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი
- ბესიკ კახნიაშვილი, ნიკოლოზ ფურცელაძე, გურამ პერტენავა,ნიკოლოზ ჩუგუაშვილი – სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის თანამშრომლები
- ზურაბ წიკლაური – გდდ-ის ერთ-ერთი სამმართველოს სპეცტექნიკის განყოფილების უფროსი
- დავით ცოფურაშვილი
- ფრიდონ ხიმშიაშვილი – ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორის განყოფილების უმცროსი ინსპექტორი
- გიორგი გრიგალაშვილი – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი
- გრიგოლ ჭანტურიძე – ძველი თბილისის მეორე სამმართველოს უფროსი, დაზარალებულის სტატუსის მქონე 8- და 11-პირიან საქმეებში
- გიგლა მამსირაშვილი, ზურაბ ლონადრიძე – დეტექტივები
- რომან ქიქოძე – 112-ის ვიდემეთვალყურეობის სამმართველოს უფროსი
- ჯაბა პიტარიშვილი – საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე
- გიორგი ჩხიკვაძე – აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მეხანძრე-მაშველი
- გრიგოლ თურმანიძე – ვაკე-საბურთალოს პოლციის თანამშრომელი
- თორნიკე მარსაგიშვილი – ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი.