'სამშობლოში დაბრუნება განსაკუთრებულია' - ილია თოფურია საქართველოშია

2 months ago 57
  • UFC-ის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია თბილისშია
  • 27 წლის მებრძოლს საქართველოში მაგარი დახვედრა მოუწყვეს

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი, ილია თოფურია საქართველოშია! 27 წლის ქართველი მებრძოლი ჩარტერული რეისით თბილისში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა და როგორც მოსალოდნელი იყო, აეროპორტში მას უამრავი გულშემატკივარი დახვდა.

ცოტა ხნის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ თოფურია ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალის წინ, რომელშიც ჩვენი ნაკრები ლუქსემბურგს დაუპირისპირდება, საჩემპიონო ქამარს წარადგენს. შეხვედრა 21 მარტს, "დინამო არენაზე" გაიმართება და ილია, რა თქმა უნდა, სავსე ტრიბუნების წინაშე წარსდგება.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ქართველმა მებრძოლმა კომენტარი "მთავარ არხთან" გააკეთა: "ძალიან ბედნიერი და ძალიან გახარებული ვარ ასეთი დახვედრისთვის, მადლობელი ვარ ყველა ადამიანის, ვინც მოვიდა, რომ მხარი დამიჭიროს. უდიდესი ენერგია არის აქ და მადლობის გარდა არაფერი მეთქმის. სამშობლოში დაბრუნება ყოველთვის განსაკუთრებულია".

თოფურიამ ქვემსუბუქი წონის ქამრის მოსაპოვებლად ლეგენდარული სპორტსმენი, ალექსანდერ ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში, ნოკაუტით დაამარცხა. როგორც იცით, ილია ესპანეთში ცხოვრობს და ამ გამარჯვების შემდეგ ის გახდა პირველი ქართველი და პირველი ესპანელი მებრძოლი, რომელმაც UFC-ის ქამარი მოიპოვა.

აქვე ვიტყვით, რომ მოქმედ ჩემპიონს მადრიდშიც მაგარი დახვედრა მოუწყვეს - ქართველი მებრძოლი აეროპორტის გასასვლელამდე პოლიციამ და სამოქალაქო გვარდიამ მიაცილა, იქ კი მას უამრავი გულშემატკივარი დახვდა. ამის შემდეგ კი მან საჩემპიონო ქამარი სანტიაგო ბერნაბეუზე, მადრიდის რეალისა და სევილიას შეხვედრამდე წარადგინა, შემდეგ კი ბურთი თამაშში შეიყვანა.

მალევე თოფურიამ ესპანეთის მოქალაქეობის მიღებაზე დადებითი პასუხი მიიღო. ამის შესახებ ესპანეთის სპორტის მინისტრმა პილარ ალეგრიამ, მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა.

სრულად წაკითხვა