სანიოლი ფინალის წინ: ოცნება საკმარისი არ არის, მთავარია, რას გააკეთებ მოსაგებად

1 month ago 41
  • 📅 26 მარტი | 🏟 დინამო არენა | ⌚ 21:00 | ⚽ საქართველო V საბერძნეთი
  • რა თქვა ფინალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლმა

მთელი საქართველო საბერძნეთთან ფინალის მოლოდინშია. ერთი მოგება და ევროპის ჩემპიონატზე ვართ! ერთი ნაბიჯიც და ათწლეულების ოცნებას ავიხდენთ!

ევრო 2024-ზე გამსვლელი ფინალის წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ემოციურად ისაუბრა.

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): 

...ფინალისთვის მზადების პროცესზე: "აღდგენისთვის მეტი დრო გვქონდა. ლუქსემბურგთან მატჩის შემდეგ, ყველა მოთამაშე მზადაა. ერთი ვარჯიში დაგვრჩა, ვეცდებით, რომ ყველა დეტალი გავიაროთ და საბერძნეთთან საუკეთესო მატჩი ვაჩვენოთ. მოწინააღმდეგეზე ბევრი საუბარი არ მიყვარს - მირჩევნია, რომ ჩვენს მეტოქეზე არ ვისაუბრო და ვიმუშაოთ ჩვენს ამბებზე."

...გამარჯვებულის მენტალიტეტზე: "როცა გავიგეთ, რომ ბერძნებთან თამაში მოგვიწევდა, უკვე ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველის. მათ კარგი მოთამაშეები ჰყავთ. ეს ფინალია, ორივეს მოგება უნდა. გამარჯვებულის მენტალიტეტი გულისხმობს, თუ რას გააკეთებ მოგებისთვის. ხშირად ვუხსნი ფეხბურთელებს, რომ მოსაგებად ოცნება საკმარისი არაა. ოცნება შვილებსაც და ჩემს მშობლებსაც შეუძლიათ, თუმცა ისინი ვერ თამაშობენ. წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ყველაფერი უნდა გააკეთო. ჩემმა მოთამაშეებმა ძალიან მოუმატეს, ისინი ახლა ყველაზე კარგად არიან მზად და ჩვენ ვისწრაფვით, რომ ქვეყანასთან ერთად მოვემზადოთ და ვითამაშოთ ეს მატჩი."

'მზად ვართ 120 წუთისთვისაც, თუ ეს საჭირო იქნება და პენალტებისთვისაც ვემზადებით'

...შესაძლო დამატებით დროზე: "ლუქსემბურგთან მე-60 წუთიდან მეტნი ვიყავით, მე ფეხბურთელები შევცვალე. მჯეროდა, რომ სხვებიც გამარჯვებულის მენტალიტეტით შევიდოდნენ. მზად ვართ 120 წუთისთვისაც და იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებთ. ჩაკვეტაძე და ქოჩორაშვილი ჯერ ინდივიდუალურად ვარჯიშობენ, ემზადებიან მომდევნო დატვირთვებისთვის."

...შესაძლო პენალტებზე: "თერთმეტმეტრიანების სერიისთვისაც ვემზადებით, რადგან ფინალში შეიძლება ასეთი სცენარიც იყოს."

...ფეხბურთელების მზადყოფნაზე: "ყველა მოთამაშე მზადაა, 26-ივე ფეხბურთელი და სამი განაცხადს მიღმა დარჩება. არადა, ყველა მზადაა, რომ ძირითად შემადგენლობაში ითამაშოს. სამწუხაროდ, ვერ გეტყვით, ხვალინდელ შემადგენლობას. ყველას უნდა ხვალ გამარჯვება და ყველა მზად არის, რომ ხვალინდელ მატჩში თავისი წვლილი შეიტანოს. მნიშვნელობა არ აქვს ინდივიდუალურ წარმატებას, აქ მთავარია, მთელმა ქვეყანამ მოიგოს."

სანიოლი პრესკონფერენციაზე ოთარ კაკაბაძესთან ერთად იმყოფებოდა.
კაკაბაძის კომენტარებს ამ სტატიაში ნახავთ.

...გეგმაზე: ჩემი რეაქცია ლუქსემბურგთან მოგების შემდეგ ასეთი იყო: ბედნიერი ვიყავი, გუნდმა ყველა დავალება ზუსტად შეასრულა. გვინდა, რომ ვიამაყოთ საკუთარი კარგი მოქმედებით. ემოციურად ვუთხარი ფეხბურთელებს, რომ კარგი იყო ის, რაც ლუქსემბურგთან გავაკეთეთ. ხვალისთვისაც გვაქვს გეგმა, თქვენ ახსენეთ რეცეპტი, ეს რეცეპტი არ არსებობს. მაშინ მე მწვრთნელი არ ვიქნებოდი და შევქმნიდი ჩემს კომპანიას, რომელიც ამ რეცეპტს გაყიდდა. ეს ფეხბურთია, ლუქსემბურგთან მოვიგეთ, მაგრამ არ ვიცით, სხვა დროს მატჩი როგორ დასრულდება. მინდა, რომ ის შრომა დაფასდეს, რასაც ამ საქმეში ვდებთ."

...ფსიქოლოგიურ ფაქტორზე: "ფსიქოლოგის დიპლომი არ მაქვს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, თუკი ვიგრძნოვდი, რომ ბიჭები წნეხის ქვეშ არიან, ხელმძღვანელებთან ვიტყოდი, ფსიქოლოგი გვჭირდება-მეთქი. ბიჭები ემოციას აკონტროლებენ და ვიცით, როგორ გავუმკლავდეთ ამ სტრესს და წნეხს, თუმცა გეთანხმებით, რომ ხანდახან ესეც საჭიროა."

...განვითარებაზე: "როცა პოზიტიურ განვითარებაზე საუბრობ, მხოლოდ ერთი მატჩით ვერ იმსჯელებ. ამ მაჩვენებელს დიდი სპექტრით უნდა შევხედოთ. 2020 წლის სექტემბერში ჩვენ ვიყავით D ლიგაში, ახლა ვართ B ლიგაში ინგლისთან ერთად. ინგლისივით ნაკრები არ ვართ, არც ვედრებით. შვედეთი ახლა C ლიგაშია, მაგრამ არც მათ ვედრებით. განვითარება მართლაც შესანიშნავია, ვლადიმირ ვაისმაც ბევრი გააკეთა. ფედერაციამ და ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს. ხვალ შეიძლება მოვიგოთ ან წავაგოთ, მაგრამ დიდი განვითარება და პროგრესი იგრძნობა. ვეცდებით, რომ ეს პროგრესი კონკრეტულ შედეგში ავსახოთ."

მეტი ნაკრების თემაზე

საქართველოს და საბერძნეთის ნაკრებები ერთმანეთს ცხრაჯერ შეხვდნენ. ამ მატჩებიდან რვა თამაში ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევ ციკლებში ჩატარდა, ერთი მატჩი, სულ პირველი, რომელიც 1996 წელს გაიმართა, ამხანაგური იყო. ბერძნებს შვიდი გამარჯვება აქვთ, ორჯერ კი გუნდებმა ფრედ ითამაშეს. 

სრულად წაკითხვა