საქართველო, ბუდუ და ერთი ნაბიჯიც - როგორ გავედით ფინალში

1 month ago 52
  • საქართველომ დამაჯერებლად და სოლიდურად გაიმარჯვა
  • თავდამსხმელების დუეტმა კარგად იმუშავა
  • სანიოლმა შემადგენლობა სწორად შეარჩია
  • იდეალური საფეხბურთო საღამო შედგა

"გასვლითი შეხვედრის" ჩემი საყვარელი გადაცემის ერთ-ერთი მთავარი გმირი ბუდუ ზივზივაძე იყო. ახლოდან, ადამიანურად მაშინ დავინახე. არ შეიძლება ის გადაცემა გენახა, ეგ ბიჭი ახლოდან აღმოგეჩინა და მისკენ არ ყოფილიყავი. თავმდაბალი, ალალი, ნაღდი და მებრძოლი - ბევრჯერ არ გაუმართლა და მაშინ, დეკემბერში დაგვპირდა, რომ მარტის თამაშებს განსაკუთრებულ ფორმაში შეხვდებოდა. ასეც მოხდა. ფეხბურთი დიადი თამაშია, იმიტომ რომ შიგნიდან თავისებური ლოგიკა და სამართლიანობა აქვს. ბუდუ მატჩის მთავარი გმირი იყო, სტადიონი მის სახელს დამსახურებულად სკანდირებდა და საქართველომ დამსახურებულად, დამაჯერებლად გაიმარჯვა. ძალიან მაგარი საფეხბურთო საღამო გამოვიდა.

სანიოლის არჩევანი

მატჩის წინ საქართველოს ნაკრები და მისი შემადგენლობა ბევრ კითხვას იწვევდა. ჯერ ერთი, ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ჩვენი ნაკრები რთული წარმოსადგენი იყო. ხვიჩაზე დამოკიდებულება ბოლო პერიოდში იმდენად დიდი იყო, რომ ზუსტად ვერ იტყოდი, საქართველო მის გარეშე როგორ ითამაშებდა.

მეორეც, კითხვები ჩნდებოდა თითქმის ყველა ხაზში. ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა ის იყო, თუ ვინ შეცვლიდა ხვიჩას და ვინ ითამაშებდა მიქაუტაძე-ზივზივაძის დუეტიდან. სანიოლმა სხვანაირად გადაწყვიტა და ორივე ერთად ათამაშა. მე, მაგალითად, თითქმის გამოვრიცხავდი, რომ ბუდუ და მიქაუტაძე ერთად იქნებოდნენ. ასეთ თამაშებში მწვრთნელები უფრო სიფრთხილეს იჩენენ ხოლმე. ამჯერად პირიქით მოხდა - ორი ფორვარდი იყო და მათ უკან გიორგი ჩაკვეტაძეც თამაშობდა.

ასე თამაში შესაძლებელი გახადა მიქაუტაძის მანევრულობამ. ის უფრო მეორე, თავისუფალი ფორვარდის როლში თამაშობდა, გამოდიოდა საჯარიმოს გარეთ, გადადიოდა ფლანგებზე და ბევრს მოძრაობდა. შეიძლება, ვინმეს მოეჩვენა, რომ მიქაუტაძისთვის ეს ყველაზე დასამახსოვრებელი შეხვედრა არ იყო, თუმცა მისი მობილურობა და მანევრულობა გუნდს ტაქტიკურად ძალიან დაეხმარა. ის ხშირად ჩნდებოდა იმ ზონებში, რომლებშიც მეტოქე ნაკლებად ელოდებოდა.

ლუქსემბურგი საკმაოდ მაღლა ამოწეული დაცვის ხაზით თამაშობდა. მატჩის წინა ანალიზშიც დავწერე, რომ ამ გუნდს მთელი გუნდით საჯარიმოში დგომა და აშკარა მეორე ნომრად თამაში არ უყვარს. დაცვის ხაზი ხან თითქმის ცენტრამდე იყო ამოწეული. მთელი თამაში ველოდებოდი, ამ ამოწეულ ხაზში, დაცვის უკან ბურთს როდის გადაკიდებდნენ და მიქაუტაძე, რომელიც ძალიან სწრაფია, როდის გაიქცეოდა. ნორვეგიასთანაც ასე გაიქცა. ეს წითელი ბარათის მომენტში გამოვიდა. გიორგი გაიქცა, მეტოქის შეცდომით ისარგებლა, პოზიცია მოიგო და შემდეგ ზურგი და საყრდენი ფეხი დიდოსტატურად დაუხვედრა. დეტალი იყო, მაგრამ ძალიან მაღალი საფეხბურთო კლასი ჩანდა. გამეორებაზე ნახეთ, საყრდენ ფეხს როგორ ტოვებს და ბურთს როგორ მალავს მეტოქის მცველისგან. ზუსტად ჩემს წინ ხდებოდა ეგ ამბავი და მაშინვე დავინახე, დარწმუნებული ვიყავი, რომ წითელი იყო. კორპუსი ისე დაუყენა, მეტოქეს ჯარიმის გარდა, სხვა არაფრის შანსი მისცა.

ზოგადად, სანიოლის გადაწყვეტილებამ, ეთამაშა ორი ფორვარდით, გაამართლა. ბუდუ უფრო საჯარიმოს ფორვარდი იყო და ორი ძალიან ფორვარდული გოლი შეაგდო. ჯერ კუთხურზე მეტოქე შეცდომის გამო დასაჯა და ბურთს სწორ დროს სწორ ადგილას დახვდა, შემდეგ კი ფლანგური ჩაწოდება დაკეტა. ბუდუს საჯარიმოს ფორვარდის ძალიან კარგი თვისებები აქვს. პირველ ტაიმშიც, მას შემდეგ, რაც ჩაკვემ დაუტოვა ქუსლით, ძალიან სწრაფად, მცველებს შორის შეყო ფეხი და ისე დაარტყა, რომ მეტოქეს არაფრის შანსი მისცა. სამწუხაროდ, მხოლოდ ძელი იყო. ბუდუს ფორვარდის ფეხი და ალღო აქვს. ერთი შეხება ყოფნის.

სანიოლს გაუმართლა მეორე გადაწყვეტილებამაც. ამჯერად შუა ხაზში. საქართველოს შუა ხაზი ხშირად იცვლება ხოლმე. ყველაზე რთულად პროგნოზირებადი რგოლია. სანიოლმა ჩემთვის ძალიან მოულოდნელად, საყრდენად, უფრო სწორად, იმ მოთამაშედ, რომელიც შეტევებს იწყებს და მთელი თამაშის ტემპს და რიტმს განკარგავს, ოთარ კიტეიშვილი დააყენა. მისგან მარჯვნივ ქოჩორაშვილი იდგა, მარცხნიდან კი - ჩაკვეტაძე. საკმაოდ შემტევი 3-5-2 გამოვიდა, მოედნის ცენტრში ნომინალური ჩამშლელი თითქოს არც იყო - სამი ისეთი ნახევარმცველი განლაგდა, რომლებიც ბურთთან კარგად არიან, მათ შორის ჩაკვეტაძე, რომელიც ნომინალურ ნახევარმცველზე მეტად უფრო თითქოს ათი ნომერია.

კიტეიშვილი იმით არის გამორჩეული, რომ ერთდროულად რამდენიმე პოზიციაზე თანაბრად კარგად თამაშობს - ფორვარდების უკანაც შეუძლია, ცოტა მარცხნივ ან მარჯვნივაც. ამჯერად მცველების წინ იდგა, ბურთის გათამაშება და შეტევის დაწყება მისი საქმე იყო. წინა თამაშებში ამ პოზიციაზე ქოჩორაშვილიც გვინახავს. ამჯერად ის უფრო მარჯვნივ განლაგდა. ამ გაცვლამ იმუშავა. საქართველო საკმაოდ კარგად იჭერდა ბურთს - 499-დან 437 ზუსტი პასი ჰქონდა (თითქმის 88 პროცენტი), მეტოქეს პრესინგის საშუალება არ მისცა და ლუქსემბურგი აიძულა, თამაშის დიდი ნაწილი (განსაკუთრებით პირველ ტაიმში) თავის ნახევარზე გაეტარებინა.

საქართველოს ჰქონდა სათამაშო უპირატესობა, პირველ ტაიმში მეტოქეს არაფრის საშუალებას აძლევდა და მართალია, თვითონაც ბევრს ვერ ქმნიდა, მაგრამ მეტოქეს აწვებოდა, ავიწროებდა და დამსახურებული 1:0-ით გავიდა შესვენებაზე.

ეს იმის შედეგიც იყო, რომ საქართველოს 3-5-2 მეტოქისთვის საკმაოდ უსიამოვნო სათამაშო სისტემა აღმოჩნდა. ამ სქემით საქართველოს ძალიან კარგი სიგანე, ანუ მოედნის ჰორიზონტალური დაფარვა ჰქონდა და ფლანგიდან ფლანგზე ბურთი საკმაოდ კარგად გადაჰქონდა, როგორც გრძელი გადაცემებით და დიაგონალებით, ასევე გათამაშებით. ასეთი ჰორიზონტალური შეტევის დროს კაკაბაძე ერთი-ერთზეც დარჩა. მეტოქეს დაცვაში სიგანე არ ეყო, თუმცა კაკაბაძემ კუთხიდან მეკარეს ვერ გაუტანა.

ლუქსემბურგი კლასიკური 4-3-3-ით თამაშობდა. კაკაბაძის და შენგელიას წინააღმდეგ თამაში მეტოქის ფლანგის შემტევებს უწევდათ, რადგან ფლანგის მცველებს არ სურდათ მაღლა ამოწევა და ცენტრალური მცველების ორი-ორზე დატოვება საქართველოს ფორვარდებთან. შედეგად, ლუქსემბურგს მთელი გუნდით უკან დახევა უწევდა და როდრიგეში, მათი ერთადერთი ფორვარდი, მარტო, იზოლაციაში, ფლანგის შემტევების დახმარების გარეშე რჩებოდა. პირველი ტაიმი მართლა სოლიდური იყო. ისიც ჩანდა, რომ ნაკრებმა იცოდა, ხვიჩას გარეშე როგორ შეეტია და მეტოქეს არაფრის საშუალებას აძლევდა. ლუქსემბურგმა პირველი ტაიმი ხეირიანი შეტევის და საქართველოს კარისკენ დარტყმის გარეშე დაასრულა. საერთოდაც, ჩვენს მესამედზე ორგანიზებულად მხოლოდ 7-ჯერ გადმოვიდა და მოსალოდნელი გოლების მაჩვენებელი, ე.წ. xG 0.00 ჰქონდა.

ზოგადად, სანიოლს ძალიან ხშირად აკრიტიკებენ ხოლმე. ხშირად შეიძლება სამართლიანად, მაგრამ რატომღაც ის აზრიც პოპულარულია, რომ საქართველოს ნაკრები თავისი კლასით და განვითარების დონით საკუთარ მწვრთნელს მნიშვნელოვნად აღემატება. ძალიან მეეჭვება. მაგალითად, რატომ არის ვაისი სანიოლზე უკეთესი მწვრთნელი?! საერთოდ არ მგონია, რომ არის. გუნდს აქვს სისტემა (3-5-2), რომლითაც სტაბილურად თამაშობს (სხვათა შორის, ვაისის დროს სისტემური თამაში ბევრად ნაკლებად ეტყობოდა გუნდს), გუნდის შიგნით კარგ განწყობასა და ატმოსფეროზე ყველამ ვიცით. სანიოლს კიდევ გარისკვა და მოულოდნელი გადაწყვეტილებები სჩვევია ხოლმე. ხან ეს არ მუშაობს. მაგალითად, ესპანეთთან თამაში მისთვის კატასტროფული იყო. თუმცა, ლუქსემბურგთან მისმა ტაქტიკურმა ცვლილებებმა იმუშავა. ზოგადად, რაღაცები მას აშკარად გამოსვლია.

მაგალითად, მისი მიგნებაა ლევან შენგელია მარცხენა ფლანგზე. შენგელია ფლანგზე ძალიან კარგია ხოლმე. დღესაც, მეორე გოლის დროს, მთავარი მისი პასი იყო. ძალიან ზუსტი და გამოზომილი გადაცემა შეასრულა. იქამდე მას სივრცე ჩაკვეტაძემ შეუქმნა თავისი დრიბლინგით. შეტევას იდეალური გეომეტრია ჰქონდა - ცენტრიდან მარცხნივ და იქიდან შორეულ ძელთან. ჩაკვეს მეტოქის კარის წინ ერთი-ორჯერ ცოტა დარტყმა თუ ბოლო პასი დააკლდა, თუ არ წაუვიდა, დანარჩენი იდეალური იყო. გუნდის თამაშს ხვიჩას არყოფნაში ის მართავდა. თან დაცვით ფუნქციებსაც კარგად ასრულებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფიზიკურად კარგ ფორმაშია.

კარგად შემოვიდა ზურიკო დავითაშვილიც. მეტოქის ნახევარზე სივრცეებს ძალიან კარგად იყენებდა. ისე ჩანს, რომ ის შიში, თითქოს ბორდოში თამაშიდან გამომდინარე, ზურიკო არცთუ საუკეთესო ფორმაშია, ნაკრებს არ ეხება. ზურიკო დინამიური და აგრესიული იყო. საბერძნეთთანაც გამოგვადგება.

რა არ მოგვეწონა?

ლუქსემბურგმა შეხვედრა 0.19 xG-ით დაასრულა. ანუ, ასე ხუთი თამაში უნდა ეთამაშა, რომ 1 გოლი შეეგდო. უკვე გითხარით, რომ საქართველომ მეტოქეს პირველ ტაიმში არაფერი გააკეთებინა. თუმცა, მეორე ტაიმის პირველი ათი წუთი ძალიან უსიამოვნო იყო. ტაიმის დასაწყისშივე ისე ჩანდა, რომ თითქოს საქართველომ ძალიან ადრე და იოლად დაიჯერა გამარჯვება. ქუსლი, ფეხებს შორის გატარების მცდელობა და პუბლიკაზე თამაში გამოჩნდა. არადა, ჯერ მხოლოდ 1:0 იყო. მეორეც, სანიოლის გუნდმა თითქოს ნაადრევად ჩამოიწია უკან. შოტლანდიასთან ამის გამო უკვე დავისაჯეთ. საქართველო არ ჩანს ისეთი გუნდი, მატჩის დიდი ნაწილი დაცვიდან ითამაშოს და არ გაუშვას. ახლაც, როგორც კი კაკაბაძე-შენგელიას დუეტი უკან ჩამოიწია, მეტოქის განაპირა შემტევებმა ფლანგიდან შეტევის საშუალება მიიღეს. ათ წუთში ორი მომენტი სწორედ ფლანგიდან შეტევას მოჰყვა.

მატჩის წინ ისიც დავწერეთ, რომ ლუქსემბურგს ეხერხება მომენტის ლოდინი და არაფრიდან, უცებ, ძალიან მაღალი რეალიზაციით გოლის შეგდება. ეს ჩვენს თავზეც ვიგრძენით. მეორე ტაიმის პირველ 10 წუთში ორი იდენტური მომენტი გავატარეთ, თანაც ისე, რომ მეტოქემ ეს მომენტები ძალიან იოლად, ბევრი წნეხის, ზეწოლის და მცდელობის გარეშე შექმნა. ორივე შემთხვევაში ფლანგურ გარღვევას სადღაც პენალტის ნიშნულთან დაბალი გადაცემა მოჰყვა. ერთხელ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა, მეორეჯერ კი - VAR-მა. ყურადღების დეფიციტის გარდა, უხეში შეცდომაც იყო. თუკი პირველი მომენტი ფლანგზე მეტოქის სისწრაფემ და ინდივიდუალურმა ოსტატობამ შექმნა, მეორეჯერ, არჩათვლილი გოლის დროს, ჩვენმა დაცვამ ძალიან უხეში შეცდომა დაუშვა. ამოწეული იყო დვალი და ასევე შენგელია. მარცხენა ფლანგზე ბევრი სივრცე დარჩა. 3-5-2-ით ანუ დაცვით ფაზაში 5 ჰორიზონტალურად განლაგებული მცველით რომ თამაშობ, ამხელა სივრცე არ უნდა დაგრჩეს. თან ასე მარტივად. საბერძნეთთან იმის ფუფუნება, რომ 10- წუთიანი მონაკვეთი ჩავაგდოთ და თუნდაც 1 უხეში შეცდომა დავუშვათ, არ გვექნება.

მეტი ნაკრების თემაზე

სხვა შემთხვევაში დაცვა კარგად იდგა. ძალიან კარგი თამაში ჰქონდათ გურამ კაშიას და სოლომონ კვერკველიას. ეგ არის დასანანი, რომ მეტოქეს თითქმის არაფრის უფლებას აძლევ და გოლის გაშვებასთან მაინც ასე ახლოს ხარ.

ის გოლი რომ ჩათვლილიყო, საქართველოსთვის ფსიქოლოგიურად გადაწყობა და ყველაფრის ახლიდან დაწყება, ძალიან რთული იქნებოდა. პირველად ცხოვრებაში, მადლობელი ვიყავი, რომ VAR არსებობს. ამ მომენტმა და წითელმა ბარათმა უკვე ლუქსემბურგი გატეხა.

დიდი საღამო

ფეხბურთი არის თამაში, რომელიც მართლა ცხოვრებაზე დიდია. ის ყველას და ყველაფერს აერთიანებს. ჩვენს რეალობაში სხვამ რამ შეიძლება ქვეყანა ასე გაეერთიანოს, არ ვიცი. გულშემატკივარმა სტადიონი თითქმის საათით ადრე გაავსო. იმედიც ჩანდა და რწმენაც. ამ თაობის ნაკრების მთავარი მიღწევა ის არის, რომ გულშემატკივარი სტადიონზე სხვა განწყობით, თავდაჯერებით და სიხარულით მიდის. ზეიმის ატმოსფეროა. ლუქსემბურგთან თამაში მაინც ძალიან განსაკუთრებული იყო - აბსოლუტურად ელექტრონული, დამუხტული ტრიბუნები და განცდა, რომ მართლა 12 ვართ 11-ის წინააღმდეგ. ეს ემოცია ნაკრებსაც ეტყობოდა. პირველსავე ათ წუთში მეტოქეს გუნდმაც და ტრიბუნებმაც აგრძნობინა, რომ გასვლაზე, სტუმრად თამაშობდა და რთული საღამო ელოდა.

მაყურებლის უპირატესობა მართლა სრულად გამოვიყენეთ. VAR-ზე რომ მსაჯი წავიდა გადასამოწმებლად, ტრიბუნების გარეშე, სხვა მოედანზე, აუცილებლად წავიდოდა!? ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული. ან იქნებ იქამდე მიქაუტაძის მაისურის მოქაჩვა დაენახა? სამაგიეროდ, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან არ უნდოდა მისი შეცდომის შემდეგ გასული გოლით თამაშის გაგრძელება აგრესიული ტრიბუნების თვალწინ.

ფეხბურთს ისიც შეუძლია, რომ ჩვენი თვითაღქმა შეცვალოს. წაგებული ქვეყნის და არგამართლების კი არა, გამარჯვების და წარმატების განცდა მოგვცეს. ბოლო პერიოდში მართლა რამდენიმე კარგი ნაბიჯი გადავდგით. როცა კადრში ილია თოფურიას და ხვიჩა კვარაცხელიას ერთად ხედავ, უნდა დაიჯერო, რომ გამარჯვება შეგიძლია, წარმატება შენია და შეუძლებელი არაფერია. კარგია, რომ ასეთი სიმბოლოები, ასეთი მომენტები გაგვიჩნდა.

ლუქსემბურგთან უნდა მოგვეგო აუცილებლად და შეიძლება, ვიღაცისთვის ეს საგმირო ამბავი კი არა, ნორმაა. სწორიც იქნება. ისიც ვიცით, რომ თუნდაც საშუალოზე მაღალ ევროპულ დონემდე ბევრი გვიკლია, მაგრამ შედეგთან ერთად დიდი ფეხბურთის საღამო რომ გამოვიდა, ეგ არის მნიშვნელოვანი. ერთი თამაშიც და ისტორია დაიწერება.

ფეხბურთი რა არის, ყველაზე მეტად მაშინ გამოჩნდა, კაშიამ რომ ჯაბას კაპიტნის სამკლავური გადაუგდო. ყველაფერი იყო მაგ მომენტში - პატივისცემაც, ღირსებაც, დაფასებაც, ადამიანურიც, სპორტულიც და ცხოვრებისეულიც. ამიტომ არის ყველაზე დიდი და ცხოვრებისეული თამაში. დღეს მოედანზეც და მის მიღმაც ის დღე იყო, როცა ყველას გვიხარია, რომ საქართველოს მოქალაქეები, ამ ქვეყნის შვილები ვართ. წინ ფინალია!

სრულად წაკითხვა