საქართველო და 7 ერი? უელსის ექსკაპიტანი: ეს მხოლოდ დროის საკითხია

1 month ago 50
  • სემ უორბარტონმა საქართველოს 6 ერში დამატების შესახებ ისევ ისაუბრა
  • უელსის ყოფილმა კაპიტანმა ამ ტურნირის ახალ ფორმატზეც ილაპარაკა

უელსის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, სემ უორბარტონი 6 ერის ტურნირის ახალ ფორმატზე და სამხრეთ აფრიკის ნაცვლად, მეშვიდე გუნდად საქართველოს ნაკრების დამატებაზე საუბრობს. უორბარტონი, რომელიც დიდი ხანია აღნიშნავს, რომ საქართველომ ევროპის საუკეთესო ტურნირზე მონაწილეობის მიღების შანსი უნდა მიიღოს, ამბობს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ დროის საკითხია.

"დროა, საქართველოს ნაკრები მეშვიდე გუნდად განვიხილოთ. სამხრეთ აფრიკა უკვე ახსენეს და ამ ქვეყნის გუნდები United Rugby Championship-თან ერთად, ჩემპიონთა თასზე და ჩელენჯ ქაფზე თამაშობენ. მაგრამ ჩემთვის სამხრეთ აფრიკული გუნდების URC-ში ყოფნა არ მუშაობს. ეს ძალიან შემთხვევითია. არ ვამბობ იმას, რომ მათ ღირებულებები არ შემოაქვთ - რა თქმა უნდა, ჩემპიონატს კარგი ხარისხის თამაშს სძენენ, მაგრამ მთლიანობაში ეს ჩემთვის უაზრობაა. ძალიან მომწონს მათი ჩემპიონთა თასზე და ჩელენჯ ქაფზე ყოფნა, რადგან, ვფიქრობ, რომ ევროპის საუკეთესო გუნდებისთვის მათ წინააღმდეგ ბრძოლა კარგია.

თუმცა, სამხრეთ აფრიკის შვიდ ერში ყოფნა ზედმეტია. სანამ აზრზე მოვალთ, ტურნირს ახალი ზელანდიაც დაემატება. საქართველო კი იქ უნდა იყოს. ეს გულანთებული სარაგბო ქვეყანაა, რომელიც სპორტის ამ სახეობაში ინვესტიციის სახით ყოველწლიურად 10 მილიონ ფუნტს დებს და საშუალოდ რაგბის ბიუჯეტი 14 მილიონ ფუნტს შეადგენს.

ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონები ზედიზედ მეშვიდედ, ჯამში კი მე-16-ედ გახდნენ

აზრი (გავარდნის სისტემაზე) იმიტომ არ შევიცვალე, რომ უელსმა ექვსი ერი ბოლო ადგილზე დაასრულა. ძალიან ბევრ ადამიანს ვესაუბრე სპორტის ადმინისტრაციებიდან, განსაკუთრებით მათ, ვინც ტელევიზიებში მუშაობენ. მაყურებლების თვალსაზრისით, დიდი სიამოვნებით ნახავდნენ გავარდნის სისტემას, რადგან ეს საოცარ დრამას შექმნიდა, მაგრამ არსებობს ერთი რისკი: ინგლისის დაქვეითება.

ინგლისს ისეთი რაოდენობის მაყურებელი მოჰყავს, რომ მათი თუნდაც ერთი სეზონით გავარდნა კომერციულად კატასტროფული იქნება. უფრო ეფექტური ვარიანტია ტურნირის მონაწილეების 7 გუნდამდე გაზრდა", - ამბობს უორბარტონი.

უელსის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა უელსისა და საქართველოს შესაძლო ტესტ-მატჩზეც გააკეთა კომენტარი: "უნდა ითამაშოს თუ არა უელსმა საქართველოსთან მას შემდეგ, რაც ქართველებმა ისინი 6 ერიდან არაოფიციალური დაქვეითების მატჩში გამოიწვიეს? რასაკვირველია, უნდა ითამაშონ."

ბოლოს საქართველო და უელსი ერთმანეთს მსოფლიოზე შეხვდნენ

საქართველოსა და უელსის ნაკრებთა დაპირისპირება მართლაც აქტუალური უნდა იყოს იმ ფონზე, რომ ბორჯღალოსნებმა მორიგ ჯერზე მოიგეს რაგბი ევროპის ჩემპიონატი, "დრაკონებმა" კი 6 ერში ყველა თამაში წააგეს და ე.წ. "ხის კოვზი" ერგოთ. აღნიშნულ ორ ტურნირს შორის აღზევება-დაქვეითების სისტემა რომ არსებობდეს, პლეი ოფში თამაში სწორედ საქართველოსა და უელსის ნაკრებებს მოუწევდათ.

სრულად წაკითხვა