
საქართველოს პირველი არხი და ევროპის მაუწყებელთა კავშირი ოფიციალურად აცხადებენ, რომ 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსი 13 დეკემბერს თბილისში, ოლიმპიური სასახლის მცირე დარბაზში გაიმართება.
საქართველო საბავშვო ევროვიზიას უკვე მეორედ მასპინძლობს. პირველად კონკურსი თბილისში 2017 წელს ჩატარდა. საქართველო საბავშვო ევროვიზიის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მონაწილე ქვეყანაა, მას ოთხჯერ აქვს კონკურსი მოგებული. მეოთხედ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი ამ პრესტიჟული ფესტივალის გამარჯვებული შარშან, 2024 წელს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გამართულ კონკურსზე გახდა – 11 წლის ანდრია ფუტკარაძემ სიმღერით „დედას“ („To my mom“) ევროვიზიის ისტორიაში რეკორდული 239 ქულა დაიმსახურა და ამ გამარჯვებით საქართველოს საერთაშორისო კონკურსის მასპინძლობის უფლება მოუპოვა.
2025 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსში, რომელიც რიგით 23-ეა, მონაწილეობენ 9-იდან 14 წლამდე შემსრულებლები. თითოეული მათგანი წარადგენს ორიგინალურ სიმღერას ახალგაზრდობის, მუსიკისა და მრავალფეროვნების აღსანიშნავად. კონკურსის სლოგანისა და მონაწილეთა შემადგენლობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
ნანა ძნელაძე
ამავე თემაზე: ანდრია ფუტკარაძემ საბავშვო ევროვიზიაზე გაიმარჯვა და საქართველოს რეკორდი დაუბრუნა (ვიდეო)
კიდევ ერთხელ მოუსმინეთ ანდრია ფუტკარაძის ცოცხალ შესრულებას 2024 წლის ევროვიზიაზე: