„ყველა ნივთი თბილისში დამრჩა“, - ამბობს ის.
26 წლის ჯავიდ აჰმედოვი 2024 წლის სექტემბრიდან სწავლობს თბილისში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში აშშ-ის მთავრობის დაფინანსებით სპეციალურ პროგრამაზე, რომელიც სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი.
„გასვლისას მითხრეს, ჯარიმა გაქვსო“
2025 წლის 24 აგვისტოს ის ბათუმიდან თურქეთში გადადიოდა, რა დროსაც ქართველმა მესაზღვრეებმა უთხრეს, რომ 5000 ლარით იყო დაჯარიმებული - თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გზის გადაკეტვის გამო.
„ვუთხარი, რომ თუ ჯარიმა მაკისრია, არ მინდა ქვეყნის დატოვება-მეთქი, მაგრამ მაინც ჩამირტყეს შტამპი პასპორტში და მითხრეს, რომ შემეძლო, ჯარიმა დაბრუნების შემდეგ გადამეხადა“, - ამბობს ის.
რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ აქციაში მონაწილეობას არ იღებდა და რუსთაველზე იმყოფებოდა, როგორც ჟურნალისტი. თან ჰქონდათ კამერაც.
დღეს დილას, 6 სექტემბერს, ის საქართველოში ბრუნდებოდა, - 8 სექტემბერს ფრენა ჰქონდათ ქუთაისიდან გერმანიისკენ, სადაც სტიპენდიით სასწავლებლად მიემგზავრება.
„ვერ შეგიშვებთო“
მისი ნაამბობის თანახმად, დაბრუნებისას საზღვარზე უთხრეს, რომ არათუ ხუთი, არამედ ათი ათასი ლარით იყო დაჯარიმებული, - მეორე ჯარიმაც ჰქონდა იმავე მიზეზით, - და რამდენიმე განსხვავებული სცენარი დაუსახეს:
- „ჯერ მითხრეს, ჯარიმას სრულად თუ გადაიხდი, შეგიშვებთო. ცოტა დრო ვითხოვე, რათა ჩემებს დავკავშირებოდი.
- შემდეგ, დაახლოებით 30 წუთში, მითხრეს, ჯარიმას თუ გადაიხდი, შეიძლება შეგიშვათო.
- საბოლოოდ კი მითხრეს, ჯარიმა სრულად რომც გადაიხადო, ქვეყანაში ვერ შეგიშვებთო“, - ეუბნება ჯავიდ აჰმედოვი რადიო თავისუფლებას.
დოკუმენტში, რომელიც საზღვის კვეთაზე უარის დასაბუთებისთვის მისცეს და რომელსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის „უფლებამოსილი თანამდებობის პირი“ აწერს ხელს, უარის თქმის საფუძვლად „სხვა მიზეზი“ წერია.
ჟურნალისტი და სტუდენტი 6 სექტემბერს გამთენიისას გააბრუნეს თურქეთში, უკან დასაბრუნებელი რეისით.
„ტენდენცია“
ამ მიზეზით ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი უცხოელ ჟურნალისტსა და აქტივისტს უთხრეს საქართველოში შემოშვებაზე უარი.
საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ ბოლოს 5 აგვისტოს გამოეხმაურა გსაქართველოში უცხოელი ჟურნალისტების არშემოშვების მორიგ ფაქტს და ეს „ტენდენცია“ დაგმო.
- მანამდე, 3 აგვისტოს, საქართველოში არ შემოუშვეს ფრანგი ფოტორეპორტიორი ჰიშამ ელ ბუმიდი, რომელიც პროევროპულ აქციებს აშუქებდა.
- „ვგმობთ ბოლო თვეებში ხუთზე მეტი ჟურნალისტისთვის დაწესებულ შესვლის აკრძალვებს - ავტორიტარიზმის ზრდის შემაშფოთებელი ნიშანი“, - წერდა საერთაშორისო ორგანიზაცია.
„ჩემს განათლებას შეუშალა ხელი“
სტუდენტი საქართველოში ცხოვრობდა - თბილისში ნაქივარებ ბინაში დარჩა ყველა სხვა ნივთი, რაც თურქეთში მოგზაურობისას თან არ წაუღია.
ამასთან, ამბობს, რომ ერთი წელი კიდევ უნდა ესწავლა GIPA-ში.
„ყველაზე რთული ნაწილი ამ გადაწყვეტილებისა არის გავლენა ჩემს განათლებაზე. შეიძლება, რომ ვერ მოვიპოვო მაგისტრის ხარისხი, - საბოლოო გამოცდებისას ადგილზე ფიზიკურად უნდა ვიყო“, - დაწერა მან Linkedin-ზე.
„ერთადერთი პოზიტიური ის არის, რომ ამ სემესტრში გერმანიაში ვისწავლი, ერასმუსის გაცვლითი პროგრამით, ბოლო სემესტრში კი სამაგისტრო ნაშრომი უნდა დავწერო“, - წერს ის.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში ის ხაზს უსვამს, რომ მესაზღვრის დამოკიდებულება აგრესიული გახდა მას შემდეგ, რაც მის პასპორტში აშშ-ის ვიზა იხილა: „აგრესია ძალიან აშკარა იყო“, - ამბობს ის.