ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი აცხადებს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი „დე ფაქტო შეჩერებულია“ და გაგრძელდება თუ ხელისუფლება კურსს შეიცვლის.
„გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია. ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა: სახეზეა დემოკრატიის სერიოზული უკუსვლა, კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზია და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა“, - განაცხადა კომისარმა კოსმა 4 ნოემბერს ბრიუსელში.
მცირე ხნით ადრე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ოფიციალურად გადასცა ანგარიში 2026 წლის გაფართოების შესახებ - სადაც საქართველო კვლავ მკაცრადაა გაკრიტიკებული.
„ევროპული გზა ღია რჩება, თუ საქართველოს ხელისუფლება კურსს შეიცვლის და კვლავ დაუბრუნდება ერთგულებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებებისადმი“, - განაცხადა მარტა კოსმა.
„ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი ჩვენი მხარდაჭერა უცვლელია“, - განაცხადა მან.
ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის 2026 წლის ანგარიშში საქართველოზე ნათქვამია, რომ:
- ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი კვლავ შეჩერებულია;
- საანგარიშო პერიოდში საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს ნაბიჯები ევროკომისიის რეკომენდაციებში განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის შესასრულებლად;
- ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა.
დემოკრატიული უკუსვლის გაგრძელების გამო, ევროკომისია გაწევრიანების მოლაპარაკებების თავებთან დაკავშირებით ახალ რეკომენდაციებს აღარ გასცემს, გარდა ფუნდამენტური რეფორმების სფეროებისა.
ევროკომისიის განცხადებით, საქართველომ წინა ანგარიშში, უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში, გაცემული რეკომენდაციების თითქმის არცერთი არ შეასრულა.
radiotavisupleba ახალი ამბები