სამხრეთი კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უარყვეს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განმარტება, რომ კიევის მიერ სეულისთვის ჩრდილოკორეელი სამხედრო ტყვეების გადაცემა კონფიდენციალური არ უნდა ყოფილიყო და შესაბამისად, უკრაინულ მხარეს არანაირი შეთანხმება არ დაურღვევია.
სამხრეთი კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 27 სექტემბერს ღრმა წუხილი გამოხატა უკრაინის მიერ ინფორმაციის ცალმხრივად, წინასწარი კონსულტაციების გარეშე გამჟღავნებისა და კიევის ცრუ უარყოფის გამო, რომ კონფიდენციალურობის დაცვაზე შეთანხმება არ ყოფილა.
სეულში მიიჩნევენ, რომ ეს აზიანებს ურთიერთნდობას და ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს. სამხრეთი კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, განიხილავენ საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ზომების მიღებას.
სააგენტო Reuters-მა კომენტარისთვის მიმართა სეულში უკრაინის საელჩოს, თუმცა პასუხი არ მიუღია.
- უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 23 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ახლახან უკრაინამ სამხრეთი კორეას გადასცა ორი ჩრდილოკორეელი სამხედრო ტყვე.
ჩრდილოეთი კორეის ხელისუფლებამ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში დასახმარებლად სამხედრო მოსამსახურეები 2024 წელს გაუგზავნა მას შემდეგ, რაც უკრაინის თავდაცვის ძალებმა სამხედრო ოპერაცია დაიწყეს რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში.
სეულის და კიევის უთანხმოება
უკრაინის მიერ ინფორმაციის საჯაროდ გამჟღავნება გააკრიტიკა სამხრეთი კორეის პრეზიდენტმა ლი ჯე მიონმა.
მან 24 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე ზელენსკის გამოსვლის შემდეგ, კიევი დაადანაშაულა ფაქტის საიდუმლოდ შენახვაზე მიღწეული შეთანხმების დარღვევაში და განაცხადა, რომ ჩრდილოკორეელი ტყვეების რეპატრიაციის საკითხი უკიდურესად დელიკატურია და შესაძლოა, სერიოზული შედეგები ჰქონდეს დიპლომატიისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის.
სამხრეთი კორეის პრეზიდენტის შეფასებით, მან, ვინც პირადი პიარის გამო ფაქტი საჯარო გახადა, ანგარიში არ გაუწია სხვადასხვა გარემოებას, მათ შორის ორი კორეის ურთიერთობების მდგომარეობას.
გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე უკრაინის პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდლის, დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის, ვალერი ზალუჟნის მედია-მრჩეველმა ოკსანა ტოროპმა ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა, რომ კიევს და სეულს ჰქონდათ შეთანხმება, არ გაემჟღავნებინათ უკრაინის მიერ სამხრეთი კორეისთვის ჩრდილოკორეელი ტყვეების გადაცემა.
ტოროპის პოსტს მოჰყვა უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, დმიტრო ლიტვინის კომენტარი, რომ მსგავსი შეთახმება არ არსებობდა.
პრეზიდენტ ზელენსკის ოფისში გამოცემა „რბკ-უკრაინას“ განუცხადეს, რომ კიევს ფაქტის დამალვის პირობა არავისთვის მიუცია და როცა საქმე ტყვეებს ეხება, არასდროს არაფერს მალავენ.
გამოცემა Korea JoongAng Daily-ის წყაროთა თანახმად, კიევმა სეულს წინასწარ შეატყობინა, რომ შეთანხმების მიუხედავად, პრეზიდენტი ზელენსკი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე იტყოდა ორი ჩრდილოკორეელი სამხედრო ტყვის გათავისუფლების შესახებ.
სამხრეთი კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 27 სექტემბერს განაცხადეს, რომ სეულისთვის ჩრდილოკორეელი ტყვეების გადაცემის საიდუმლოდ შენახვა თავად კიევის მოთხოვნა იყო, რათა მათ გათავისუფლებას უკრაინაში არ გამოეწვია კრიტიკა, რომ ხელიდან გაუშვეს უკრაინელ ტყვეებში მათი გაცვლის შესაძლებლობა.
სეულის თანახმად, ფაქტის საიდუმლოდ შენახვას დასთანხმდნენ თავად ტყვეებისა და მათი ოჯახების უსაფრთხოების ინტერესების და საკითხის დიპლომატიური და ჰუმანიტარული ასპექტების გათვალისწინებით.
radiotavisupleba ახალი ამბები