სილის გაწვნისთვის არ შეიძლება ადამიანი სისხლის სამართლის წესით ისჯებოდეს – გურამ იმნაძე

7 hours ago 1

სოციალური სამართლიანობის ცენტრის მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი გურამ იმნაძე განმარტავს, რატომ არის მზია ამაღლობელის მიმართ წარდგენილი უსაფუძვლო. იურისტის განცხადებით, არ შეიძლება ადამიანი სილის გაწვნის სისხლის სამართლის წესით ისჯებოდეს.

როგორც იმნაძე განმარტავს, სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს სპეციალურ მუხლი – მე-7 მუხლი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ – რომლის მიხედვითაც, დანაშაულის ნიშნების ფორმალურად არსებობის შემთხვევაშიც კი, თუკი ქმედება უმნიშვნელოა, არ შეიძლება მისი ჩადენის გამო ადამიანი სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს.

“ამ შემთხვევაში კი სილის გაწვნას არათუ მცირე მნიშვნელობა ჰქონდა, ის მხოლოდ სიმბოლური რეაქცია იყო პოლიციელის იმ ქმედებაზე, რასაც მანამდე ჰქონდა ადგილი მზიას თუ სხვა მოქალაქეების მიმართ სამართალდამცავების მხრიდან. შესაბამისად, შეუძლებელია ეს ქმედება სისხლის სამართლის ისეთ დანაშაულად განვიხილოთ, რომელიც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მესმის, რომ ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსი სახიფათოდ ბუნდოვანი ტერმინოლოგიით არის დაწერილი და ფართო ინტერპრეტაციების შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც უამრავი არგუმენტი არსებობს, რატომაც ეს ბრალდება უსაფუძვლოა. ერთ-ერთ ასეთ არგუმენტს თავად სისხლის სამართლის კოდექსივე გვაძლევს: კოდექსის 325-ე მუხლი დასჯადად აცხადებს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმას, ნორმის დისპოზიციაში კი თავდასხმად მიჩნეულია პირის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან საკუთრების ხელყოფა. ტერმინოლოგიურად ხომ შეუძლებელია, ერთ შემთხვევაში კოდექსი თავდასხმად სხვა რამეს გულისხმობდეს, მეორეში კი – სხვას”, – განმარტავს გურამ იმნაძე.

საკითხის განხილვისას იგივე მუხლი მოიშველია პარტია “გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამაც.

“სისხლის სამართლისთვის არ შეიძლება მორალური იყოს ის, რაც ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ამორალურია”, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.

სრულად წაკითხვა