კატარი შეერთებულ შტატებისთვის მდიდრული საჩუქრის – კატარის სამეფო ოჯახის კუთვნილი, „მფრინავი სასახლის“ სახელით ცნობილი Boeing 747-8 ტიპის თვითმფრინავის გადასაცემად ემზადება. ის დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დასრულებამდე ახალ საპრეზიდენტო ბორტად იქნება გამოყენებული. ამის შესახებ ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკვე ემზადება კატარის სამეფო ოჯახისგან ულტრალუქს კლასის Boeing 747-8 თვითმფრინავის მისაღებად. შესაძლოა ეს საჩუქარი ყველაზე ძვირად ღირებული იყოს, რაც კი ოდესმე უცხო ქვეყნის მთავრობას შეუთავაზებია შეერთებული შტატებისთვის.
ABC News-ის წყაროებმა Associated Press-ს განუცხადეს, რომ თვითმფრინავი ტრამპის პრეზიდენტობის დასრულებამდე ახალ Air Force One-ად იქნება გამოყენებული, რის შემდეგაც ის მისი ბიბლიოთეკის ფონდს გადაეცემა.
როგორც კატარში განაცხადეს, თვითმფრინავს კატარის თავდაცვის სამინისტრო პენტაგონს გადასცემს, რის შემდეგაც მოხდება მისი აღჭურვა უსაფრთხოების ფუნქციებითა და მოდიფიკაციებით.
საჩუქრის შესახებ, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გამოცხადდება, როდესაც ტრამპი მეორე ვადის განმავლობაში პირველი საზღვარგარეთული ტურნეს ფარგლებში კატარს ეწვევა.
ცნობილია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა თებერვალში ვესტ-პალმ-ბიჩის აეროპორტში უკვე დაათვალიერა ეს თვითმფრინავი.
კითხვები საჩუქრის კანონიერებასთან დაკავშირებით
გამოცემა წერს, რომ კატარიდან მიღებული საჩუქარი უპრეცედენტოა და კითხვებს აჩენს მის კანონიერებასთან დაკავშირებით. ისმის კითხვა, შეუძლია თუ არა აშშ-ის მთავრობას და შემდგომში საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ფონდს უცხო ქვეყნისგან ასეთი ძვირფასი საჩუქრის მიღება. გარდა ამისა, ახლო აღმოსავლეთში ტრამპის კერძო საქმიანი ურთიერთობების ზრდასთან ერთად, ეთიკის, გავლენისა და ეროვნული უსაფრთხოების შესახებაც ჩნდება კითხვები.
თუმცა, წყაროების ცნობით, თეთრი სახლისა და იუსტიციის დეპარტამენტის იურისტებმა თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთისთვის იურიდიული ანალიზი მოამზადეს. ანალიზში მოცემულია დასკვნა, რომ თავდაცვის დეპარტამენტს უფლება აქვს, მიიღოს საჩუქარი და შემდეგ გადასცეს ის ტრამპის ბიბლიოთეკის ფონდს.
წყაროების თქმით, რადგან საჩუქარი პრეზიდენტის რაიმე ქმედებასთან არ არის დაკავშირებული, ის ქრთამად არ ითვლება. ვინაიდან თვითმფრინავი გადაეცემა სამთავრობო უწყებას და არა ფიზიკურ პირს, ეს არ არღვევს აშშ-ის კონსტიტუციას.
რა არის ცნობილი ულტრალუქს კლასის თვითმფრინავის შესახებ
ექსპერტები თვითმფრინავის ღირებულებას დაახლოებით 400 მილიონ დოლარად აფასებენ, კომუნიკაციების დაცვის დამატებითი აღჭურვილობის გამოკლებით.
თვითმფრინავი თავდაპირველად აშშ-ის საჰაერო ძალებს გადაეცემა, რომელიც 13 წლის თვითმფრინავს პრეზიდენტის უსაფრთხოების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მოამზადებს. L3Harris-მა უკვე მიიღო კონტრაქტი თვითმფრინავის მოდერნიზაციისთვის.
ამჟამინდელი №1 ბორტები ძველი Boeing 747-200-ებია, რომლებიც 1990 წლიდანაა ექსპლუატაციაში. 2018 წელს შეკვეთილი ახალი თვითმფრინავების მიწოდება იგვიანებს და ისინი მხოლოდ 2029 წლიდან გამოჩნდება, ამ დროისთვის კი ტრამპი პრეზიდენტი აღარ იქნება, თუმცა ამ უკანასკნელს წელსვე სურს ახალი თვითმფრინავი.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი პირველი საგარეო ვიზიტით საუდის არაბეთს, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა. იგი სამშაბათს, 13 მაისს თავდაპირველად საუდის არაბეთში ჩავა. თეთრი სახლის განცხადებით, ვიზიტისას ყურადღება გამახვილდება ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებაზე.
მანანა ბანძელაძე